ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისმინე ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო, იუდას წყლებიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო, ისრაელის ღმერთს რომ ახსენებთ, თუმცა არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით!

1

ისმინენით ესენი სახლმან იაკობისმან, წოდებულთა სახელსა ზედა ისრაილისასა და წელისაგან იუდასსა გამოსრულთა, რომელნი ჰფუცავთ სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაილისასა, მომჴსენებელნი არა ჭეშმარიტებით, არცა სიმართლით

2 რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან - ცაბაოთ უფალია მისი სახელი. 2 და მოსავნი სახელსა ქალაქისა წმიდისასა, და ღმრთისა მიმართ ისრაილისასა დამტკიცებულნი, უფალი საბაოთ, სახელი მისი.
3 თავიდანვე გავაცხადე წინანდელნი, ჩემი ძირიდან არის გამოსული. მე გამოვიტანე სააშკარაოზე; ანაზდად ვმოქმედებდი და სრულდებოდა. 3 პირველნი მერმე მიუთხრენ, და პირისაგან გამოვიდა და სასმენელ იქმნა, მეყსა შინა ვყავ და ზედ მოიწია.
4 რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი. 4 უწყი მე, ვითარმედ ფიცხელ ხარ, და ძარღუ რკინისა - ქედი შენი და შუბლი შენი - რვალისა.
5 მე გამცნე შენ თავიდანვე, გამოგიცხადე, ვიდრე ასრულდებოდა, რომ არ გეთქვა; ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო. 5 და მიგითხრა შენ ძუელადნი, პირველ მოსლვამდე შენ ზედა სასმენელ გიყავ, ნუ სადა სთქვან: კერპთა ჩემთა ყვეს ესე, არამედ რომელთა არა სთქვა: გამოქანდაკებულთა და გამომდნობელთა მამცნეს მე.
6 შენ მოგისმენია; ახლა იხილეთ ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებთ? ამიერიდან გიცხადებ ახალ ამბებს, დაფარულთ, რომლებიც არ იცოდი. 6 ისმინენით ყოველნი და თქუენ არა სცნენით, არამედ სასმენელ შენდა ვყვენ ახალნი ამიერითგან, რომელთა ეგულვების ქმნა.
7 ახლა ასრულდნენ ისინი და არა წინათ; დღემდე არაფერი გსმენიათ მათზე, რომ არ თქვათ: აჰა, ხომ ვიცოდიო. 7 და არა სთქვა: აწ იქმნების და არა ძუელად და არა პირველთა დღეთა ისმინენ იგინი, ნუ იტყჳ: ჰე, უწყნი იგინი.
8 არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონია გახსნილი; რადგან ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე. 8 არცა სცან, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან განახუენ ყურნი შენნი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შეურაცხ-მყოფელი შეურაცხ-ჰყოფ და უშჯულოდ მერმე მუცლითგანვე გეწოდოს.
9 ჩემი სახელის გულისათვის ვაყოვნებ რისხკას და ჩემი დიდებისათვის გარიდებ მას, რომ არ მოგსპო. 9 სახელისათჳს ჩემისა გიჩვენო შენ გულისწყრომაჲ ჩემი და დიდებულნი ჩემნი მოვაწინე შენ ზედა, რაჲთა არა მოგასრულო შენ.
10 აჰა, გამოგადნე, მაგრამ ვერცხლი არ გამოვიდა; სიმწრის ქურაში გამოგცადე. 10 აჰა, განყიდე შენ ვეცხლისათჳს, ხოლო განგარინო შენ საჴუმილისაგან სიგლახაკისა.
11 ჩემი თავისთვის, ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ. 11

თჳთ ჩემთჳს გიყო შენ, რამეთუ სახელი ჩემი შემწიკულებულ არს და დიდებაჲ ჩემი სხვასა არა მივსცე.

12

მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც.

12 ისმინე ჩემი, იაკობ და ისრაილ, რომელსა მე გიწოდ. მე ვარ პირველი და მე ვარ უკუნისამდე.
13 ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან. 13 და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან ჩემმან დაამყარა ცაჲ, უწოდო მე მათ და დადგენ ერთბამად.
14 შეიკრიბენით ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა იგი. აასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველებზე შემართავს მკლავს. 14 და შეკრბენ ერთბამად ყოველნი და ისმინონ, ვინ მიუთხრნა მათ ესენი? სიყვარულითა შენითა ვყავ ნება შენი ბაბილონსა ზედა აღებად თესლი ქალდეველთა.
15 მე, მე ვიყავი, რომ ვილაპარაკე; მოვუწოდე კიდეც, მოვიყვანე და გზა წარვუმართე. 15 მე ვთქუ და მე უწოდე; მოვიყვანე იგი და წარვჰმართე გზა მისი.
16 მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა. 16 მოიყვანენით და ისმინენით ესენი. არა დასაბამითგან დაფარულად ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქუეყანისა ბნელისასა. ოდეს იქმნა, მუნ ვიყავ. და აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი.
17 ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. 17 ესრეთ იტყჳს უფალი მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილისა: მე ვარ ღმერთი შენი, გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა შინა ხჳდოდი მას ზედა.
18 ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე. 18 და უკუეთუმცა გესმნნეს მცნებანი ჩემნი, ქმნილ იყომცა, ვითარცა მდინარე, მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი, ვითარცა ღელვანი ზღჳსანი.
19 ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით - შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს წინაშე. 19 და იქმნამცა, ვითარცა ქჳშა, თესლი შენი და ნაშობნი შენნი, ვითარცა მიწა ქუეყანისა. არცა აწ არა მოისრას, არცა წარწყმდეს სახელი შენი წინაშე ჩემსა.
20 გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი! 20 გამოვედ ბაბილონით, მლტოლვარე ქალდეველთაგან. ჴმაჲ სიხარულისა მიუთხართ და სასმენელ იქმენინ. ესე მიუთხართ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა და სასმენელ იქმენინ ესე. იტყოდეთ, ვითარმედ: იჴსნა უფალმან მონა თჳსი, იაკობი.
21 არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა. 21 და უკეთუ სწყუროდის, უდაბნოთა მოიყვანნეს იგინი. წყალი კლდისაგან გამოიყვანოს მათდა. განიპოს კლდე და დიოდის წყალი. და სუმიდეს ერი ჩემი, არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი.
22 არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის.