ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მისმინეთ, სიმართლის მადევარნო, უფლის მძებნელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილნი! |
1 |
ისმინეთ ჩემი, რომელნი სდევთ სამართალსა და ეძიებთ უფალსა. მიხედენით მყარისა მიმართ კლდისა, რომელი გამოჰკუეთეთ და მთხრებლად მღჳმესა, რომელი აღმოჰჴნარცუეთ. |
2 | შეჰედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე. | 2 | მიხედენით აბრაჰამის მიმართ, მამისა თქუენისა, და სარრა მლმობელისა თქუენისა, რამეთუ ერთი იყო და უწოდე მას, და ვაკურთხე იგი, და შევიყვარე იგი და განვამრავლე იგი. |
3 | რადგან ანუგეშებს უფალი სიონს, ანუგეშებს ყოველ მის ნაოხარს; სამოთხედ გადააქცევს მის უდაბნოს და უფლის ბაღად მის ტრამალს, სიხარული და შვება გაჩნდება იქ, სამადლობელი და გალობის ხმები. | 3 | და შენცა აწ ნუგეშინის-გცე, სიონ, და ნუგეშინის-ვსცე ყოველთა ოჴერთა მისთა და დავსხნე ოჴერნი მისნი, ვითარცა სამოთხე შუებისა, და დასავალითკერძონი მისნი, ვითარცა სამოთხე უფლისაჲ. შუებაჲ და მხიარულებაჲ ჰპოონ მას შინა, აღსაარება და ჴმაჲ ქებისა. |
4 | გამიგონე, ჩემო ერო, და ჩემო ტომო, ყური დამიგდე, რადგან ჩემგან გამოვა რჯული და სინათლედ დავუდგენ ხალხებს ჩემს სამართალს. | 4 | ისმინეთ ჩემი ერმან ჩემმან და მეფეთა ჩემდამო ყურად-იღეთ, რამეთუ შჯული ჩემ მიერ გამოვიდეს და სასჯელი ჩემი ნათლად წარმართთა. |
5 | ახლოვდება ჩემი სიმართლე, მოაწია ჩემმა ხსნამ და ჩემი მკლავი განსჯის ხალხებს. მე დამენდობიან ზღვისპირელნი და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ. | 5 | მოახლებულ არს ადრე სიმართლე ჩემი და გამოვიდეს ნათლად მაცხოვარებაჲ ჩემი, და მკლავისა მიმართ ჩემისა წარმართნი ესვენ. მე ჭალაკნი მელიან და მკლავისა მიმართ ჩემისა ესვენ. |
6 | თვალი ააპყარით ცისკენ და დაბლა მიწას დახედეთ; რადგან ცა კვამლივით განქარდება და მიწა სამოსელივით გაცვთება, მისი მცხოვრებნი ქინქლებივით დაიხოცებიან; ჩემი ხსნა კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი სიმართლე არ დაირღვევა. | 6 | აღიხუენით ცად მიმართ თვალნი თქუენნი და დაჰხედენით ქუეყანად თქვენ ქუე, რამეთუ ცაჲ, ვითარცა კუამლი, დაემყარა, ხოლო ქვეყანაჲ, ვითარცა სამოსელი, დაძუელდეს. ხოლო დამკჳდრებულნი მისნი, ვითარცა იგინი, მოკუდებიან. ხოლო მაცხოვარებაჲ ჩემი უკუნისამდე იყოს და სიმართლე ჩემი არა მოაკლდეს. |
7 | მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ შეგაკრთობთ; | 7 | ისმინეთ, რომელთა იცით შჯაჲ, ერო ჩემო, რომლისა შჯული ჩემი გულსა შინა არს თქუენსა! ნუ ეშიშვით ყუედრებასა კაცთასა და გიობასა მათსა ნუ იძლევით, |
8 | რადგან სამოსელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მათ ჭია; ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი ხსნა თაობიდან თაობაში გადავა. | 8 | რამეთუ ვითარცა სამოსელი შეიჭამოს ჟამისაგან და ვითარცა მატყლი შეიჭამოს მღილისა მიერ, ხოლო სიმართლე ჩემი უკუნისამდე იყოს და მაცხოვარება ჩემი ნათესავებსა ნათესავთასა. |
9 | აღდექ, აღდექ, ძალი შეიმოსე, უფლის მკლავო! აღდექ, როგორც ძველ დროში, ძველ თაობებში. განა შენ არა ხარ რაჰაბის გამკვეთელი, ურჩხულის გამგმირავი? | 9 | აღდეგ, აღდეგ, იერუსალიმ, და შეიმოსე ძალი მკლავისა შენისა, აღდეგ ვითარცა დასაბამისშორისსა დღესა, ვითარცა ნათესავი საუკუნე, არა შენ ხარა უამპარტავნო იგი, რომელმან მოსწყალ ვეშაპი? |
10 | განა შენ არ ამოაშრე ზღვა, დიდი უფსკრულის წყლები? და ზღვის სიღრმეები გზად გადააქციე თავდახსნილთა გადასავლელად? | 10 | არა შენ ხარა, რომელმან მოაოჴრე ზღუაჲ. წყალი სიმრავლე უფსკრულისა? რომელმან დასდევ სიღრმე ზღჳსა გზად წიაღსავალად გამოჴსნილთა და განრინებულთა, |
11 | უფლის გამოსყიდულნი მობრუნდებიან და გახარებულნი მოვლენ სიონზე; მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე, ლხენას და სიხარულს ეწევიან, ვაება და კვნესა კი უკუიქცევა. | 11 | რამეთუ უფლისა მიერ მოიქცენ და მოვიდენ სიონდ შუებითა და მხიარულებითა საუკუნოჲთა, რამეთუ თავსა მათსა ზედა შუებაჲ და მხიარულებაჲ ეწიოს მათ. წარჴდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ, და სულთქმაჲ. |
