ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს; ქველი ხალხი იხოცება, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ბოროტების მიზეზით იღუპება მართალი.

1

იხილეთ, ვითარ წარწყმდა მართალი, და არა ვინ მოელის გულითა და კაცნი მართალნი აღიხუმიან, და არა ვინ გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ პირისაგან სიცრუისასა აღებულ არს მართალი.

2 ის გადის სამშვიდობოს; განისვენებენ თავ-თავიანთ საწოლებში წრფელი გზით მავალნი. 2 იყოს მშჳდობით დაფლვაჲ მისი, აღღებულ არს შორისისაგან.
3 ახლოს მოდექით, ჯადოქრის შვილებო, მემრუშეთა და მეძავთა თესლო! 3 ხოლო თქუენ, მოიყვანეთ აქა, ძენო უსჯულონო! თესლნო მემრუშისა და მეძვისანო!
4 ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი? 4 ვისსა შორის იშუებდით და ვისსა შორის აღაღეთ პირი თქუენი? და ვისსა ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უსჯულონი,
5 რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში? 5 რომელნი ევედრებოდეს კერპთა ხეთა ქუეშე ვარჯოვანთა, დამფლველნი შვილთა თქუენთანი ჴევთა შინა და შორის უვალ კლდეთასა,
6 რიყის ქვებშია თქვენი ხვედრი; ისინია, ისინი შენი წილი, სწორედ მათ უღვრიდი საღვრელს და ძღვენს სწირავდი. როგორ ავიტანო ეს დამშვიდებით? 6 ადგილსა ლეღოვანსა? იგი შენდა ნაწილ, ესე შენდა სამკჳდრებელ. მათ განუფენდ მსხუერპლებსა, და მათ მიართუემდ საკლველებსა. ამათ ზედა უკუე არ განვრისხნეა? - იტყჳს უფალი, -
7 მაღალ და დიდ მთაზე გაქვს მოწყობილი საწოლი; იქაც კი ახვედი მსხვერპლის შესაწირად. 7 მთასა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, მუნ საწოლი შენი და მუნ აღიხუენ მსხუერპლნი შენნი.
8 კარსა და წყრთილებს უკან დაგისვამს შენი ნიშნები, რადგან ჩემგან გაიშიშვლე თავი და მაღლა ახვედი, გააფართოვე შენი საწოლი და კავშირი შეჰკარი მათთან, შეიყვარე მათი საწოლი კაცობის შემყურემ. 8 და უკანა წყირთლთა კარისა შენისათა დაჰსხენ საჴსენებელნი შენნი მგონებელმან, ვითარმედ, უკეთუ განსდგე ჩემგან, უმეტესი რაჲმე გაქუს. შეიყუარენ მძინარნი შენ თანა და განამრავლე სიძვაჲ შენი მათ თანა.
9 წახვედი მეფესთან ზეთნაცხები, გაიუხვე ნელსაცხებლები, შორიდან აგზავნი მოციქულებს, ქვესკნელამდე დაიმდაბლე თავი. 9 და მრავალნი ჰყუენ მრუშებად შორიელნი შენგან. მიავლინენ მოციქულნი მიერ კერძო საზღუართა შენთა და გარემიიქეც და დაჰმდაბლდი ვიდრე ჯოჯოხეთამდე.
10 დაგღალა ბევრმა სიარულმა, მაგრამ არ გითქვამს: ფუჭიაო. სიცოცხლეს გრძნობდი ხელში, ამიტომაც არ დაცემულხარ. 10 მრავალგზობათა შენთა დაჰშუერ და არა სთქუ: დავსცხრე. განძლიერებული იქმოდე ამათ, ამისთჳს არმემოქენე მე.
11 ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი და არ გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული? ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი, იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში. 11 შენ ვისგან წიწნეულსა შეგეშინა? და მეცრუე მე, და არ მომიჴსენე მე, არცა მომიღე მე გაგონებისა შორის შენისა, არცა გულისა შორის შენისა, და მე, მხილველი შენი, უგულებელს-გყოფ და ჩემგან არ შეიშინე.
12 მე გიცხადებდი შენს სიმართლეს და საქმეებს, მაგრამ სარგებლობა არ მოჰქონდა შენთვის. 12

და მე მიუთხრობ სიმართლესა ჩემსა და ძჳრთა შენთა, რომელთა არარაჲ გარგონ შენ.

13

როცა შემომღაღადებ, მაშინ გიხსნას შენი კერპების კრებულმა. ყველას ერთიანად აიტაცებს ქარი, ქროლვა წაიღებს. ჩემი მოსავი კი ქვეყანას დაიმკვიდრებს და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება.

13 ოდეს ჴმა-ჰყო, განგარინედ შენ ჭირსა შინა შენსა, რამეთუ ესე ყოველნი ქარმან მიიხუნეს და არარა-ყუნეს იგინი ნიავქარმან, ხოლო შემოდგომილთა ჩემთა მოიგონ ქუეყანაჲ და დაიმკჳდრონ მთა წმიდაჲ ჩემი.
14 თქვა: გატკეპნეთ, გატკეპნეთ, გზა გაამზადეთ! მოაშორეთ ბორკილი ჩემი ხალხის გზას! 14 და თქუენ განწმიდენით პირისაგან მისისა გზანი და აღიღეთ საბრჴე გზისაგან ერისა ჩემისა.
15 რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული. 15 ამათ იტყჳს უფალი მაღალი, მაღალთა შინა დამკჳდრებული, საუკუნე წმიდაჲ წმიდათა შორის, სახელი მისი უფალი მაღალი, წმიდათა შორის განსუენებული და სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა და მიმცემელი ცხორებისა შემუსრვილთა გულითა.
16 რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი. 16 არა საუკუნომდე შურ-ვიგო თქუენგან, არცა მიმდემად განგარისხნე თქუენ, რამეთუ სული ჩემგან გამოვიდეს და მშჳნვაჲ ყოველი მე შევქმენ.
17 მისი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე იგი, სახე დავმალე და ვმრისხანებდი; ის კი, განდგომილი, მადიოდა თავისი გულის გზით. 17 ცოდვისათჳს მცირისა შევაწუხე იგი და დავეც იგი, და მივიქციე პირი ჩემი მისგან, და შეწუხნა და ვიდოდა მჭმუნვარე წინაშე ჩემსა, გზათა შორის გულისა მისისათა.
18 მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას, წავუძღვები და მივუზღავ ნუგეშს მას და მის თანამგლოვართ. 18 გზანი მისნი ვიხილენ, და განვკურნე იგი და ნუგეშინის-ვეც მას. და მივეც მას ნუგეშინის-ცემა ჭეშმარიტი მგლოვარეთა მათ.
19 და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში: მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას. 19 დავბადე ნაყოფი მშჳდობაჲ მშჳდობასა ზედა, რომელნი ახლოს და რომელნი შორს არიან. და თქუა უფალმან: განვკურნნე იგინი.
20 ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ წყნარდება, და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს. 20 ხოლო ცრუნი, ვითარცა ზღუაჲ აღდუღებული, ეგრეთ იღელვებოდიან და განსუენებად ვერ შემძლებელ იყუნენ.
21 არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის. 21 არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი ღმერთი.