ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
      ხილვა ტჳროსისა
1

ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას.

1

ვალალაებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდეს, და არღა მერმე მოვლენ ქუეყანისაგან კიტიელთასა, მოიყვანნეს ტყუენი.

2 დადუმდით, ზღვისპირეთის მცხოვრებნო, და შენ, ვინც ივსებოდი ზღვათა დამლახველი ციდონელი ვაჭრებით! 2 ვისსა მსგავს იქმნნეს დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა? ვაჭარნი ფინიკიათა, წიაღმვლელნი ზღჳსანი წყალსა ზედა მრავალსა,
3 დიდი წყლებით მისდიოდა შიხორის მარცვალი ნილოსის ნამკალი - მისი ჭირნახული, და იყო ხალხების ბაზარი. 3 თესლი ვაჭართა მათ, ვითარცა სალეწავისა შემოღებულისა, მფრდელნი ნათესავთა.
4 გრცხვენოდეს, ციდონო! რადგან ზღვამ თქვა, ზღვის ძალა ამბობს: სალმობაში არ ვყოფილვარ და არც მიშვია, ვაჟკაცები არ გამომიკვებავს და ქალწულები არ გამიზრდია. 4 რცხუენოდენ სიდონსა, - თქუა ზღუამან, - ხოლო ძალმან ზღჳსამან თქუა: არა მელმოდა, არცა ვშობდ, არცა აღვზარდენ ჭაბუკნი, არცა აღვამაღლენ ქალწულნი.
5 როგორც კი მიაწევს ხმა ეგვიპტემდე, შეძრწუნდებიან ტიროსის გამო. 5 ხოლო ოდეს სასმენელ იქმნეს ეგჳპტისა, მიიხუნეს იგინი სალმობამან ტჳროსისა ძლით.
6 თარშიშში წადით, ივალალეთ, ზღვისპირეთის მცხოვრებნო! 6 წარვედით კარქიდონად, ვალალაებდით დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა.
7 ეს არის თქვენი მოზეიმე ქალაქი, რომელსაც ძველ დღეებში აქვს დასაბამი? საკუთარი ფეხით გადაიხვეწება შორეთში! 7 არა იგი იყო გინებაჲ თქუენი პირველითგან პირველ მიცემად მისდამდე. წარიყვანებდენ მას ფერჴნი მისნი შორიელად გარდასახლებად.
8 ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, გვირგვინთა მიმნიჭებელს, რომლის ვაჭრები მთავრები არიან და მისი სოვდაგრები - ქვეყნის დიდებულნი? 8 ვინ განიზრახა ესენი ტჳროსსა ზედა? ანუ კნინებ არსა, ანუ ვერ ძალუც? ვითარცა ვაჭარნი მისნი მთავარნი ქანანისანი და მფრდელნი მისნი დიდებულ ქუეყანისანი.
9 გაბაოთ უფალმა გადაუწყვიტა ეს, რომ გაეცუდებინა ყოველი მშვენების სიამაყე და დაემცირებინა ქვეყნის დიდებულნი. 9 უფალმან საბაოთ განიზრახა განქარვებად გინება დიდებულთა და უპატივო-ყოფად ყოველი დიდებული ქუეყანასა ზედა.
10

გადაიარე ნილოსივით შენი მიწა, თარშიშის ასული, სხვა გასასვლელი აღარ არის!

10

იქმოდე ქუეყანასა შენსა, და რამეთუ ნავნი არა მერმეცა მოვლენ კარქიდონით.

11 ხელი მოუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხე-სიმაგრენი. 11 ხოლო ჴელი შენი არღა მერმე შემძლებელ არს ზღჳსა მიმართ განმაძჳნებელი მეფეთა, უფალმან საბაოთ ამცნო ქანანისათჳს წარწყმედად ძალი მისი.
12 თქვა: ვეღარ იზეიმებ, ციდონის ქალწულო, დათრგუნულო, ადექი, ქითიმში გადადი, მაგრამ იქაც არ გექნება საშველი. 12 და თქუან: არღა მერმე არა შევსძინოთ გინებად და მძლავრებად ქალწული, ასული სიდონისაჲ, არამედ აღჴდე ფერჴითა ზღუასა და უკეთუ მიხვიდე კიტიელთამი, არცა მუნ იყოს განსუენება შენი.
13 აჰა, ქალდეველთა ქვეყანა! ადრე არ იყო ეს ხალხი. აშურმა დააფუძნა ის ველურთაგან. მიადგეს კოშკები და დაამხეს მისი სასახლეები, ნანგრევებად აქციეს. 13 და ქუეყანად ქალდეველთად ერი არღარა დაშთა; ასური დაემკჳდრა და წარტყუენეს იგინი, რამეთუ ზღუდე მისი დაეცა.
14 ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან იავარქმნილა თქვენი სიმტკიცე! 14 ვალალებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდა სიმაგრე თქუენი.
15 იმ დღიდან იქნება, რომ არავის ემახსოვრება ტვიროსი სამოცდაათ წელიწადს ერთი მეფის ზეობის კვალობაზე. სამოცდაათი წლის ბოლოს აუხდება ტიროსს მეძავის სიმღერა. 15 და იყოს მას დღესა შინა, დატევებულ იქმნეს ტჳროსი წელთა სამეოცდაათთა, ვითარცა ჟამსა მეფისა ერთისასა, ვითარცა ჟამსა კაცისასა. და იყოს შემდგომად სამეოცდაათთა წელთასა, იყოს ტჳროსი, ვითარცა ჴმანელობა მეძვისა.
16 აიღე ქნარი, მოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო; დაუკარ ტკბილად, ბევრი იმღერე, რომ გაგიხსენონ! 16 მიიღე ქნარი, იშუებდ ქალაქი მეძავი დატევებული, კეთილად მექნარეობდ, მრავლად ჴმანელობდ, რაჲთა საჴსენებელი შენი იქმნეს.
17 სამოცდაათი წლის თავზე მოხედავს უფალი ტვიროსს და ისიც დაიბრუნებს თავის გასამრჯელოს; დაიწყებს ბოზობას ქვეყნიერების ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე. 17 და იყოს შემდგომად სამეოცდათთა წელთასა, მოხედვა-ყოს უფალმან ტჳროსისა და კუალად მოეგოს პირველებრვე. და იყოს სავაჭრო ყოველთა მეფობათა მკჳდროვნისათა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
18 მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული. არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ. 18 და იყოს ვაჭრობა მისი და სასყიდელი წმიდაჲ უფლისაჲ; არა სამისოდ შეკრებულ იქმნეს, არამედ დამკჳდრებულთად წინაშე უფლისა. იერუსალიმს შინა იყოს ყოველი ვაჭრობა მისი ჭამად და სუმად და გაძღომად დასანიშნავად საჴსენებელისა წინაშე უფლისა.