ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები.

1

ჴმა-ყავ ძლიერად და ნუ ჰრიდებ, ვითარცა საყჳრმან, აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და მიუთხრენ ერსა ჩემსა ცოდვანი მათნი და სახლსა იაკობისსა უსჯულოებანი მათნი.

2 ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ; მართალს სამართალს მეკითხებიან და ღმერთთან სიახლოვე სურთ. 2 მე დღესა დღისაგან მეძიებენ და ცნობად გზათა ჩემთა გული უთქუამს, ვითარცა ერსა სიმართლისმოქმედსა, და მსჯავრსა ღმრთისა მისისა არდამტევებელსა, მთხოენ მე მსჯავრსა მართალსა და მიახლებად ღმრთისა გული უთქვამს
3 რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ. 3 მეტყუელთა, ვითარმედ: ვიმარხეთ და არა იხილე, დავიმდაბლენით სულნი ჩუენნი და არა სცან. - რამეთუ დღეთა შინა მარხვათა თქუენთასა იპოებიან ნებანი თქუენნი და ყოველთა ჴელისქუეშეთა თქუენთა, დაჰქენჯნით
4 აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა. 4 სასჯელთამი და ლალვათა იმარხავთ და ჰგუემთ თითთმწყლველობით მდაბალსა, რაჲსა იმარხავთ ჩემდად? რაჲთა დღეს სასმენელ იქმნეს ღაღადებისა მიერ ჴმაჲ თქუენი?
5 განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე? 5 არა ესე მარხვაჲ გამოვირჩიე და დღე დამდაბლებისა კაცისა სულისა თჳსისა, არცა მო-თუ-იდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი, და ძაძაჲ და ნაცარი დაირეცო, არცა ეგრეთ ეწოდოს მარხვაჲ შეწყნარებული და დღე სათნოჲ უფლისაჲ.
6 განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი? 6 არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე, - იტყჳს უფალი, - არამედ განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღჳენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოჲ განხეთქე.
7 რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო? 7 დაუნეცვე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახიდ შენდა, იხილო თუ შიშუელი, შეჰმოსე და თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო.
8 მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება. 8 მაშინ განეფინოს მსთუად ნათელი შენი, და კურნებანი შენნი მალე აღმოჴდენ და წინაგივიდოდეს წინაშე შენსა სიმართლე შენი, და დიდებამან ღმრთისამან გარეშეგიცვას შენ.
9 მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას; 9 მაშინ ჴმა-ჰყო და ღმერთმან ისმინოს შენი, მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ. უკეთუ მოსპო შენგან საკრველი და ჴელის-დადება და სიტყუა დრტჳნვისა,
10 თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება. 10 და სცე მშიერსა პური სულით გამო შენით, და სული დამდაბლებული აღავსო, მაშინ აღმობრწყინდეს ბნვლსა შინა ნათელი შენი, და ბნელი შენი, ვითარცა შუადღე.
11 უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება. 11 და იყოს ღმერთი შენი შენ თანა მარადის, და განსძღე, ვითარცა გული უთქუამს სულსა შენსა, და ძუალნი შენნი განპოხნენ, და იყო, ვითარცა მტილი დამთრვალი, და ვითარცა წყაროჲ, რომელსა არა მოაკლდის წყალი და, ძუალნი შენნი, ვითარცა მდელოჲ, აღმოსცენდენ და განპოხნენ და დაიმკჳდრონ ნათესავთა შორის ნათესავთასა.
12 აგიშენდება ძველი ნაოხარნი, აღადგენ ძველისძველ საძირკვლებს და დაგერქმევა დანგრეულის ამშენებელი, გზათა განმაახლებელი მკვიდრი ხალხისათვის. 12 და აღეშენნენ ოჴერნი შენნი საუკუნენი, და იყვნენ საფუძველნი შენნი საუკუნებ ნათესავთა შორის ნათესავთასა, და გეწოდოს მაშენებელ ზღუდისა, და ალაგნი საშუალმყოფნი დააცხრვნე.
13 თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმიდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად, და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები, 13 უკუეთუ მოაქციო ფერჴი შენი შაბათთაგან არაქმნად ნებათა შენთა დღესა შინა წმიდასა, და უწოდი შაბათთა ფუფუნეულ წმიდა ღმრთისა შენისა, არა აღიღო ფერჴი შენი საქმესა ზედა, არცა სთქუა სიტყუაჲ რისხვით პირისაგან შენისა.
14 მაშინ ინეტარებ უფალში, დედამიწის მაღლობებზე დაგსვამ და იაკობის, მამაშენის, მემკვიდრეობით გამოგკვებავ, რადგან უფლის ბაგეებმა ბრძანა. 14 და იყო მოსავ უფლისა მიმართ და აღგიყვანოს შენ კეთილთა ზედა ქუეყანისათა, და გაჭამოს შენ სამკჳდრებელი იაკობ მამისა შენისაჲ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდი ამათ.