ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვაი არიელს, არიელს, ქალაქს, დავითი სადაც დაბანაკდა! მიუმატე წელიწადს წელიწადი, ერთმანეთს მიჰყვეს დღესასწაულები. |
1 |
ვაჲ ქალაქსა არიილსა, რომელსა დავით ებრძოლა, შეკრიბენით ხუარბალნი წელიწდისანი წელიწადსა ზედა, რამეთუ შჭამოთ მოაბსა თანა, |
2 | შევაჭირვებ არიელს, ატყდება ვაი და ვიში და არიელად შეიქნება ჩემთვის. | 2 | რამეთუ ვაჭირვო არიილსა. და იყოს ძალი მისი და სიმდიდრე ჩემდა. |
3 | ბანაკად შემოგადგები ირგვლივ და კოშკებს შემოგავლებ, გოდოლებს აღვმართავ შენს წინააღმდეგ. | 3 | და მოვადგე შენ ზედა, ვითარცა დავით, და განვაწყო შენთჳს პატნეზი. და დავადგინე შენთჳს გოდოლნი. |
4 | ჩაიფლობი, მიწიდან დაიწყებ ლაპარაკს და ჩაიხშობა შენი ნათქვამი, ლანდივით ამოვა შენი ხმა მიწიდან და მტვერიდან აჩურჩულდება შენი ნათქვამი. | 4 | და დამდაბლდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად და დაჴდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად მიმართ, და იყოს, ვითარცა მჴმობელნი ქვეყანით გამო, ჴმა შენი და იატაკისა მიმართ ჴმა შენი მოუძლურდეს. |
5 | მტვრის კორიანტელივით იქნება შენი ურიცხვი მტერი და განიავებულ ბზესავით - ურიცხვი მტარვალი. მოხდება უცბად ანაზდეულად. | 5 | და იყოს, ვითარცა მტუერი ურმისთვალისაგან, სიმდიდრე უთნოთა და ვითარცა ბრე მიმოღებული. |
6 | ცაბაოთ უფალი გამოგეცხადება გრგვინვით და მიწისძვრით და მაღალი ხმით, ქარიშხლით და გრიგალით და შემჭმელი ცეცხლის ალით. | 6 | და იყოს, ვითარცა წერტილი, მეყსა შინა უფლისა მიერ საბაოთისა, რამეთუ ზედმოხედვა იყოს ქუხილისა თანა და ძრვის, და ჴმისა დიდისა ნიავქარი მომავალი და ალი ცეცხლისა შემჭამელი. |
7 | სიზმარივით, ღამეულ ჩვენებასავით იქნება არიელზე გალაშქრებული დიდძალი ხალხი და ყველა, ვინც თავს ესხმის მას და მის ციხე-სიმაგრეებს, ვინც მას აჭირვებს. | 7 | და იყოს, ვითარცა ზმანებული ძილსა შინა, სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა ილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და ყოველთა გალაშქრებულთა ისრაილსა ზედა, და ყოველნი შეკრებულნი მის ზედა და მაჭირვებელნი მისნი. |
8 | როგორც მშიერს ესიზმრება, თითქოს ჭამდეს, გაეღვიძება და, აჰა, ცარიელი აქვს მუცელი; როგორც მწყურვალს ესიზმრება, თითქოს სვამდეს, გაეღვიძება და, აჰა, ღონემიხდილია და სწყურია მის სულს. ასე იქნება დიდძალი ხალხი, რომელიც თავს ესხმის სიონის მთას. | 8 | და იყვნენ, ვითარცა ძილსა შინა მსუმელნი და მჭამელნი, და აღ-რადგიან, ამაო იყვის სიზმარი მათი და ვითარსახედ იზმანებს წყურიელი ვითარცა მსუმელი, და აღ-რა-დგის, მერმე სწყურინვე, ხოლო სული მისი ცალიერად ესვიდა, ეგრეთ იყოს სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა განილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და მთასა სიონსა. |
9 | თავი გაიშტერეთ და გაშტერდით! თავი დაიბრმავეთ და დაბრმავდით! მთვრალები არიან, მაგრამ არა ღვინით, ბარბაცებენ, მაგრამ არა თაფლუჭით. | 9 | დაიჴსნენით და განჰკერთით და მებრუე იქმნენით არა თაფლუჭისაგან, არცა ღჳნისაგან, |
10 | რადგან გადმოღვარა თქვენზე უფალმა ძილქუშის სული და დაგიხუჭათ თვალები, წინასწარმეტყველნო, და დაგიფარათ თავები, მისნებო. | 10 | რამეთუ გუასვა ჩუენ უფალმან სული ლმობიერებისა. და დაუწუხნეს თვალნი მათნი და წინაწარმეტყუელთა მათთანი და მთავართა მათთანი, რომელნი ხედვენ ფარულთა. |
11 | იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა როგორც დაბეჭდილი წიგნის სიტყვები, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია წიგნი. | 11 | და იყვნენ თქვენდა ყოველნი ესე სიტყუანი, ეითარცა სიტყუანი წიგნისა ამის დაბეჭდულისანი, რომელნი-იგი მისციან კაცსა ზედმიწევნულსა წერილთასა და ჰრქუან: აღმოიკითხე ესე! და ჰქვის: ვერ ძალ-მიც აღმოკითხვად, რამეთუ დაბეჭდულ არს. |
