ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი სამოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.

1

სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე. განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებასა და ბრმათა ახილვასა,

2 გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა; 2 წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული, და დღე ნაცვლისმოგებისა ღმრთისა ჩემისა, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა,
3 დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ. 3 მიცემად მგლოვარეთა სიონი დიდებად, ნაცრისა წილ საცხებელი შუებისაჲ მგლოვარეთა, სამკაული დიდებისაჲ სულისა წილ მოწყინებისა, და იწოდნენ: ნათესავებ სიმართლისა, დანერგულ უფლისა სადიდებელად.
4 ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში უკაცრიელთ. 4 და აღაშენენ ოჴერნი საუკუნითგანნი, მოოჴრებულნი პირველად. აღადგენდენ და განაახლებდენ ქალაქთა ოჴერთა, მოოჴრებულთა ნათესავითგან ნათესავადმდე.
5 დადგებიან უცხონი და დამწყესავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი. 5 და მოვიდენ უცხონათესავნი, მმწყსელნი ცხოვართა შენთანი, და უცხოტომნი მჴნველნი და ვენაჴისმოქმედნი.
6 თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმეგათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე. 6 ხოლო თქუენ მღდელ უფლისა გეწოდოს, და მელიტანიე ღმრთისა ჩუენისა გეწოდოს თქუენ, ძალსა წარმართთასა შჭამდეთ, და სიმდიდრესა მათსა ზედა საკჳრველ იყვნეთ.
7 სირცხვილის ნაცვლად ორმაგად მოგეზღვებათ; შეურაცხების ნაცვლად თავიანთ წილზე გაიხარებენ, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებვნ. საუკუნო სიხარული ექნებათ მათ. 7 ნაცვლად სირცხჳლისა თქუენისა მრჩობლი სიხარული და ნაცვლად პატივისა თქუენისა მხიარულებაჲ, ესრეთ მეორედ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა,
8 რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება, სიყვარულით მივაგებ მათ საზღაურს და საუკუნო აღთქმას დავუდებ. 8 რამეთუ მე ვარ უფალი, მოყუარე სიმართლისაჲ და მოძულე ნატაცებთა სიცრუისაგანთაჲ, და მივსცე შრომაჲ მათი მართალთა, და აღთქმაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ.
9 განითქმება მათი თესლი ხალხებში და მათი მოდგმა ერებს შორის, და ყოველი მათი დამნახველი აღიარებს, რომ ისინი უფლისაგან კურთხეული თესლია. 9 და საცნაურ იყოს წარმართთა შორის თესლი მათი და ნაშვისნაშობნი მათნი საშუალ ერთა, ყოველნი მხილველნი მათნი იცნობდეს მათ, ვითარმედ ესე არიან თვსლნი კურთხეულნი ღმრთისა მიერ და შუებით იშუებდენ უფლისა მიმართ.
10 ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით. 10 იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი საცხოვარებისაჲ და კუართი მხიარულებისაჲ, ვითარცა სიძესა, გარემომდვა მიტრაჲ და, ვითარცა სძალი, შემამკო მე სამკაულითა.
11 რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს თავის ამონაზარდს და ბაღი ამოზრდის თავის დანათესს, ასევე უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე. 11 და ვითარცა ქვეყანა, აღმაორძინებელი ყუავილსა მისსა, და ვითარცა მტილი განამორჩებნ რაჲ თესლთა მისთა, ეგრეთ აღმოაცენებს უფალი სიმართლესა და სიხარულსა წინაშე ყოველთა წარმართთასა.