ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე ამბობს უფალი: შეინახეთ რჯული და ქმენით სამართალი, რადგან სადაც არის, მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სამართალი გაცხადდება.

1

ამათ იტყჳს უფალი: დაიცევით მსჯავრი და ყავთ სიმართლე, რამეთუ მოეახლა მაცხოვარება ჩემი მოსლვად და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად.

2 ნეტარია ის კაცი, ვინც აკეთებს ამას და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება; უმწიკვლოდ შემნახველი შაბათისა და ყოველი ავის ქმნისგან ხელის დამყენებელი. 2 ნეტარ არს მამაკაცი, რომელმან ყუნეს ესენი და კაცი ჴელმყოფი ამათი და დამცველი შაბათთაჲ არშეგინებად და დამცველი ჴელთა მისთა არაქმნად ცრუთა.
3 ნუ იტყვის უცხოს შვილი, უფალს მიკრული, უფალმა ჩემს ხალხს მომწყვიტაო, და ნუ იტყვის საჭურისი, აჰა, გამხმარი ხე ვარო, 3 ნუ იტყჳნ სხვა ნათესავი შეახლებული უფლისა მიმართ მეტყუელი: გამოსაზღურებით გამომისაზღურებს მე უფალი ერისაგან ჩემისა. და ნუ იტყჳნ საჭურისი, ვითარმედ: მე ვარ ხე ჴმელი,
4 რადგან ამბობს უფალი: საჭურისებს, რომლებიც ინახავენ ჩემს შაბათებს, ირჩევენ ჩემთვის სასურველს და მტკიცედ უჭირავთ ჩემი აღთქმა, 4 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: საჭურისთა, რაოდენთაცა დაიმარხნენ ბრძანებანი ჩემნი, და აღირჩინენ, რომელნი მე მნებვან, და შეეწეოდიან აღთქმაჩემთა.
5 მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება. 5 მივსცე მათ სახლსა შორის ჩემსა და ზღუდესა შინა ჩემსა ადგილი სახელოანი, უმჯობესი ძეთა და ასულთასა, და სახელი საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა მოაკლდეს,
6 უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი, ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის მტკიგედ დამჭერს, 6 და უცხონათესავნი, შეახლებულნი უფალსა, მსახურებად მისსა და შეყვარებად სახელი უფლისაჲ, ყოფად მისსა მონებად და მჴევლებად და ყოველნი დამმარხველნი შაბათთა ჩემთანი არშეგინებად და შემწყნარებელნი აღთქმისა ჩემისანი.
7 მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა. 7 შევიყუანნე იგინი მთად წმიდად ჩემდა და ვახარო მათ სახლსა შინა ლოცვისა ჩემისასა, ყოვლად დასაწუელნი მათნი და მსხუერპლნი მათნი იყუნენ მითუალულ მსხუერპლისსაცავსა ზედა ჩემსა, რამეთუ სახლი ჩემი სახლ ლოცვის იწოდოს ყოველთათჳს წარმართთა.
8 ამბობს უფალი ღმერთი, გაფანტული ისრაელის შემკრები: კიდევაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილებს. 8 თქუა უფალმან ღმერთმან, შემკრებელმან განთესულთა ისრაილისათამან, ვითარმედ: შევკრიბო მის ზედა შესაკრებელი, ყოველნი მჴეცნი ველურნი.
9 ველის მხეცებო და ტყის მხეცებო, ყველანი მოდით და ჭამეთ! 9 მოვედით, ჭამეთ ყოველთა მჴეცთა მაღნარისათა.
10 დარაჯები ბრმები არიან ყველანი, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, ყეფა არ შეუძლიათ, თვლემენ, ძირს ყრიან, ძილის მოყვარულნი. 10 იხილეთ, რამეთუ დაბრმეს ყოველნი, არა ცნეს გაგონებად, ყოველნი ძაღლებ უჴმო, ვერშემძლებელნი ყეფად. მესიზმრენი საწოლითა, მოყუარენი ჰრულისანი,
11 ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი. მწყემსებს არაფრის გაგება არა აქვთ, ყველა თავის გზას ადგას, თითოეული თავის კერძ ანგარებას ეძებს. 11 და ძაღლნი ურცხჳნონი სულითა, არმეცნიერნი განძღომად და არიან უკეთურნი, არმცოდნელნი გულისხმის-ყოფასა, ყოველნი გზათა თჳსთა შეუდგეს. თითოეული ძჳნად თჳსსა ანგაჰრებს კიდითგან მისით.
12 მოდით, ვიშოვი ღვინოს და დავთვრეთო სასმელით; დღესაც გვეყოფა და ხვალისთვისაც ბევრი დარჩებაო! 12 მოვედით, მოვიღოთ ღჳნოჲ და ვიჴუმიოთ იგი სიმთრვალედ და არს ესევითარი დღე ხვალე დიდ შენთჳს, ვითარ ფრიად.