12 | ეძლევა წიგნი წიგნის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს; არ ვიგი წიგნი. | 12 | და მიეცეს წიგნი ესე ჴელთა კაცისა არ ზედმიწევნულისა წერილთასასა და ჰრქვან მას: წარიკითხე ესე! და თქუას: არ ზედმიწევნულ ვარ წერილთა. |
13 |
თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება, |
13 |
და თქუა უფალმან: მახს მე ერი ესე, გაგებითა პატივ-მცემენ მე, ხოლო გული მათი შორს განყენებულ არს ჩემგან, და ამაოდ თნობენ ჩემდამო მასწავლელნი ნამცნებთა კაცთასა და მოძღუარებათა. |
14 | ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება. | 14 | ამისთჳს, აჰა, მე შევსძინო გარდაცვალვბა ერისა ამის და გარდავცვალნე იგინი, და წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისჴმის-ყოფა გულისჴმიერთა დავფარო. |
15 | ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი? | 15 | ვაჲ, რომელნი ღრმასა განზრახვასა ჰყოფენ და არა უფლისა მიერ. ვაჲ, რომელნი ფარულსა განზრახვასა ჰყოფენ და არიან ბნელსა შინა საქმენი მათნი, და იტყჳან: ვინ გჳლხინა ჩვენ? და ვინ გჳცნნეს ჩვენ, ანუ რომელთა ჩვენ ვჰყოფთ? |
16 | თქვე უკუღმართებო! თუ შერაცხილა თიხა მექოთნის სწორად? თუ უთქვამს შექმნილს შემქმნელისთვის, ან შეგიქმნივარო? თუ უთქვამს ნასახს დამსახველისთვის, გაგება არ გაქვსო? | 16 | არა ვითარცა თიჴა მეკეცისა შეირაცხოსა? ნუ ჰრქვასა აღზელილმან აღმზელელსა: არა შენ აღმზილე მე? ანუ შექმნულმან შემოქმედსა: არა გულისჴმიერად შემქმენ მე. |
17 | ცოტაც, სულ ცოტაც და გადაიქცევა ლიბანი ხოდაბუნად და ხოდაბუნი მაღნარად შეირაცხება. | 17 | არღა მერმე მცირედ ჟამისა, და გარდაიცვალოს ლიბანი, ვითარცა მთა ქერმელი, და მთა ქერმელი მაღნარად შეირაცხოს. |
18 | გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ. | 18 | და ისმენდენ მას დღესა შინა ყურნი სიტყვათა წიგნისათა და ბნელისშინანი და ნისლისშინანი თვალნი ბრმათანი ხედვიდენ. |
19 | ბედშავს მოემატება სიხარული უფალში და ღარიბი-ღატაკნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ. | 19 | და იშუებდენ გლახაკნი უფლისა მიერ მხიარულებით, და განწირულნი კაცთაგანნი სიხარულით. |
20 | რადგან აღარ იქნება მტარვალი და ბოლო მოეღება მაგინებელს, ამოწყდებიან ერთიანად ბოროტ საქმეზე მღვიძარენი; | 20 | მოაკლდა უშჯულოჲ და წარწყმდა ამპარტავანი და მოისრნეს, რომელნი უშჯულოებდეს უკეთურებასა ზედა, |
21 | რომლებიც სიტყვით აცთუნებენ ადამიანს, მახეს უგებენ კარიბჭესთან მომჩივანს და არაფრის გულისთვის აძევებენ მართალს. | 21 | და რომელნი მცოდველ-ჰყოფენ კაცთა სიტყვისა მიერ, ხოლო ყოველთა მამხილებელთა ბჭეთა ზედა საბრჴესა დაუდებენ, და გუერდქცეულყვეს უსამართლოთა მიერ მართალი. |
22 | ამიტომ ასე ეუბნება უფალი იაკობის სახლს, აბრაამის გამომსყიდველი: ამიერიდან არ იქნება შერცხვენილი იაკობი, ამიერიდან არ გაუფითრდება სახე. | 22 | ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი სახლსა ზედა იაკობისსა, რომელი განისაზღვრა აბრაჰამისგან: არსირცხჳლეულ იქმნეს აწ იაკობი, არცა პირი გარდაცვალოს აწ ისრაჱლმან, |
23 | რადგან როცა დაინახავს თავის მონაგარს, ჩემს ხელთა ქმნილებას, თავის წიაღში, წმიდაყოფენ ჩემს სახელს, წმიდაყოფენ იაკობის წმიდას და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ. | 23 | არამედ ოდეს იხილნენ შვილთა მათთა საქმენი ჩემნი ჩემთჳს, წმიდაყონ სახელი ჩემი, და წმიდა-ყონ წმიდაჲ იგი იაკობისი, და ღმერთსა ისრაელისასა ეშიშვოდიან. |
24 | ჭკუადაბნეულნი გონს მოეგებიან და ჭირვეულნი დაიმოძღვრებიან. | 24 | და ცნან სულითა ცთომილთა გულისხმის-ყოფა, ხოლო მდრტჳნავთა ისწაონ მორჩილება და ენათა ბრგვნილთა ისწავონ თქუმად მშჳდობა. |