ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი! |
1 |
დაეცა ბილ, შეიმუსრა დაგონ. იქმნეს ქანდაკებულნი მათნი მჴეცად და საცხოვრად აღიხუნენ იგინი შეკრულნი, ვითარცა ტჳრთი მაშურალისა და მშიერისა, |
2 | მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში წავიდნენ. | 2 | დაჴსნილისა, ვერშემძლებელისა ერთბამად, რომელნი ვერ შემძლებელ იქმნენ განრინებად ბრძოლისაგან, ხოლო იგინი თჳთ ტყუედ წარიხუნენ. |
3 | მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო: | 3 | ისმინეთ ჩემი, სახლო იაკობისაო და ყოველო ნეშტო ისრაჱლისაო, აღღებულთა მუცლითგან და განსწავლულთა სიყრმითგან |
4 | შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ. | 4 | ვიდრე სიბერემდე: მე ვარ და ვიდრემდის და-ცა-ჰბერდეთ, მევე ვარ, მიგითავსებ თქუენ. მე ვყავ და მე ულხინო, მე აღგამაღლნე და გაცხოვნნე თქუენ. |
5 | ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ, რომ ვემსგავსო? | 5 | ვის მამსგავსეთ მე? იხილეთ, მოიჴელოვნეთ ცთომილთა |
6 | ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლს სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ. | 6 | და შემკრებელთა ოქროსათა პავასიკისაგან ვეცხლსა სასწორისა მიერ, და აღსწონნეთ სასწორითა, და მომმიზდებელთა ოქროსმჭედლისათა შექმნნეს ჴელითქმნულნი და მოდრეკით თაყვანის-სცემენ მას. |
7 | მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება. | 7 | აღიღებენ მას მჴართა ზედა და ვლენან. და უკეთუ დადვან იგი მჴართა ზედა, ეგოს და არა შეიძრას, და ვინცავინ ჴმა-ყოს მისდამი, არ შეისმინოს, ძჳრთაგან ვერ იჴსნის იგი. |
8 | ეს გაიხსენეთ და გამაგრდით, გულთან მიიტანეთ, ცოდვილნო! | 8 | მოიჴსენენით ესენი და სულთ-ითქუენით, შეინანეთ, ცთომილნი, მოიქეცით გულითა. |
9 | გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი. | 9 | და გეჴსენნედ პირველნი საუკუნითგანნი, რამეთუ მე ვარ ღმერთი და არა სხვა თჳნიერ ჩემსა. |
10 | დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ. | 10 | მიმთხრობელი პირველად უკუანასკნელთა წინავე ქმნისა მათისა, და ერთბამად შესრულდა და ვთქუ: ყოველი განზრახვა ჩემი დამტკიცდეს და ყოველნი, რაოდენნი განმიზრახვან, ვყვნე. |
11 | გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან ონავარ ფრინველს, შორი ქვეყნიდან - ჩემი განზრახულის აღმსრულებელს; ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ. | 11 | მწოდებელნი აღმოსავალთათა მფრინველსა, და ქუეყანისაგან შორიელისა, რომელთათჳს განმზრახველი: და ვიტყოდეცა, და მოვიყვანე, და აღვაგე და ვყავ, მოვიყვანე იგი და წარვმართე გზა მისი. |
12 | მისმინეთ მე, გულგაკერპებულნო, სიმართლეს განშორებულნო! | 12 | ისმინეთ ჩემი, რომელთა წარგიწყმედიეს გული შორიელთა სიმართლისაგან. |
13 | მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის, და ჩემეული ხსნა არ დააყოვნებს. მე მივცემ ხსნას სიონს, და ისრაელს - ჩემს დიდებას! | 13 | მივაახლე სიმართლე ჩემი, და არღარა განშორდეს ჭეშმარიტება და მაცხოვარება ჩემმიერი არ მივამყოვრო, მივეც შორის სიონისა მაცხოვარება ისრაელისა სადიდებელად. |