ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ.

1

აჰა, უფალი განჰხრწნის მკჳდროანსა და მოაოჴროს იგი და გამოაცხადოს პირი მისი და განთესავს დამკჳდრებულთა მის შორის.

2 რა ერი და რა მღვდელი მაშინ, რა ყმა და რა მისი ბატონი, რა მოახლე და რა მისი ქალბატონი, რა მყიდველი და რა გამყიდველი, რა მოვალე და რა მევალე, რა მსესხებელი და რა მევასხე! 2 და იყოს ერი, ვითარცა მღდელი, და ყრმა, ვითარცა უფალი, და მჴევალი, ვითარცა უფალა. და იყოს მსყიდელი, ვითარცა გამსყიდელი, და მოვასხე, ვითარცა მავასხებელი, და თანამდები, ვითარცა რომლისა თანა-ედვას.
3 მთელი ქვეყანა გაპარტახდება და პირწმინდად გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა. 3 ხრწნილებით განიხრწნას ქუეყანა და ტყუეობით წარიტყუენოს ქუეყანა, რამეთუ პირმან უფლისამან თქუნა ესენი.
4 დამწუხრდა, დაღონდა ქვეყანა; დაჭკნა, დაღონდა სოფელი, დაჭკნენ ქვეყნიერთა დიდებულნი. 4 იგლოვა ქვეყანამან და განიხრწნა მკჳდროანი, იგლოვეს მაღალთა ქუეყანისათა.
5 წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა. 5 და ქუეყანამან იუშჯულოა დამკჳდრებულთა ზედა მისთა მით, რამეთუ თანაწარჰჴდეს შჯულსა და შეცვალნეს ბრძანებანი, განიქარვეს აღთქუმა საუკუნო.
6 ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი და მცირენიღა გადარჩნენ. 6 ამისთჳს წყევამან შეჭამოს ქუეყანა, რამეთუ ცოდეს დამკჳდრებულთა მისთა. ამისთჳს გლახაკნი იყვნენ მკჳდრნი შორის ქუეყანისა და დაშთენ კაცნი მცირენი.
7 გამწარდა მაჭარი, დაჭკნა ვაზი, კვნესის ყველა გულმხიარული. 7 იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან, სულთ-ითქუნენ ყოველთა მოხარულთა სულითა.
8 გაცუდდა დაფდაფთა მხიარულება, შეწყდა მოზეიმეთა ყიჟინა, გაცუდდა ქნარის მხიარულება. 8 დაცხრომილ არს სიხარული ბობღანთა, დაცხრომილ არს თავჴედობა და სიმდიდრე უთნოთა, დაცხრომილ არს ჴმა ქნარისა.
9 აღარ მღერიან ღვინის სმისას, გაუმწარდა თაფლუჭი მის მსმელს. 9 სირცხჳლეულ იქმნეს, არ სუმიდეს ღჳნოსა, მწარე იქმნა მსუმელთათჳს თაფლუჭი.
10 დაინგრა ნარბევი ქალაქი, გამოიკეტა ყველა სახლი, ვერავინ შედის. 10 მოოჴრდა ყოველი ქალაქი, დაიკლიტნენ სახლებნი არშესლვად.
11 ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან. 11 ვალალაებდით ღჳნისათჳს ყოვლით კერძო, დაცხრომილ არს ყოველი სიხარული ქუეყანისა, წარვიდა ყოველი შუება.
12 უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე. 12 და დაშთომილ იქმნენ ქალაქნი ოჴერნი და სახლნი დატევებულნი წარწყმდენ.
13

რადგან ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის დროს, როგორც მცვრევის დროს, როცა დამთავრებულია რთველი.

13

ესე ყოველნი იყვნენ ქუეყანისა შორის საშუალ წარმართთასა, ვითარსახედ უკეთუ ვინ მოიკუფხლნენ იგინი და უკეთუ დასცხრეს მსთულებელი.

14 ხმას იმაღლებენ და ყიჟინებენ, ზღვიდან დასძახიან უფლის დიდებას. 14 ესენიცა ჴმითა ყიოდიან, რამეთუ დაშთომილნი ქუეყანასა ზედა იშუებდენ ერთბამად დიდებითა უფლისათა, რამეთუ აღიმღრუეს წყალი ზღჳსა მის შორის.
15 ამიტომ ადიდეთ უფალი აღმოსავლეთში და უფლის, ისრაელის ღვთის სახელი - ზღვისპირეთში. 15 ამისთჳს დიდება უფლისა ჭალაკთა შორის იყოს ზღჳსათა, მათ შორის სახელი უფლისაჲ დიდებულ იყოს. უფალო, ღმერთო ისრაილისაო!
16 ქვეყნის კიდიდან გვესმის გალობა: დიდება მართალს! მაგრამ მე ვთქვი: ვაგლახ მე! ვაგლახ მე! ვაი მე! მზაკვარნი მზაკვრობენ, მზაკვარნი ზაკვით იმოსებიან. 16 ფრთეთაგან ქუეყანისათა ნიშნი გუესმნეს სასოებად კეთილმთნობისა. და თქვა: საიდუმლო ჩემი მე და ჩემთა. და იტყჳან: ვაჲ შეურაცხმყოფელთა, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ შჯულსა.
17 შიში, ხარო და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო! 17 შიში და მთხრებლი და მახე იყოს თქუენ ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანასა ზედა.
18 შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება; რადგან გაიღება ცათა სარკმელები და მიწის საფუძვლები შეზანზარდება. 18 და იყოს, რომელი ევლტოდის შიშსა, შთავარდეს მთხრებლსა, ხოლო თანაწარსრული მთხრებლისაგან შეპყრობილ იქმნეს მახისა მიერ, რამეთუ სარკუმელნი ცისანი განეხუნენ და შეიძრნენ საფარველნი ქუეყანისანი.
19 ფეთქებით აფეთქდა დედამიწა, ნაფოტებად დანაფოტდა დედამიწა, დამხობით დაემხო დედამიწა. 19 შფოთებით შეშფოთდეს ქუეყანა და წარწირვით წარიწიროს ქუეყანა (მიდრკა).
20 მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება. 20 და შერყევით შეირყიოს ქუეყანა, ვითარცა მთრვალი და მებრუე. და შეიძრას, ვითარცა ხილისსაცავი, ქუეყანა. და დაეცეს და ვერ ეძლოს აღდგომად, რამეთუ განძლიერდა მის ზედა უსჯულოება.
21 მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე. 21 და იყოს მას დღესა შინა, მოაწიოს უფალმან სამკაულსა ზედა ცისასა ჴელი მისი და მეფეთა ზედა ქუეყანისათა.
22 შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან. 22 და შეკრიბნენ და შეაწყუდინენ სიმაგრესა შინა შესაკრებელი მისი და საპყრობილესა შინა, მრავალთა ნათესავთა ძლით მოსახილავი იყოს მისი.
23 მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას. 23 და დადნეს ალიზი და დაეცეს ზღუდე. და სირცხჳლეულ იქმნეს მთოვარე და კდემულ იქმნეს მზე, რამეთუ განმეფნეს უფალი სიონს შინა და იერუსალიმს შინა და წინაშე მოხუცებულთასა იდიდოს.