ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეორმოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი.

1

ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, _ იტყჳს უფალი.

2 მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის. 2 მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალემისასა: ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლე მისი, რამეთუ დაჴსნილ არს ცოდვა მისი, რამეთუ შეიწყნარნა ჴელისაგან უფლისა მრჩობლნი ცოდვანი მისნი.
3 ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! 3 ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი.
4 ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება. ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება. 4 ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად.
5 გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს. 5 და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა:
6 ხმა ამბობს: ახარე. კითხულობს: რა ვახარო? ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი. 6 ჴმამან მღაღადებელისამან ჴმა-ყავ და თქუ: რაჲ ჴმა-ვყო? ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა.
7 ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როცა უფლის ქარი დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი. 7 განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა, რამეთუ სულმან უფლისამან განვლო მის შორის, რამეთუ მართლიად თივა არს ერი ესე.
8 გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ. 8 განჴმა თივა და ყუავილი დამოცჳვა, ხოლო სიტყვა ღმრთისა ჩუენისა ჰგიეს უკუნისამდე.
9 ადი მთამაღალზე, მახარობელო სიონო! აღიმაღლე შენი ხმაძლიერი, მახარობელო იერუსალიმო! აღიმაღლე, ნუ გეშინია! უთხარი იუდას ქალაქებს, აქ არის-თქო თქვენი ღმერთი! 9 მთასა ზედა მაღალსა აღვედ მახარებელი სიონისა, აღიმაღლე ძალითა ჴმაჲ შენი მახარებელმან იერუსალიმისამან. აღამაღლეთ, ნუ შეშინდებით მეტყუელნი ქალაქთა იუდაჲსთანი.
10 აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა, საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო. 10 აჰა, ღმერთი ჩუენი. აჰა, უფალი, უფალი ძალისა თანა მოვალს და მკლავი უფლებისა თანა. აჰა, სასყიდელი მისი მის თანა და საქმე წინაშე მისსა,
11

როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.

11

ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სასამწყსოსა მისსა და მკლავითა მისითა შეკრიბნეს კრავნი. და მუცელქმნულთა ნუგეშინის-სცეს.

12 ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე? 12 ვინ აღწყო ჴელითა წყალი და ცაჲ მტკავლითა და ყოველი ქუეყანა მჯიღითა? ვინ აწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა?
13 ვის დაუსაზღვრავს უფლის სული და ვინ განასწავლა ის თავისი რჩევით? 13 ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ მისსა იქმნა, რომელმანცა მოზავებულ-ყო იგი?
14 ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა? 14 ანუ რასამე მიმართ განაზრახა და მოაზავა იგი, ანუ ვინ უჩუენა მას მშჯავრი, ანუ გზაჲ გულისხმის-ყოფისა ვინ უჩუენა მას? ანუ ვინ წინაწარ მისცა მას, და ნაცვლად მიეგოს მას?
15 აჰა, სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე. აჰა, მტვერივით ახვეტავს კუნძულებს! 15 უკეთუ ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს და, ვითარცა ნერწყუა, შეირაცხნენ.
16 ლიბანი არ ეყოფა დასაწვავად და მისი მხეცები აღსავლენ მსხვერპლად! 16 ხოლო ლიბანე ვერ კმა არს საგზებელად და ყოველნი ოთხფერჴნი ვერ კმა ყოვლად დასაწუველად.
17 ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე, ფუჭად და ამაოდ შეირაცხებიან მის თვალში. 17 და ყოველნი წარმართნი, ვითარცა არარაჲ არიან და არარა სადმე შეირაცხნეს.
18 ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით? 18 ვის მიამსგავსეთ უფალი და რასა მსგავსებასა ამსგავსეთ იგი?
19 ხელოსნის ჩამოსხმულია კერპი, ოქრომჭედლისგან ოქროთი დაფერილი და ვერცხლის შიბებით შემკული. 19 ნუ ხატი შექმნა ხურომან? ანუ ოქრომჭედელმან, გამომდნობელმან ოქროსამან, მოოქროვილ-ყო იგი? მსგავსება შეჰმზადა იგი,
20 ვისაც ენანება ეს შესაწირავი, ულპობელ ხეს ირჩევს, და ეძებს მარჯვე ოსტატს ისეთი კერპის გასაკეთებლად, რომ არ ბარბაცებდეს. 20 რამეთუ ულპოლველსა ხესა გამოარჩევს ხუროჲ და სიბრძნით ეძიებს, ვითარ აღჰმართოს მისი ხატი? და რაჲთა არა იძრვოდის,
21

ნუთუ არ იცით, ნუთუ არ გსმენიათ, ნუთუ არ გემცნოთ დასაბამიდან? ნუთუ არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?

21

არა სცანთა, არა გესმაყე, არა მიგეთხრა დასაბამითგან თქუენ, არა სცნეთ საფუძველნი ქუეყანისანი?

22 ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად. 22 რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი და დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაადგინა, ვითარცა კამარა, ცაჲ და გადაართხნა, ვითარცა კარავი დამკჳდრებად,
23 არარაობად აქცევს მთავრებს, არაფრად აგდებს ქვეყნის მსაჯულებს. 23 რომელმან მისცნა მთავარნი არარასა მიმართ მთავრობად, ხოლო ქუეყანა, ვითარცა არარაჲ, შექმნა,
24 ის იყო დაინერგნენ, ის იყო ჩაითესნენ, ის იყო მიწაში ფესვი გაიდგეს, რომ დაუბერა მათ და გადახმენ, ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა. 24 რამეთუ არა ნუ სთესვიდენ, არცა არ დაჰნერგონ, არცა არ განძირნეს ქუეყანად ძირი მათი. მოჰბეროს მათ ზედა და განჴმეს, და ნიავქარმან, ვითარცა ქარქუეტნი, აღიხუნეს იგინი.
25 ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა. 25 აწ უკუე რასა მამსგავსეთ მე? და ავმაღლდე, იტყჳს წმიდაჲ,
26 ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს. 26 აღიხილენით სიმაღლედ მიმართ თვალნი თქუენნი, და იხილეთ, ვინ აჩუენნა ესე ყოველნი, გამომყვანებელმან რიცხჳსაებრ სოფლისა თჳსისამან. ყოველთა სახელით უწოდის მრავლისაგან დიდებისა და სიმტკიცისა ძლიერებისასა, არარა შეგცილდა შენ,
27 რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი? 27 რამეთუ ნუ იტყჳ, იაკობ, და რაჲ იზრახე, ისრაილ? დაეფარა გზა ჩემი ღმრთისაგან. და ღმერთმან ჩემმან მშჯავრი ჩემი მიმიღო და განმეშორა.
28 განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება. 28 და აწ არა სცნა, არა თუმცა გესმა ღმერთი საუკუნე, ღმერთმან, რომელმან შეჰმზადნა კიდენი ქუეყანისანი, არ მოემშიოს, არცა დაშურეს, არცა არს მოპოვნება ცნობიერებისა მისისა,
29 ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს. 29 მიმცემელი მშიერთა ძალსა და არლმობილთა მწუხარებასა,
30 იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან. 30 რამეთუ მშიერ იქმნენ ჭაბუკნი, და დაშურენ ჭაბუკანი, და რჩეულნი უძალო იყვნენ,
31 უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან. 31 ხოლო მოთმინეთა ღმრთისათა იცვალონ ძალი, ფრთეცენებულ იქმნენ, ვითარცა არწივნი; რბიოდიან და არა დაშურენ, ვიდოდიან და არ შეემშიოს.