ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მორჩილო, და ისრაელ, ჩემო რჩეულო!

1

ხოლო აწ ისმინე, იაკობ, ყრმაო ჩემო, და ისრაილ, რომელი გამოგირჩიე.

2 ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ: ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, და იეშურუნ, ჩემო რჩეულო. 2 ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ და გამოგზილა შენ მუცლითგან: მერმე შეგეწიო შენ, ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო, იაკობ, და შეყვარებულო ისრაილ, რომელი გამოგირჩიე,
3 რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს. 3 რამეთუ მე მივსცე წყალი წყურილსა შინა მავალთა შორის ურწყულისა, დავდვა სული ჩემი თესლსა ზედა შენსა და კურთხევანი ჩემნი შვილთა ზედა შენსა.
4 აღმოცენდებიან როგორც ჯეჯილი მდელოთა შორის, როგორც ტირიფები წყლისპირებზე. 4 და აღმოჰჴდენ, ვითარცა საშუალ წყლისა თივაჲ, და, ვითარცა ძეწნი, წარსადინელსა თანა წყლისასა.
5 ერთი იტყვის: უფლისა ვარ, მეორე იაკობის სახელს დაირქმევს; სხვა დაიწერს საკუთარ ხელზე - უფლისა და ისრაელის სახელით იქნება წოდებული. 5 ესრეთ თქუას: ღმრთისაჲ ვარ. და ესრეთ ჴმა-ყოს სახელსა ზედა იაკობისსა და სხუამან ზედაწარწეროს ჴელითა თჳსითა: ღმრთისაჲ ვარ და სახელსა ზედა ისრაილისსა ჴმა-ყოს.
6 ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. 6 ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მეფე ისრაჱლისა და მჴსნელი მისი, ღმერთი საბაოთ: მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა გარეშე არა არს ღმერთი.
7 ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი. 7 ვინ ვარ მე? დადეგინ, უწოდენ და განემზადენ, ოდითგან შევქმენ კაცი საუკუნესა და ზედმომავალნი მიგითხრნედ თქუენ.
8 ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი. 8 ნუ განჰკჳრდებით, ნუცა დაიბურვით, არა დასაბამითგან ყურად-იღეთ და მიგითხარ თქვენ? მოწამე თქუენ ხართ, უკეთუ არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა? და არა იყვნეს
9 კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან. 9 მწმასნელნი და მწერალნი ყოველნი ამაო მოქმედნი საწადელთა მათთანი, რომელთა არა არგონ მათ და თქვენვე ხართ მოწამენი მათნი, რამეთუ ვერა ხედვენ და ვერცა გულისხმა-ჰყოფენ, არამედ სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი.
10 ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის მაქნისი? 10 მწმასნელნი ღმერთთანი და მქანდაკებელნი ურგებსა,
11

აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან; შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად.

11

და ყოველნი, სადათ იქმნეს, განჴმეს და ყრუნი კაცთაგან; შეკრბედ ყოველნი და დადგედ ერთბამად. კდემულ იქმნენ და ჰრცხუენეს ყოველთა ერბამად,

