ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი. |
1 |
ისმინეთ ჭალაკთა და მოიხილეთ წარმართა, მრავლით ჟამითგან დეგით, - იტყჳს უფალი, - მუცლითგან დედისაისათ გიწოდა შენ სახელი ჩემი. |
2 | გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა. | 2 | და დადვა პირი ჩემი, ვითარცა მახჳლი მკუეთი, და საფარველსა ქუეშე ჴელისა მისისასა დამფარა მე. დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დამფარა მე. |
3 | მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას. | 3 | და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარ, ისრაილ, და შენ შორის ვიდიდო. |
4 | მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან - ჩემი საზღაური! | 4 | და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, ამაოთა მიმართ და არარათა მიმართ მივეც ძალი ჩემი, ამისთჳს საშჯელი ჩემი უფლისა მიერ და შრომა ჩემი წინაშე ღმრთისა ჩემისა. |
5 | ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად, რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს, რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი. | 5 | და აწ ესრეთ იტყჳს უფალი, აღმზელელი ჩემი, მუცლითგან მონად თავისა თჳსისა: შესაკრებელი იაკობისი, და ისრაილ მის თანა შევკრიბო, და ვიდიდო მე წინაშე უფლისა. და ღმერთი ჩემი იყოს ძალ ჩემდა. |
6 | თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს. | 6 | და თქუა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა დადგენად ტომთა იაკობისთა და განთესულებასა ისრაილისასა მოქცევაჲ. აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა. |
7 | ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია. | 7 |
ესრეთ იტყჳს უფალი, მჴსნელი ღმერთი ისრაილისა: წმიდა-ყავთ, რომელი ბიწიან-ჰყოფს სულსა მისსა, მოძაგებული წარმართთა მიერ მონათა მთავართასა, მეფეთა იხილონ იგი და აღდგენ მთავარნი და თაყუანი-სცემდენ უფალსა, რამეთუ სარწმუნო არს წმიდა ისრაილისა, და გამოგირჩიე შენ. |
8 | ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, | 8 | ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა. |
9 | გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი. | 9 | მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი. |
10 | არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს. | 10 | არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი. |
11 | ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა. | 11 | და დავდვა ყოველი მთაჲ ბზად და ყოველი ალაგი საძოვრად მათდა. |
12 | აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი - ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან! | 12 | აჰა, ესენი შორით მოვლენ, ესენი ჩრდილოსაგან და ზღჳსა, ხოლო სხვანი ქუეყანისაგან სპარსთასა. |
13 | გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი. | 13 | იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა. |
14 |
თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო. |
14 |
თქვა სიონმან: დამიტევა მე უფალმან და უფალმან დამივიწყა მე. |
15 | განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ. | 15 | ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, - |
16 | აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები მუდამ ჩემს წინაა. | 16 | აჰა, ჴელითა ჩემითა გამოვხატენ ზღუდენი შენნი და წინაშე ჩემსა ხარ მარადის. |
17 | აჩქარდებიან შენი მშენებელნი; შენი დამაქცევარნი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან. | 17 | და მალიად აღიშენო მის წილ, რომელ დაირღუე და მომაოჴრებელნი შენნი განვიდენ შენგან. |
18 | თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი შეკრებილან, შენთან მოდიან! როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, ასე შეიმოსავ სამკაულად ყველას და მოირთვები მათით, როგორც პატარძალი. | 18 | აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი და იხილენ ყოველნი: აჰა, შეკრბეს და მოვიდეს შენდამო. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ ყოველნი იგი გარეშეიმოსნეს და მოიბლარდნნეს იგინი, ვითარცა სამკაული სძლისა. |
19 | რადგან შენს ნაოხარში და უკაცრიელ ადგილებში, შენს აკლებულ მიწაზე, ახლა ნამდვილად ვიწროდ იქნები მის მცხოვრებთა გამო. შენი ჩამყლაპავნი კი გაგშორდებიან. | 19 | რამეთუ ოჴერნი შენნი. განხრწნილნი და დაცემულნი, აწ შეიწრდენ დამკჳდრებულთა მიერ. და განგეშორნეს შენგან შთამთქმელნი შენნი, |
20 | კიდეც გეტყვიან ყურში კვლავ შეძენილი შენი შვილები: მევიწროება ადგილი. მიმიშვი, რომ ვიცხოვრო! | 20 | რამეთუ თქვან ყურთა მიმართ შენთა ძეთა შენთა, რომელნი წარსწყმიდენ იწრო არს ჩემდა ადგილი, მექმენ მე ადგილ, რომელთა დავიმკჳდრო. |
21 | იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ? | 21 | და თქუ გულსა შინა შენსა: ვინ მიშვნა მე ესენი? რამეთუ მე უშვილო ვარ და ქურივ, მწირ და მოკლებულ, ხოლო ესენი ვინ აღმიზარდნა მე? რამეთუ მე დავშთი მარტოჲ. ხოლო ესენი ჩემდა სადა იყვნეს? |
22 | ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი ასულეხი მხრებზე ეყოლებათ აყვანილი. | 22 | ესრეთ იტყჳს უფალი უფალი: აჰა, აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა მიმართ და ჭალაკთა მიმართ აღვიღო სასწაული, და მოჰყვანდენ ძენი წიაღთა მიერ, ხოლო ასულნი შენნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მოაქუნდენ. |
23 | მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს. | 23 | და იყვნენ მეფენი მძუძე შენდა. ხოლო მმთავრობნი მზარდულ შენდა. პირსა ზედა ქუეყანისასა თაყვანის-გცემდენ შენ და მიწასა ფერჴთა შენთასა ლოშნიდენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და არა ჰრცხუენეს, რომელთა დამითმონ მე. |
24 | თუ წართმევია ოდესმე ძლიერს ნადავლი ან თუ წასვლია ტყვე გამარჯვებულს? | 24 | ნუ მი-მე-ვინ-იღისა გმირისაგან ნატყუენავი? უკეთუ წარმოსტყუენოს ვინმე უსამართლოდ, განერესა? |
25 | ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ. | 25 | ესრეთ იტყჳს უფალი: უკუეთუ ვინ წარტყუენოს გმირი, მიიღონ ნატყუენავი, ხოლო მიმღებელი ძლიერისაგან განერესა? ხოლო მე საშჯელი შენი ვსაჯო, და მე ძენი შენნი ვიჴსნნე. |
26 | საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი. | 26 | და ჭამდენ მაჭირვებელნი შენნი ჴორცთა მათთა. და სუმიდენ, ვითარცა ღჳნოსა ახალსა, სისხლსა მათსა, და დაითრვნენ. და მგრძნობელ იქმნეს ყოველი ჴორცი, ვითარმედ მე ვარ უფალი, მჴსნელი შენი, და შემწე ძალისა იაკობისი. |