12 | მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება? | 12 | მე ვარ, მე ვარ ნუგეშინისმცემელი შენი; ცან, ვითარად მყოფი შიშნეულ იქმენ კაცისაგან მოკუდავისა და ძისაგან კაცისა, რომელნი ვითარცა თივანი განჴმეს. |
13 |
დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი, ცათა გარდამთხმელი და მიწის დამფუძნებელი, და გეშინია მუდამდღე, გამუდმებით, მჩაგვრელის რისხვისა, დასაღუპავად რომ ემზადება. მაგრამ სად არის მჩაგვრელის რისხვა? |
13 |
და დაივიწყე ღმერთი შემოქმედი შენი და შემოქმედი ცისა და ქუეყანისა და ეშიშოდე ყოველთა დღეთა პირსა გულისწყრომისა მაჭირვებელისა შენისასა, ვითარსახედ განიზრახა აღებაჲ შენი და აწ სადა არს გულისწყრომაჲ მაჭირვებელისა შენისა? |
14 | მალე გათავისუფლდება დამონებული, არ მოკვდება დილეგში და არ მოაკლდება პური. | 14 | რამეთუ ცხოვნებასა შინა შენსა არა დადგეს, არცა დაიყოვნოს. არ მოაკუდინოს განსახრწნელად და არა მოაკლოს პური მისი, |
15 | მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც აღელვებს ზღვას და ბობოქრობენ მისი ზვირთები. ცაბაოთ უფალია მისი სახელი. | 15 | რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელი შევძრავ ზღუასა და ვაოჴრებ ღელვათა მისთა - უფალი, უფალი საბაოთ, - სახელი ჩემი. |
16 | ჩავდევი ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე, რათა დავნერგო ახალი ცა და დავაფუძნო ახალი მიწა, რომ ვუთხრა სიონს: ჩემი ერი ხარ! | 16 | დავსხნე სიტყუანი ჩემნი პირსა შინა შენსა და საგრილსა ქუეშე ჴელისა ჩემისასა დაგფარო შენ, რომლისა მიერ დავამტკიცე ცაჲ და დავაფუძნე ქუეყანაჲ და ვარქუ სიონსა: ერი ჩემი ხარ. |
17 | გაიღვიძე, გაიღვიძე, ადექი, იერუსალიმო, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი, ძირისძირამდე შესვი ფიალა, სიბრუკის თასი. | 17 | აღდეგ, აღდეგ, აღემართე იერუსალიმ! მსმელო ჴელისაგან უფლისა სასუმელსა გულისწყრომისა მისისასა, რამეთუ სასუმელი დაცემისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, შესვი და წარმოაცალიერე. |
18 | არავინ არის მისი წინამძღოლი მის ნაშობ ვაჟებს შორის და ხელის ჩამჭიდებელი მის გაზრდილ ვაჟებს შორის. | 18 | და არა იყო ნუგეშინისმცემელი შენი ყოველთაგან შვილთა შენთა, რომელნი ჰშვენ. და არა იყო შემწე ჴელისა შენისა, არცა ყოველთაგან ძეთა შენთა, რომელნი აღამაღლენ. |
19 | ეს ორი რამ შეგემთხვა შენ; ვინ შეგიცოდებს? დაღუპვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი! ვითი განუგეშო? | 19 | ორნი ესე მჴდომ შენდა, ვინ შეწუხნეს შენ თანა? დაცემაჲ და შემუსრვაჲ, სიყმილი და მახჳლი, ვინ ნუგეშინის-გცეს შენ? |
20 | შენს შვილებს ქანცი გაუწყდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან, ბადეში გახვეულ ირმებივით, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღვთის მძვინვარებით. | 20 | ძენი შენნი წარწირულნი, მძინარენი კიდესა ზედა ყოვლისა გამოსავალისასა, ვითარ ჭაკუნტელი კერძომგბარი, რომელნი სავსე არიან გულისწყრომითა უფლისაჲთა, დაჴსნილნი უფლისა მიერ ღმრთისა. |
21 | ამიტომ გაიგონე ეს, ბედშავო, მთვრალო, მაგრამ უღვინოდ! | 21 | ამისთჳს ისმინე დამდაბლებულმან და მთრვალმან არღვინისგან. |
22 | ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ხალხისა: აჰა, გართმევ შენი ხელიდან სიბრუვის თასს, ფიალას, თასს ჩემი რისხვისა, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი. | 22 | ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, განმკითხუველი ერისა მისისა: აჰა, მოვიღე ჴელისაგან შენისა სასუმელი დაკუეთებისა, ბარძიმი გულისწყრომისა ჩემისა, და არა შესძინო სუმად მისსა. |
23 | და ხელში მივცემ მას შენს მტანჯველებს, რომლებიც გეუბნებოდნენ: დაწექი, რომ გადაგიართთ, და შენც მიწასავით გახადე შენი ზურგი და ქუჩასავით - გამვლელთათვის. | 23 | მერმე მივსცე იგი ჴელებსა მიმმძლავრებელთა შენთასა და დამამდაბლებელთა შენთასა, რომელთა ჰრქუეს სულსა შენსა: მოდერკ, რაჲთა წარჰვლოთ და დაჰსხენ სწორად ქუეყანისა საშუალნი შენნი გარეშე თანწარმავალთათჳს. |