12 რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხლებზე, კვერავს ჩაქუჩებით, ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შივდება და ძალა ეცლება; წყალს არ სვამს და ქანცი წყდება. 12 რამეთუ აღმახუა ხურომან რკინა, ეჩჳთა შექმნა იგი. და სხჳსა მიერ მოხუეწა იგი და შექმნა მკლავისა მიერ ძალისა თჳსისა, და მოემშიოს და მოუძლურდეს და არა სუას წყალი.
13 ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად. 13 გამომრჩეველმან ხურომან ხისამან აღჰმართა იგი განზომით. და სახოან-ყო იგი, მოწერით შექმნა იგი გამოყურვისა მიერ და შედგმულებისა მიერ შენაწევრა იგი. და შექმნა იგი, ვითარცა მსგავსება მამაკაცისა, და, ვითარცა შუენიერება კაცისა, დადგა იგი სახლსა შინა,
14 კედრებს გაჩეხავს, შეარჩევს ძელქვას ან მუხას და მოიმარაგებს ტყის ხეთა შორის; დარგავს კედარს და წვიმა გაზრდის. 14 რომელმან მოჰკუეთნა თავისა თჳსისად ნაძუნი და მოიღო ველისა რკოჲ და მუხაჲ და შეექცა მას. ხე მაღნარისაგან, რომელი დაჰნერგა უფალმან და წჳმამან განაგრძელა,
15 დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე. 15 რაჲთა იყოს საგზებელ კაცთა. და მომღებელი მისგან განტფა და აღმაგზებელთა შეაცხვნეს პურნი მათ ზედა, ხოლო ნეშტი შექმნეს ღმერთაებად და თაყვანის-სცემენ მათ.
16 მის ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხორცს ჭამს, მწვადს წვავს და ძღება; თბება კიდეც და ამბობს: ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო! 16 არა ნახევარი მისი დაწუა ცეცხლითა და შეაცხვნეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი? და შემწუველმან მას ზედა ჴორცისამან ჭამა და განძღა და განმტფარმან თქუა: მეჰამა, რამეთუ განვტეფ და ვიხილე ცეცხლი.
17 მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან ღმერთი ხარ ჩემიო. 17 ხოლო ნეშტი შექმნა ღმერთად ქანდაკებულად და თაყვანის-სცემს მას და ილოცავს მისდამი მეტყუელი: განმარინე მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარ შენ.
18 არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ. 18 ვერა იგრძნეს ცნობად, რამეთუ დაშვრეს ხედავად თვალებითა მათითა, და გულისხმის-ყოფად გულითა მათითა.
19 გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქეთ და არც გონება, რომ თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა განვერთხაო? 19 და არა ისიტყუა სულმან მათმან, არცა აგრძნა ცნობამან, ვითარმედ ნახევარი მისი დაწუა ცეცხლისა მიერ და შეაცხვნა ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი და შემწუველმან ჴორცისამან ჭამა და ნეშტი მისი საძაგელად შექმნა და თაყვანის-სცემენ მას.
20 ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში? 20 ცნედ, ვითარმედ ნაცარ არს გული მათი და სცთებიან. და ვერვის ძალ-უც განრინება სულისა თჳსისა. იხილეთ, არა სთქუათ, ვითარმედ სიცრუვე არს შორის მარჯუენისა ჩემისა.
21

გაიხსენე ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მორჩილი ხარ! ჩემი გამოსახული ხარ, ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, არ დამავიწყდები.

21

მოიჴსენენ ესენი, იაკობ და ისრაელ, რამეთუ ყრმა ჩემი ხარ შენ. აღგზილე შენ ყმად ჩემდა. და შენ, ისრაჱლ, ნუ დაივიწყებ ჩემსა,

22 ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე. 22 რამეთუ აჰა, აღვჴოცე, ვითარცა ღრუბელი, უშჯულოებანი შენნი და, ვითარცა ნისლი, ცოდვანი შენნი. მოიქეცი ჩემდამო და გამოგიჴსნა მე შენ.
23 გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა. 23 იშუებდით ცანი, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ისრაჱლი და ჰნესტუეთ საფუძველთა ქუეყანისათა. ჴმა-ყავთ მთათა მხიარულებაჲ, ბორცუთა და ყოველთა ხეთა მათშორისთა, რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, და ისრაელი იშუებდეს.
24 ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა, 24 ესრეთ იტყვის უფალი, მჴსნელი შენი და გამომზელი შენი მუცლითგან: მე ვარ უფალი, შემასრულებელი ყოველთა, გარდავართხ ცაჲ მარტომან და დავამყარე ქვეყანა.
25 რომელმაც ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია. 25 ვინ სხუამან განქარვნა სასწაულნი მუცლითმეზღაპრეთანი და მისნობანი გულითგამონი? მიმაქცეველმან ცნობილთამან მართლუკუნ და განზრახვისა მათისა სულელმყოფელმან,
26 რომელიც განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის მოციქულთა რჩევას განასრულებს, რომელიც ეუბნება იერუსალიმს: დასახლდები! და იუდას ქალაქებს: აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ! 26 და დამადგენელმან სიტყვასა ყრმისა მისისასა და განზრახვასა ანგელოზთა მისთასა ჭეშმარიტმქმნელმან, მეტყუელმან იერუსალიმისამან: მკჳდროან იქმენ! და ქალაქთა იუდეაჲსათამან: აღეშენენით და ოჴერნი მისნი აღმობრწყინდით!
27 რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს! 27 მეტყუელმან უფსკრულისამან: მოოჴრდი! და მდინარეთა შენთა განვაჴმობ, მეტყუელმან კჳროსისმან: ბრძნობდ! და ნებანი ჩემნი ყვნეს მეტყუელმან ივრუსალიმისამან: აღეშენე! და სახლი წმიდაჲ ჩემი დავაფუძნო.
28 რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!