ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები.

1

ხილვა ეგჳპტისა, აჰა, უფალი ზის ღრუბელსა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგჳპტედ. და შეიძრნენ ჴელითქმნულნი ეგჳპტისანი პირისაგან მისისა და გულნი მათნი იძლინენ მათ შორის.

2 ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს. 2 და ზედაღდგენ მეგჳპტელნი მეგჳპტელთა ზედა და ებრძოლოს კაცი ძმასა თჳსსა და კაცი მოყვასსა თჳსსა, ქალაქი ქალაქსა ზედა და შჯული შჯულსა ზედა.
3 დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის თათბირს; კერპებს, მჩხიბავებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს დაუწყებენ ძებნას სამკითხაოდ. 3 და შეშფოთდეს სული მეგჳპტელთა მათ შორის და განზრახვა მათი განვაქარვო და ჰკითხვიდენ ღმერთთა მათთა და ქანდაკებულთა მათთა და ქუეყანითმჴმობელთა და მუცლითმეზღაპრეთა,
4 ჩავაგდებ ეგვიპტელებს სასტიკი ბატონის ხელში და მტარვალი მეფე იხელმწიფებს მათზე, ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი. 4 და მივსცე ეგჳპტე ჴელთა კაცთა უფალთა ფიცხელთასა და მეფენი ფიცხელნი ეუფლნენ მათ, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ მეფე:
5 წყალი დაწყდება ზღვაში, ნილოსი დაიწრიტება და დაშრება, 5 და სუმიდენ მეგჳპტელნი წყალსა ზღჳსკიდისასა, ხოლო მდინარე მოაკლდეს და განჴმეს.
6 მდინარეები ამყრალდება, დაიკლებს და დაშრება ეგვიპტის არხები, დაჭკნება ლელი და ლერწამი. 6 და მოაკლდენ მდინარენი და მთხრებლნი მდინარისანი და განჴმეს ყოველი შესაკრებელი წყლისა და ყოველი ძირი ლელწმისა და ჭილისა და მდელოჲ.
7 გადაშიშვლდება მდინარეთა ნაპირები და მდინარეთა შესართავები, გადახმება ჭალებში ნათესი, განქარდება და გაცამტვერდება. 7 ნედლი ყოველი გარემოს მდინარისა და ყოველი დათესული მდინარისა ძლით განჴმეს ქარისმხრწნელობითა.
8 დაღონდებიან მეთევზეები, აკვნესდებიან მდინარეში ანკესის მსროლელნი და წყლებზე ბადეთა გამშლელნი დაიწყებენ გოდებას. 8 და სულთ-ითქმიდენ მეთევზურნი და სულთ-ითქმიდენ ყოველნი შთამგდებელნი სამჭედურისანი მდინარედ, და შთამყრელნი ბადეთანი და მესათხევლენი იგლოვდენ.
9 შერცხვებიან ვარცხნილი სელის მკეთებელნი და მაქმანების მქსოველნი. 9 და სირცხჳლმან შეიპყრნეს მოქმედნი სელისა ღებულისანი და მოქმედნი ბისსონსა.
10 დაილეწება მისი დაზგები, ქირის მუშები დამწუხრდებიან. 10 და იყვნენ მოქმედნი ამათნი სალმობასა შინა და ყოველნი მოქმედნი სასუმელთანი შეწუხნენ და სტკიოდიან გულნი.
11 შეიშალნენ ცოყანის მთავრები, გაცუდდა ფარაონის ბრძენი მრჩევლების თათბირი. როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა შვილი ვარ მე, აღმოსავლეთის მეფეთა შვილიო? 11 და სულელ იქმნეს მთავარნი ტანეოჲსსა, ბრძენნი თანამზრახვალნი მეფისანი, და იყოს განზრახვა მათი სულელ, ვითარ ეტყჳთ მეფესა ძენი გულისხმისმყოფელთანი: ჩუენ ძენი მეფეთა დასაბამითგანთანი?
12 სად არიან შენი ბრძენები, რომ გამცნონ და გაგაგებინონ, რა გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს? 12 სადა არიან აწ ბრძენნი შენნი? და მიგითხრან შენ და თქვან: რასა განიზრახავს უფალი საბაოთ ეგჳპტესა ზედა?
13 გაბრიყვდნენ ცოყანის მთავრები, მოტყუვდნენ ნოფის მთავრები. შეაცდინეს ეგვიპტე მისი ტომების თავკაცებმა. 13 მოაკლდეს მთავარნი ტანეოჲსნი და ამაღლდეს მთავარნი მემფისანი და აცთუნებენ ეგჳპტესა ტომობათაებრ.
14

რეტი დაასხა მათ უფალმა და აატორტმანეს ეგვიპტე ყველა საქმეში, როგორც რწყევისას ტორტმანებს მთვრალი.

