ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი სამოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!

1

ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო? ესე შუენიერ სამოსლის თანა მისისა, მაიძულებელ ძალისა მიერ; მე სიტყჳს-ვმგებლობ სიმართლესა და მსჯავრსა მაცხოვარებისასა.

2 რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით? 2 რაჲსათჳს შენნი მეწამულ შესამოსელნი და საბლარდნელნი შენნი, ვითარცა წნეხისაგან საწნეხლისა, სავსედ დათრგუნვილისა,
3 მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი. 3 საწნეხელი დავთრგუნე მარტომან, და ნათესავთაგანი არა არს მამაკაცი ჩემ თანა და დავთრგუნენ იგინი გულისწყრომისა მიერ, და დავფქვენ იგინი, ვითარცა ქუეყანა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ და შეისვარა სამოსელი ჩემი,
4 რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია. 4 რამეთუ დღე მისაგებელისა მოიწია მათ ზედა, და წელიწადი გამოჴსნისა წარმოდგა.
5 მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე. 5 და მე ვიხილე, და არა იყო შემწე, და განვიცადე და არა ვინ თანაიღუწიდა, და გამოიჴსნნა იგინი მკლავმან ჩემმან, და გულისწყრომა ჩემი ეწია.
6 დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი. 6 და დავთრგუნენ იგინი რისხვითა ჩემითა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ.
7 მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლისადმი რომ მოიმოქმედა თავისი სიბრალულით და დიდი სიყვარულით. 7 წყალობა უფლისაჲ მოვიჴსენე, სათნოებანი უფლისანი ყოველთა შინა, რომელ მომაგებს ჩუენ. უფალი, მსაჯულ სახიერ სახლისა ისრაილისა, მოაწევს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა და სიმრავლისაებრ სიმართლისა მისისა.
8 თქვა: ჩემი ხალხია ისინი, შვილებია, არ ცრუობენ, და მოევლინა მათ მხსნელად. 8 და თქუა: არა ერი ჩემი არსა შვილებ? არა უარ იქმნენ, და ექმნა მათ მაცხოვარება
9 ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან. 9 ყოვლისაგან ჭირისა მათისა; არცა მოციქულმან, არცა ანგელოზმან, არამედ თჳთ უფალმან აცხოვნნა იგინი სიყუარულისათჳს მათისა და რიდებისა მათისა, თჳთ მან იჴსნნა იგინი და აღიხუნა იგინი და აღამაღლნა იგინი ყოველთა დღეთა საუკუნოჲსათა.
10 მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა. 10 ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს და განაძჳნეს სული წმიდაჲ მისი, და გარდაექცა მათ უფალი მტერად და იგი ებრძოლა მათ.
11

მაშინ გაიხსენა მოსეს ძველი დღეები მისმა ხალხმა: სად არის მათი ამომყვანი ზღვიდან თავისი ფარის მწყემსთან ერთად? სად არის თავისი წმიდა სულის ჩამდგმელი მათ წიაღში,

11

და მოიჴსენა დღეთა საუკუნეთა. სადა არს მოსე და ერი მისი? სადა არს, რომელმან აღმოიყვანა ქუეყანისაგან მწყემსი ცხოვართა თჳსთა? სადა არს, რომელმან დადვა მათ შორის სული წმიდაჲ?

12 წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით? გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად? 12 რომელმან აღმოიყვანა მარჯუენითა მოსე, მკლავმან დიდებისა მისისამან, ესრეთ მოიყვანე ერი შენი. განძლიერდა წყალი პირისპირ მისსა, ქმნად თავისა თჳსისა სახელსა საუკუნესა.
13 მორევში მათი გამომყვანი წაუფორხილებლად უდაბნოს ცხენებივით? 13 განიყვანნა იგინი უგზოჲსა მიერ, ვითარცა ცხენი უდაბნოსაგან, და არა დაშურეს.
14 ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე მიუძღვებოდი შენს ხალხს შენი დიდებული სახელის შესაქმნელად. 14 და ვითარცა საცხოვარი ველისაგან, შთამოვიდა სული უფლისა მიერ და გზა-უყო მათ. ესრეთ განიყვანე ერი შენი, ყოფად იგი სახელად დიდებისა.
15 გადმოიხედე ციდან და იხილე შენი წმიდა და დიდებული სამყოფელიდან: სად არის შენი შური და ძლიერება? შენი გულისწუხილი და სიბრალული შემწყდარია ჩემს მიმართ. 15 მოიქეც ცით გამო, და იხილე სახლით გამო წმიდით შენით და დიდებით. სადა არს შური შენი და ძალი შენი, სადა არს სიმრავლე წყალობისა შენისა და შემწყნარებელობათა შენთა, რამეთუ თავს-მისხენ ჩვენ?
16 შენა ხარ ჩვენი მამა, რადგან აბრაამმა არ უწყის ჩვენი თავი და ისრაელი არა გვცნობს ჩვენ; შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა. ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი უკუნითიდან. 16 რამეთუ შენ ხარ მამა ჩუენი, რამეთუ აბრაჰამმან არა მიცნა ჩუენ, და არცა ისრაილ შემისწავლნა ჩუენ, არამედ შენ, უფალო მამაო ჩუენო, მიჴსნენ ჩუენ, დასაბამითგან სახელი შენი ჩვენ ზედა არს.
17 რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის! 17 რაჲსა შემაცთუნენ ჩუენ, უფალო, გზისაგან შენისა, განაფიცხენ გულნი ჩუენნი არშეშინებად შენგან, მოიქეც მონათა შენთათჳს და ნათესავისათჳს სამკჳდრებელისა შენისა.
18 მცირეხანს ეპყრა შენს წმიდა ხალხს, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდათი. 18 რომელთა მცირედ დავიმკჳდროთ მთისა წმიდისა შენისა. წინააღმდგომთა ჩუენთა შეგუაიწრეს ჩუენ და დათრგუნეს სიწმიდე შენი.
19 ისე ვართ, თითქოს არ გეხელმწიფოს ჩვენზე უკუნითიდან, თითქოს ზედ არ გვეწეროს შენი სახელი! 19 ვიქმნენით ვითარცა დასაბამსა, ოდეს არა გუმთავრობდ ჩუენ, არცა იწოდა სახელი შენი ჩვენ ზედა.