ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს მოადგა სანხერიბი, აშურის მეფე, იუდას ყველა ციხე-ქალაქს და აიღო ისინი.

1

და იქმნა, ოთხდამეათესა წელსა მეფე-ყოფისა ეზეკიასსა აღმოვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, ქალაქთა ზედა იუდეასათა მაგართა და გამოიხუნა იგინი.

2 გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმისკენ მეფე ხიზკიაჰუსთან დიდძალი ჯარით; და დადგა იგი ზემო ტბორის წყალსადინართან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე. 2 და მიავლინა მეფემან ასსურასტანელთამან რაფსაკი ლაქისით იერუსალიმად, მეფისა მიმართ ეზეკიასსა ძალისა თანა მრავლისა და დადგა სლვასა თანა წყლისა საბანელისა ზენაჲსასა, შორის გზასა აგარაკისა მმურკნველისასა.
3 გავიდნენ მასთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე. 3 და გამოვიდა მისდა მიმართ ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და სომნა მწიგნობარი და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი.
4 უთხრა მათ რაბშაკემ: უთხარით ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ? 4 და ჰრქვა მათ რაფსაკმან: თქუთ სადმე ეზეკიას მიმართ, ამათ იტყჳს მეფე დიდი, მეფე ასსურასტანელთა: ვისსა მოსავ ხარ?
5 გეუბნები: განა მხოლოდ სიტყვები - თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას, ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ გადამიდექი? 5 ნუ განზრახვითა, ანუ სიტყუებითა ბაგეთათა იქმნების წყობაჲ? და აწ ვისსა მიმართ ესავ, რამეთუ ურჩ ხარ ჩემდა?
6 აჰა, მაგ გატეხილი ლერწმის - ეგვიპტის იმედი გაქვს, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს. 6 აჰა, მოსავ ხარ კუერთხისა მიმართ ლელწმისასა, შეფქულისა ამის ეგჳპტედ მიმართ, რომელსა მი-თუ-ვინ-ეყრდნას მის ზედა, შევიდეს ჴელად მისსა. ესე არს ფარაო, მეფე ეგჳპტისა, და ყოველნი მოსავნი მისდამი.
7 რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, გორაკები და სამსხვერპლოები რომ გაუუქმა ხიზკიაჰუმ და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანიო? 7 ხოლო უკეთუ იტყჳთ: ჩემდამო, უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა ვესავთ; არა იგი არსა, რომელსა მიუხუნა ეზეკიამან მაღალნი მისნი და საკურთხეველნი მისნი? და ჰრქვა: იუდასა და იერუსალიმს პირისპირ საკურთხეველისა ამის თაყუანის-ეცი.
8 ახლა მოდი და გაეჯიბრე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ათას ცხენს მე მოგცემ და, აბა, მხედრებს თუ იშოვი მათთვის. 8 აწ მოუჴედით უფალსა ჩემსა, მეფესა ასსურასტანელთასა, და მიგცე თქუენ ორათასი ცხენი, უკეთუ შეუძლოთ მიცემად მჴედართა მათ ზედა.
9 აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ? 9 და ვითარ შემძლებელ ხართ გარემიქცევად პირისა მიმართ ადგილთმთავრისა ერთისა, მრწემებ არიან მოსავნი მეგჳპტელთა მიმართ ცხენისა და მჴედრისა.
10 მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: დაეცი მაგ ქვეყანას და გაანადგურეო! 10 და აწ ნუ თჳნიერ უფლისა აღმოვედითა სოფელსა ამას ზედა ბრძოლად ამისსა? უფალმან თქვა ჩემდამო: აღვედ მის ზედა და განხრწენ იგი.
11 მიუგეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: ელაპარაკე შენს მორჩილთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან. 11 და თქუეს მისდა ელიაკიმ და სომნა და იოახ: ზრახევდ მონათა მომართ შენთა ასურებრ, რამეთუ გუესმის ჩუენ, და ნუ ჰზრახავ ჩუენდამო იუდეანებრ. და რად ჰზრახავ ყურებისა მიმართ კაცთა მდგომარეთასა ზღუდესა ზედა?
12

უთხრა მათ რაბშაკემ: მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამჯდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი ფსელი.

