ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს.

1

უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა.

2 დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო. 2 ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.
3 ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი. 3 და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!
4 კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ხენეში ნაყოფი, როცა სავსე მტევნებს ველოდი? 4 რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?
5 ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს. 5 აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა: მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ, და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ,
6 გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე. 6 და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდენ, ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წვიმაჲ.
7 რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია! 7 რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული. ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება.
8 ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე. 8 ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ, ნუ მარტონი დაემკჳდრნეთა ქვეყანასა ზედა?
9 ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან. 9 რამეთუ ისმინეს ყურთა უფლისა საბაოთისთა ესენი: რამეთუ, უკეთუ იქმნენ სახლნი მრავალნი, საოჴრად იყვნენ დიდნი და კარგნი, და არა იყვნენ შორის მკვიდრნი,
10 ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა! 10 რამეთუ სადა იქმოდის ათი უღელი ჴართაჲ, ქმნას ლაგვინი ერთი, და მთესველმან სათუელისა ექუსისამან ქმნას საწყაული სამი.
11

ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!

11

ვაჲ, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, დაადგრებიან მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან შეწუნეს იგინი.

12 ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ. 12 რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ჴელთა მისთასა არ განიცდიან.
13 ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიორებს წყურვილი გაახმობს. 13 ვინაჲცა ტყუე იქმნა ერი ჩემი არცნობისათვის მათგან უფლისა, და სიმრავლე მკუდართა შეიქმნა სიყმილისა მიერ და წყურილისა წყლისა.
14 ამიტომაც გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა; 14 განავრცო ჯოჯოხეთმან გუამი თვისი და აღაღო პირი მისი არა მოკლებად და შთავიდედ დიდებულნი და დიდნი და მდიდარნი და ბილწებანი მისნი და მოხარულნი მას შინა.
15 მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება. 15 და დამდაბლდეს კაცი, და შეურაცხ იქმნეს მამაკაცი და თვალნი განმცხრომელნი დამდაბლდენ.
16 მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში. 16 და ამაღლდეს უფალი საბაოთ საშჯელსა შინა და ღმვრთი წმიდა იდიდოს სიმართლესა შინა.
17 გაიკვებებიან ცხვრები თავიანთ ფარეხში და ნასუქალთა ნარჩენებს უცხონი შეჭამენ. 17 და ძოვდენ განთესულნი, ვითარცა კურონი, და უდაბნოთა და ქადებულთასა კრავნი ჭამდენ.
18 ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით - ცოდვას. 18 ვაჲ, რომელნი მოიზიდვენ ცოდვათა მათთა, ვითარცა საბლითა გრძელითა, და, ვითარცა უღლითა ევნითა დიაკეულისათა, უშჯულოებათა,
19 რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ. 19 რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.
20 ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ! 20 ვაჲ, რომელნი იტყჳან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!
21

ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!

21

ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!

22 ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში! 22 ვაჲ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ, რომელნი ღჳნოსა სუმენ. ძლიერნი, რომელნი წდევენ თაფლუჭსა,
23 ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს! 23 რომელნი განამართლებენ უთნოსა ქრთამისათვის და სამართალსა მართლისასა აღიღებენ!
24 როგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს. 24 ამისთვის, ვითარსახედ დაიწუების ლელწამი ნაკუერცხლისაგან ცეცხლისა, და თან დაიწვას ალისაგან აღტყინებულისა ძირი მათი, ვითარცა ნაცარი იყოს; და ყუავილი მათი, ვითარცა მტუერი, აღვიდეს, რამეთუ არა ინებეს შჯული უფლისაჲ საბაოთისი, არამედ სიტყვა წმიდისა ისრაჱლისა განაძვინეს.
25 ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. 25 და გულმწყრალ იქმნა რისხვა უფლისა საბაოთისი ერსა მისსა ზედა. და მიყო ჴელი მისი მათ ზედა და დასცნა იგინი. და განძვინდეს მთანი და იქმნეს მძორნი მათნი, ვითარცა სკორე, შორის გზასა,. და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.
26 შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება. 26 ესრეთ უკუე აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ შორიელთა და მოზიდნეს იგინი კიდით ქუეყანისათ, და, აჰა, მსწრაფლ სუბუქად მოვლენ.
27 არავინ იქნება დამაშვრალი მათ შორის, არც შებარბაცებული; არ ჩათვლემს, არ დაიძინებს, სარტყელი არ შეეხსნება წელზე და ფეხსამოსის თასმები არ დაუწყდება. 27 არა შიისყე, არცა დაშურებიან, არცა ჰრულის, არცა დაიძინებენ, არცა განიჴსნიან სარტყელთა მათთა წელთა შინა მათთა, არცა მოერღუნენ ბაწარნი ჴამლთა მათთანი,
28 წამახული აქვს ისრები და ყველა მშვილდი მოზიდული აქვს; კაჟივითაა მისი ცხენის ფლოქვები და მისი ეტლის ბორბლები ქარიშხალია. 28 რომელთანი ისარნი მახჳლ არიან და მშჳლდნი მათნი გარდაცმულებ. ფერჴნი ცხენთა მათთანი, ვითარცა მყარი კლდე შეირაცხნეს, ეტლისთვალნი ეტლთა მათთანი - ვითარცა ნიავქარი.
29 მისი ღრიალი ლომის ღრიალია, ლომის ბოკვერებივით ბდღვინავს; დაიღრიალებს და მსხვერპლს დაეცემა, გაიტაცებს და ვერავინ იხსნის. 29 მიიმართებენ ვითარცა ლომნი, და წარმოდგენ, ვითარცა ლეკუნი ლომისანი, და შეიპყრას და ჴმა-ყოს, ვითარცა მჴეცმა და განჴადოს და არა იყოს მჴსნელი მათი.
30 დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან. 30 და ჴმა-ყოს მის მიერ მას დღესა, ვითარცა ჴმაჲ ზღვისა მღელვარისა, და მიიხილონ ცად მიმართ ზე და ქუეყანად დამართ ქუე. და, აჰა, ბნელი ფიცხელი სლვასა შინა მათსა.