14

რამეთუ უფალმან განუზავა მათ სული ცთომილებისა და შეაცთუნა ეგჳპტე ყოველთა შინა საქმეთა მათთა, ვითარც შესცთების მთრვალი და მთხევარი ერთბამად.

15 არაფერი ექნება ეგვიპტეს გასაკეთებელი, რისი გაკეთებაც თავსა და კუდს, შტოსა და ღეროს შეეძლება. 15 და არა იყო მეგჳპტელთათჳს საქმე, რომელმან ყო თავი და ბოლო, დაწყებაჲ და დასასრული.
16 იმ დღეს დიაცებივით იქნებიან ეგვიპტელები, შეშინდებიან და დაფრთხებიან ცაბაოთ უფლის ხელის მოქნევისგან, მათზე რომ მოიქნევს ხელს. 16 მას დღესა იყვნენ მეგჳპტელნი, ვითარცა დედანი ძრწოლასა შინა და შიშსა პირისაგან უფლისა საბაოთისა, რომელი მან ზედადასდვას მათ.
17 შიშისზარად ექცევა ეგვიპტეს იუდას მიწა; ყველას, მის გამხსენებელს, შეაძრწუნებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, მასზე რომ განაჩინა. 17 და იყოს სოფელი იუდეანთა მეგჳპტელთათჳს საშიშად; ყოველმან, რომელმანცა მათგანმან სახელ-სდვას, შეშინდენ განზრახვისათჳს, რომელი უფალსა ღმერთსა საბაოთს განუზრახავს მას ზედა.
18 იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი. 18 მას დღესა იყვნენ ქალაქნი ხუთნი ეგჳპტეს შინა მზრახვალნი ენითა ქანანურითა და მფუცავნი სახელსა უფლისა საბაოთისსა - ქალაქი ასედეკ ეწოდოს ერთსა ქალაქსა,
19 იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან. 19 მას დღესა იყოს საკურთხეველი უფლისაჲ სოფელსა მეგჳპტელთასა და ძეგლი საზღვარსა მისსა თანა.
20 იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშად და სასწაულად ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეღაღადეს უფალს დამთრგუნველთა გამო და მოუვლენს უფალი მაცხოვარს და პატრონს და იხსნის მათ. 20 და იყოს სასწაული საუკუნოდ უფლისა სოფელსა ეგჳპტისასა, რამეთუ ღაღადებდენ უფლისა მიმართ მაჭირვებელთა მათთათჳს, და მოუვლინოს მათ უფალმან კაცი, რომელმან აცხოვნნეს იგინი, სასჯელით აცხოვნნეს იგინი.
21 გამოეცხადება უფალი ეგვიპტელებს და შეიცნობენ ეგვიპტელები უფალს იმ დღეს; შესწირავენ მსხვერპლსა და ძღვენს, აღუთქვამენ აღთქმებს და აღასრულებენ კიდეც. 21 და საცნაურ იყოს უფალი ეგჳპტელთა და იცნან ეგჳპტელთა უფალი მას დღესა შინა და შეწირონ მსხუერპლი, ძღუენსა და აღუთქმიდენ აღთქმათა უფალსა და აღუსრულებდენ.
22 დაჰკრავს უფალი ეგვიპტეს, დაჰკრავს და განკურნავს კიდეც; მიიქცევიან უფლისაკენ, შეიწყნარებს მათ და განკურნავს. 22 და დასცეს უფალმან მეგჳპტელთა წყლულებაჲ და განკურნნეს იგინი. და მოიქცენ უფლისა მიმართ და შეისმინოს მათი და განკურნნეს იგინი კურნებითა.
23 იმ დღეს გზა გავა ეგვიპტიდან აშურამდე და ივლის აშური ეგვიპტეში და ეგვიპტე აშურში; დაემონება ეგვიპტე უფალს აშურთან ერთად. 23 მას დღესა იყოს გზა ეგჳპტით ასსურასტანელთა მიმართ და შევიდენ ასსურასტანელნი ეგჳპტედ და მეგჳპტელნი წარვიდენ ასსურასტანელთა მიმართ და ჰმონებდენ მეგჳპტელნი ასსურასტანელთა.
24 იმ დღეს მესამე იქნება ისრაელი ეგვიპტესთან და აშურთან ერთად; კურთხევა იქნება ქვეყნის შუაგულში, 24 მას დღესა იყოს მესამედი ისრაილისა მეგჳპტელთა შორის და ასსურასტანელთა შორის კურთხეულ ქვეყანასა შინა,
25 რადგან ბრძანებს კურთხევას ცაბაოთ უფალი: კურთხეულ იყოს ჩემი ერი ეგვიპტე, ჩემ ხელთა ქმნილება აშური და ჩემი სამკვიდრო ისრაელი. 25 რომელსა აკურთხა უფალმან საბაოთ მეტყუელმან: კურთხეულ არს ერი ჩუენი ეგჳპტეს შინა და ასსურასტანელთა შორის და სამკჳდრებელი ჩემი ისრაილ.