ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან.

1

ხილვაჲ უდაბნოსა ზღვისა, ვითარცა ნიავქარი უდაბნოსა განვიდეს უდაბნოდ მომავალისა ქვეყანისაგან საშინელისა, ხოლო საშინელ არს ჩუენებაჲ.

2 სასტიკი ხილვა გამომეცხადა: დამარბეველი არბევს და მძარცველი ძარცვავს. შეიმართე, ელამო, შემოადექ, მიდიავ! ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას. 2 და ფიცხლად მომეთხრა მე: შეურაცხისმყოფელი შეურაცხ-ჰყოფს, უშჯულოქმნილი უშჯულოებს ჩემდამო. ელამიტელნი და მოციქულნი სპარსთანი - ჩემდამო მოვლენ. აწ სულთ-ვითქუნე და ნუგეშინის-ვიცე ჩემ ზედა.
3 ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ. 3 ამისთჳს აღივსნეს წელნი ჩემნი დაჴსნისა მიერ და სალმობათა შემიპყრეს მე, ვითარცა მშობიერი. ვჰმძლავრე არასმენად, ვისწრაფე არახედვად.
4 გული მითრთის, მზარავს შიში, სიამის საღამო ძრწოლად გადამექცა. 4 გული ჩემი შეცთომილ არს, უშჯულოება ჩემი დაანთქამს. სული ჩემი განჰკრთა შიშად.
5 ტაბლა გაშლილია, დაგებულია საგებელი; ჭამენ და სვამენ. აღდექით, მთავარნო, გაპოხეთ ფარები! 5 განამზადეთ ტაბლაჲ, განამსტურეთ სამსტუროჲ. სუთ, ჭამეთ. აღდგომილთა მთავართა განმზადეთ ფარები.
6 რადგან ასე მითხრა უფალმა: მიდი, დააყენე დარაჯი. გამოაცხადოს, რასაც დაინახავს! 6 რამეთუ ესრეთ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, თავი შენი დაადგინე მსტოარად და, რომელიცა იხილო, მიუთხარ.
7 ხედავს ეტლიონს, დაწყვილებულ ცხენოსნებს, სახედართა ეტლიონს, აქლემების ეტლიონს. აკვირდება, გულისყურით აკვირდება. 7 და ვიხილენ მჴედარნი საჴედართა ორთა: მჴედარი ვირისა და მჴედარი აქლემისა. ისმინე სასმენელი მრავალი და მიხადე ურიას სამსტუროდ უფლისა, და თქვა:
8 იყვირა მჭვრეტელმა; საყარაულო კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები. 8 დავდეგ სრულსა შინა დღესა საჴუმილავსა ზედა ჩემსა და ბანაკისა ზედა ჩემისა დავდეგ მე სრულსა ღამესა.
9 აჰა, მოდის ეტლიონი, დაწყვილებული ცხენოსნები! კვლავ თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი და ყველა კერპი მისი ღმერთებისა მიწას დაენარცხა. 9 და აჰა, იგი მოვალს მჴედარი ორბისა. და მიმგებელმან თქვა: დაეცა ბაბილონი და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი და ჴელითქმნულნი მისნი შეიმუსრნეს ქვეყანად მიმართ.
10 ჩემო გალეწილო და განიავებულო, რაც ცაბაოთ უფლისგან, ისრაელის ღვთისგან, გავიგონე, ის გამოგიცხადეთ. 10 ისმინეთ დაშთომილთა და სალმობიერთა ისმინეთ, რომელნი მესმნეს უფლისა საბაოთისაგან, რომელნი ღმერთმან ისრაელისამან მომითხრნა ჩვენ.
11 დუმას განაჩენი. მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის რომელია? ყარაულო, ღამის რომელია? 11 სიტყუა იდუმეასა: ჩემდამო ჴმობდ სიერით გამო: სცევდ არდაბაგთა, რასა ჰვალალაებ მცველი ღამითგან? ვთქუ:
12 ამბობს ყარაული: დილა დგება და ღამეა მაინც. თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით! 12 მცველი მოვიდა განთიად და ღამეცა. უკეთუ ეძიებთ, მოიქეცით, მოვედით და ჩემ თანა დაემკვიდრენით მაღნარსა შინა.
13 არაბთა განაჩენი. არაბთა ტყეში გაათიეთ ღამე, დედანის ქარავნებო! 13 სიტყვა არაბიასათჳს მაღნარსა: მაღნარსა შინა მწუხრი დაიძინონ გზასა ზედა დედანისსა, შემთხუევასა შინა.
14 წყალი მიაგებეთ მწყურვალებს, თემას ქვეყნის მკვიდრნო, პურით დახვდით ლტოლვილებს. 14 წყურიელსა წყალი მოართვით, დამკჳდრებულთა სოფლისა შორის თემანისსა, პური მიაგებეთ მლტოლვარეთა,
15 რადგან მახვილებს გაექცნენ, გალესილ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდს და ბრძოლის სასტიკებას. 15 სიმრავლისათჳს მლტოლვარეთასა და სიმრავლისათჳს ცთომილთასა და სიმრავლისათჳს მახჳლისა და სიმრავლისათჳს მორთხმულთა მშვილდვათაჲსა და სიმრავლისათჳს დაცემულთასა ბრძოლასა შინა,
16 რადგან ასე მითხრა უფალმა: ერთ წელიწადში, ქარავნობის ვადაში, ბოლო მოეღება კედარის მთელ დიდებას. 16 რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: მერმეცა წელიწადი, ვითარცა წელიწადი მოსასყიდლისა, მოაკლდეს დიდება ძეთა კედარისა,
17 მცირეღა იქნება მამაც კედარელ მშვილდოსანთა დანარჩომი, რადგან უფალს, ისრაელის ღმერთს აქვს ნაბრძანები. 17 და ნეშტი მშჳლდვათა რისხვისა ძლიერთა ძეთა კედარისათა იყოს მცირე, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაელისამან ესრეთ ზრახა.