12

და თქვა რაფსაკმან მათდამი: ნუ უფლისა მიმართ თქუენისა, ანუ თქუენდა მიმართ მომავლინა მე უფალმან ჩემმან თქუმად სიტყვათა ამათ, არა კაცთა მომართ მსხდომარეთა ზღუდეთა ზედა, რაჲთა ჭამონ სკორე მათი და სუან ფსელი მათი თქუენითურთ ერთბამად?

13 დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: ისმინეთ სიტყვა დიდი მეფისა, აშურის მეფისა. 13 და დადგა რაფსაკი და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იუდიანებრ და თქვა: ისმინენით სიტყვანი მეფისა ასსურასტანელთასანი!
14 ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი. 14 ამათ იტყჳს მეფე: ნუ გაცთუნებსთ თქუენ იზეკია სიტყუებითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ჴსნად თქუენდა.
15 ნუ გაიმედებთ ხიზკიაჰუ უფლით, გვიხსნის უფალი და არ ჩაუგდებსო ხელში ამ ქალაქს აშურის მეფეს. 15 და ნუ გეტყჳნ თქუენ ეზეკია, ვითარმედ: გჳჴსნეს ჩუენ ღმერთმან და არა მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასათა.
16 ნუ დაუჯერებთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე; ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, სვას თავისი ჭის წყალი, 16 ნუ ისმენთ ეზეკიასსა. ამათ იტყჳს მეფე ასსურასტანელთა: უკეთუ გნებავს ქველმეტყუელების და გამოსლვად ჩემდამო, და ჭამეთ კაცად-კაცადმან ვვნაჴი თჳსი და ლეღუნი, და სუთ წყალნი ჯურღმულისა თქუენისა,
17 სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში. 17 ვიდრემდის მოვიდე და მიგიყვანნე თქუენ ქუეყანისა მიმართ, ვითარცა ქუეყანისა თქუენისა იფქლისა და ღჳნისასა, ქუეყანისა პურისა და ვენაჴთასა.
18 არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს, გვიხსნისო უფალი. რომელი ხალხის ღმერთს უხსნია თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან? 18 ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია მეტყუელი და გეტყჳნ: ღმერთმან მიჴსნნეს ჩუენ, ნუ იჴსნნესა ღმერთთა ნათესავთასა თითოეულმან სოფელი თჳსი ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა?
19 სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან? 19 სადა არს ღმერთი ემათისა და არფათისა, და სადა ღმერთი ქალაქისა სემფარუემისა? ნუ განარინოს სამარია ჴელისაგან ჩემისა?
20 რომელ ღმერთს უხსნია ამ ქვეყნების ღმერთთა შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას ჩემი ხელიდან იერუსალიმი? 20 ვინ არს ყოველთა ამათ ღმერთთაგანი, რომელმან განარინა ქუეყანა თჳსი ჴელისაგან ჩემისა? რამეთუ ღმერთმან თქუენმან იჴსნეს იერუსალიმი ჴელისაგან ჩემისა?
21 დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი. 21 და დადუმნეს და არა ვინ მიუგო მას სიტყვა ბრძანებისათჳს მეფისა არას მიგებად მისსა.
22 მივიდნენ ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული სამოსელით და მოახსენეს რაბშაკეს სიტყვები. 22 და შევიდა ელიაკიმ ქელკიასი, განმგე, და სომნა მწიგნობარი ძალისა და იოახ ასაფისი, მოსაჴსენებელთმწერალი, მომბძარველნი სამოსელთანი, ეზეკიას მიმართ და მიუთხრნეს მას სიტყუანი რაფსაკისნი.