ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი. |
1 |
საჩინო ვექმენ ჩემთა არმეძიებელთა. ვეპოე ჩემთა არგამომკითხველთა. ვარქუ: აქა ვარ! - ნათესავსა, რომელთა არა ხადეს სახელსა ჩემსა. |
2 | დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე; | 2 | განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა, რომელნი არა ვიდოდეს გზასა კეთილსა, არამედ შემდგომად ცოდვათა მათთა. |
3 | ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს. | 3 | ერი ესე განმაძჳნნებელი ჩემი წინაშე ჩემსა, მარადის ესენი აკუმევენ მტილებთა შინა და უკმევენ ალიზთა შინა |
4 | დამჯდარა საფლავებს შორის და გამოქვაბულებში აღამებს, ჭამს ღორის ხორცს და მურდალი შეჭამადი უდგათ ჭურჭლებში. | 4 | ეშმაკთა, რომელნი არა არიან და საფლავთა შინა და ქუაბთა შინა დაიძინებენ სიზმართათჳს, რომელნი ჭამენ ჴორცსა ღორისასა და წუენსა ნაგებთასა, შეგინებულ არიან ყოველნი ჭურჭელნი მათნი |
5 | ამბობენ: განვედ, არ მომეკარო, რადგან შენზე წმიდა ვარო! ეს კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, რომელიც მთელი დღე გიზგიზებს. | 5 | რომელნი იტყჳან: შორს ჩემგან, ნუ შემომეხები მე, რამეთუ წმიდა ვარ. ესე კუამლი გულისა წყრომისა ჩემისაჲ, ცეცხლი აღატყდების მის შორის ყოველთა დღეთა. |
6 | აჰა, დაწერილია ჩემს წინაშე: არ დავდუმდები, ვიდრე საზღაურს არ მივაგებ; საზღაურს მივაგებ მათ უბეს. | 6 | აჰა, დაწერილ არს წინაშე ჩემსა: არ დავიდუმო, ვიდრემდისცა მივაგო და კუალად ვაგე წიაღთა მათთა |
7 | მათი ცოდვებისთვის და მათი მამა-პაპის ცოდვებისთვის ერთიანად, ამბობს უფალი, ყველას, ვინც საკმეველს აკმევდა მთებზე და გორაკებზე, და მგმობდნენ მე; უბეში მივუზომავ მათ წარსულ საქმეებს. | 7 | ცოდვანი მათნი და მამათა მათთანი ერთბამად, - იტყჳს უფალი, - რომელნი უკუმევდეს მთათა ზედა და ბორცუთა ზედა, მაყუედრეს მე; კუალად ვაგნე საქმენი მათნი წიაღსა მათსა. |
8 | ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო. | 8 | ესრეთ იტყჳს უფალი: ვითარსახედ იპოვების კუფხალი ტევანსა შინა და იტყჳან: ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევა უფლისაჲ არს მის შორის, ეგრეთ ვყო მმონებელისათჳს ჩემისა, ამისათჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი, |
9 | გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ. | 9 | და გამოვიყვანო იაკობისაგან თესლი და იუდაჲსაგან და დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა და მონათა ჩემთა და დაეშენნენ მუნ. |
10 | გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა - საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის. | 10 | და იყვნენ მაღნარსა შინა ეზონი სამწყსოთანი და ჴევი აქორისი განსასუენებელად მროწეულთა ერისა ჩემისათა, რომელთა გამომიძიეს მე. |
11 | თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო, | 11 | ხოლო თქუენ, დამტევებელნი ჩემნი და დამვიწყებელნი მთისა წმიდისა ჩემისანი და განმზადებულნი ეშმაკისათჳს ტაბლისანი და აღმავსებელნი ბედისათჳს განზავებულისანი, |
12 | სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით. | 12 | მე განგცნე თქუენ მახჳლისა მიმართ, ყოველნი კლვითა დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქუენ და არ შეისმინეთ. ვიტყოდე და ურჩ იქმნენით და ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა, და რომელნი არ მინდეს, გამოირჩიენით. |
13 | ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით! | 13 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მმონებელნი ჩემნი ჭამდენ, ხოლო თქუენ გშიოდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი სუმიდენ, ხოლო თქუენ გწყუროდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი იშუებდენ, ხოლო თქუენ გრცხუენოდის. |
14 |
აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი! |
14 | აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქუენ ჰღაღადებდეთ ტკივილისათჳს გულისა თქუენისა და შემუსრვისაგან სულისა ჰვაებდეთ. |
15 | დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს. | 15 | რამეთუ დაუტევეთ სახელი თქუენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქუენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი, |
16 | ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება. | 16 | რომელი იკურთხოს ქუეყანასა ზედა. აკურთხევდენ ღმერთსა ჭეშმარიტსა და მფუცავნი ქუეყანასა ზედა ფუცვენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, რამეთუ დაივიწყონ ჭირი მათი პირველი და არა აღვიდეს გულსა ზედა მათსა, |
17 | რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. | 17 | რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანა ახალი. და არღა მოიჴსენონ პირველთა მათ, არცა არა მოუჴდეს გულსა მათსა ზედა, |
18 | მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად. | 18 | არამედ შუებაჲ და მხიარულებაჲ პოონ მას შინა, რამეთუ, აჰა, მე ვჰყოფ იერუსალიმსა სიხარულად და ერსა ჩემსა შუებად. |
19 | მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა. | 19 | და ვიხარებდე იერუსალიმსა ზედა, და ვიშუებდე ერსა ჩემსა ზედა, და არღა ისმეს მის შორის მერმე ჴმაჲ ტირილისა, არცა ჴმაჲ ყივილისა. |
20 | არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება. | 20 | არცა იქმნეს მუნ უჟამოჲ და მოხუცებული, რომელმან არა აღავსოს ჟამი თჳსი, რამეთუ იყოს ჭაბუკი ასთა წელთა, ხოლო, რომელი მოკუდეს ცოდვილი, არა ასთა წელთა დაწყეულ იყოს. |
21 | ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. | 21 | და აშენებდენ სახლთა, და იგინი დაემკჳდრნენ, დაჰნერგვიდენ ვენაჴთა, და იგინი ჭამდენ ნაყოფთა მათთა. |
22 | არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები. | 22 | და არა აღაშენნენ და სხვანი დაემკჳდრნენ, და-არა-ჰნერგვიდენ და სხვანი ჭამდენ, რამეთუ დღეთაებრ ხისა ცხოვრებისათა იყვნენ დღენი ერისა ჩემისანი, საქმეთა ნაშრომთა მათთასა დააძუელებენ, |
23 | ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანავე იქნებიან. | 23 | რამეთუ რჩეულნი ჩემნი არ დაშურებიან ცუდად, არცა შვილ-ისხმენ საწყევარად, რამეთუ თესლი კურთხეული არს ღმრთისა მიერ და შვილისწულნი მათნი მათ თანა იყუნენ. |
24 | ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე. | 24 | და იყოს, პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს? |
25 | მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი. | 25 | მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ, არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყჳს უფალი. |