ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მესამოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.

1

განათლდი, განათლდი, იერუსალიმ! რამეთუ მოიწია ნათელი შენი, და დიდებაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა აღმობრწყინდა.

2 რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება. 2 აჰა, ბნელმან დაფაროს ქუეყანაჲ და ნისლი წარმართთა ზედა, ხოლო შენ ზედა გამოჩნდეს უფალი და დიდებაჲ მისი შენ ზედა იხილვოს.
3 ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე. 3 და ვიდოდიან მეფნი ნათელსა შენსა და წარმართნი ბრწყინვალებასა შენსა.
4 ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ. 4 აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი. მოვიდნენ ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი მჴართა ზედა აღებულ იქმნენ.
5 მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა. 5 მაშინ იხილო და გიხაროდის, და განჰკრთე გულითა, რამეთუ გარდამოცვალოს შენდამი სიმდიდრე ზღჳსა, და წარმართთა და ერთა.
6 უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ. 6 და მოვიდეს შენდა კოლტები აქლემთა, და დაგფარონ შენ აქლემთა მადიამისათა და გეფარისათა, ყოველნი საბაჲთ მოვიდენ, მომღებელნი ოქროჲსა, და გუნდრუკსა შესწირვიდენ შენდა და ქვასა პატიოსანსა და მაცხოვარებითა უფლისაჲთა ხარებულ იყვნენ.
7 კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ. 7 და ყოველნი ცხოვარნი კედარისანი შემოკრბენ შენდა, და ვერძნი ნაბეოთისნი მოვიდენ შენდა, და შეიწირნენ შეწყნარებულნი მსხუერპლისაცავსა ზედა ჩემსა, და სახლი სალოცველისა ჩემისა იდიდოს.
8 ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ? 8 ვინ არიან ესენი, რომელნი, ვითარცა ღრუბელნი, ფრინვენ და, ვითარცა ტრედნი, მართუეთა თანა ჩემდა მომართ არს სიონ.
9 რადგან მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ. 9 მე ჭალაკნი მელოდეს, და ნავნი თარშისანი პირველთა შორის მოყვანებად შვილთა შენთა შორით, და ოქროსა და ვეცხლსა მათსა მათ თანა სახელისათჳს უფლისა წმიდისათჳს ისრაილისა დიდებულ-ყოფად,
10 ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ. 10 და აღაშენნენ უცხოტომთა ზღუდენი შენნი, და მეფენი მათნი წარმოგიდგენ შენ, რამეთუ რისხვითა ჩემითა დაგეც, და წყალობითა ჩემითა შეგიყუარენ შენ.
11 მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ. 11 და განეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისოდ დღე და ღამე, არა დაეჴშნენ, შემოღებად შენდა ძალსა ნათესავთასა და მეფეთა მოგურილთა,
12

რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან.

12

რამეთუ ნათესავი და მვფენი, რომელნი შენ არა გმსახურებდენ, წარწყმდენ, და ნათესავნი მოოჴრებით მოოჴრდენ.

13 ლიბანის დიდება შენთან შოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა - ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო. 13 და დიდებაჲ ლიბანისა შენდა მოვიდეს საროჲსსა მიერ და ფიჭჳსა და ნაძჳსა ერთბამად დიდებად ადგილი წმიდაჲ ჩემი, და ადგილი ფერჴთა ჩემთა ვადიდო.
14 ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა. 14 და მოვიდოდიან შენდამი ძენი დამამდაბლებელთა შენთანი და განმაძჳნებელთა შენთანი შეშინებულნი, თაყუანის-სცემენ კუალთა ფერჴთა შენთასა ყოველნი, რომელნი გაჭირვებდენ შენ, და გეწოდოს ქალაქ უფლისა, სიონ, წმიდისა ისრაილისა,
15 ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში. 15 ქმნისათჳს შენისა დატევებულ და მოძულებულ, და არა იყო შემწე, და დაგდვა შორის სიხარულ საუკუნო მხიარულება ნათესავთასა,
16 ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი. 16 და სწოვდე სძესა წარმართთასა და სიმდიდრესა მეფეთასა შჭამდე შენ, და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი მაცხოვნებელი შენი და გამომჴსნელი შენი, ღმერთი ისრაილისა.
17 სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად - სპილენძს და ქვების ნაცვლად - რკინას. შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად - სიმართლეს. 17 და რვალისა წილ მოგართვან შენ ოქროჲ, ხოლო რკინისა წილ მოგართუან ვეცხლი, და ძელისა წილ მოგართვან რვალი, ხოლო ქვისა წილ რკინაჲ და მივსცნე მთავარნი შენნი მშჳდობით და ზედამხედველნი შენნი სიმართლით.
18 აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა - შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებეღას - შენს კარიბჭეებს. 18 და არა ისმეს ქუეყანასა შინა შენსა უსამართლოებაჲ, არცა შემუსრვაჲ, არცა საარებაჲ საზღუართა შორის შენთა, არამედ ეწოდოს მაცხოვარება ზღუდეთა შენთა და ბჭეთა შენთა წახნაგებულ.
19 დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად. 19 და არა იყოს შენდა მზე ნათლად დღისა, არცა აღმოსავალი მთოვარისაჲ განგინათლებდეს შენ ღამესა, არამედ იყოს შენდა უფალი-ნათელ საუკუნე და ღმერთი - დიდება შენდა,
20 აღარ ჩაესვენება შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი გლოვის დღეები დასრულდება. 20 რამეთუ არა დაჰჴდეს მზე შენი, და მთოვარე შენი არა მოაკლდეს; რამეთუ იყოს შენდა უფალი ნათელ საუკუნე, და აღესრულნენ დღენი გლოისა შენისანი.
21 შენი ერი ერთიანად მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული მორჩი, ჩემ ხელთა ქმნილება, რათა იდიდოს. 21 და ერი შენი ყოველი მართალ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ საუკუნოდ, და მცველი ნერგსა საქმესა ჴელთა მისთასა სადიდებელად.
22 მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი - ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას. 22 შემცირებული იყოს ათასეულად და კნინი ნათესავად დიდად. მე, უფალმან, ჟამად-ჟამად შევკრიბნე იგინი.