ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მესამე დღეს დედოფლურად შეიმოსა ესთერი და მეფის სახლის შიდა ეზოში გაჩერდა, მეფის სახლის წინ. მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ. |
1 |
და დღესა მესამესა, შემკული სამოსლითა დიდებისა თჳსისათა, ესთერ შევიდა მეფესა და დადგა ქორისა მის, სადა პირისპირ იყო ტაძარსა მეფისასა, და იგი ჯდა საყდართა ზედა დიდებულთა თანა მისთა. |
2 | როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგარი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაიშვირა მეფემ მისკენ ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა. მიუახლოვდა ესთერი და შეეხო კვერთხის წვერს. | 2 | ვითარცა იხილა მეფემან ესთერ მდგომარე, განიხარა და შეუყვარდა ფრიად, და აღიღო კვერთხი მისი ოქროჲსი, რომელი აქუნდა ჴელთა და განმარტა კვერთხი მისი. და ესთერ ამბორს-უყო კვერთხისა წვერსა ზედა. |
3 | უთხრა მეფემ: რა იყო, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მოგეცემა. | 3 | და ჰრქუა მეფემან: დედოფალო ესთერ, რაჲ არს თხოვა შენი, მითხარ მე და მიგცე შენ ვიდრე ზოგადმდე სამეფოსა ჩემისა. |
4 | თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, მობრძანდნენ მეფე და ჰამანი დღეს ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას. | 4 | მიუგო ესთერ მეფესა და ჰრქუა: დღე არს ჩემი პატიოსანი. უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა, მოვედინ იგი ამან, მეგობარი შენი, სმასა მას, რომელი მეგულვების მე ხვალე ყოფად. |
5 | თქვა მეფემ: სასწრაფოდ დაუძახეთ ჰამანს, რომ შესრულდის ესთერის სიტყვა. მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც გამზადებული ჰქონდა ესთერს. | 5 | და ჰრქუა მეფემან: ყავ ნებისაებრ შენისა! და მერმე თქუა: აუწყეთ ამანს, რათა ვყოთ სიტყუაჲ ესთერისა და უთხრეს ამანს ამის სიტყჳსაებრ და დაუკვირდა მას. და მივიდეს ორნივე სმასა მას, ვითარცა-იგი თქუა ესთერ. |
6 | უთხრა მეფემ ესთერს ღვინის სმის დროს: რა სათხოვარი გინდა რაამ აგისრულდეს? რას მეხვეწები? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება. | 6 | ვითარცა დაეგნეს პირსა სმასა ზედა, ჰრქუა მას მეფემან: რაჲ არს, დედოფალო ესთერ? და ვყო სიტყვა შენი ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. და გეყოს შენ, რომლისათჳსცა მევედრები. |
7 | მიუგო ესთერმა და უთხრა: აი, ჩემი სათხოვარი და სახვეწარი: | 7 | და თქვა ესთერ: თხოვა ჩემი და ვედრება ჩემი ესე არს: |
8 | თუ მადლი მიპოვნია მეფის თვალში, და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და სახვეწარის ასრულებას, მოვიდნენ მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც გავმართავ მათთვის. ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ. | 8 | უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე მეფისა, და უკუეთუ ჯერ-უჩნს უფალსა ჩემსა, რათა სჭამო პური ჩემი შენ და ამან, მეგობარმან შენმან, ჩემ თანა ხვალე, რომელ გიყო თქუენ სმა. და თქვა მეფემან: ყავ, რაჲცა გნებავს. და უთხრეს ესე ამანს. და მეფე შევიდა და განისუენა. |
9 | გავიდა იმ დღეს ჰამანი მხიარული და კმაყოფილი, მაგრამ როგორც კი დაინახა ჰამანმა სამეფო კარიბჭესთან მჯდარი მარდოქაი, რომელიც არ ამდგარა და არც განძრეულა მის წინ, რისხვით აივსო ჰამანი მარდოქაის მიმართ. | 9 |
და გამოვიდა ამან მეფისაგან განმხიარულებული სიხარულითა ფრიად. და ოთხასი კაცი მის თანა იმიერ და ამიერ, ხოლო ვითარცა იხილა ამან მარდოქე ჰურია ეზოსა მეფისასა, განრისხნა ფრიად. |
10 |
მაგრამ თავი შეიკავა ჰამანმა. მივიდა სახლში და დაიბარა მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი. |
10 | და შევიდა სახლსა თჳსსა და შეკრიბნა მეგობარნი მისნი და ზოსარა, ცოლი თჳსი, და ათნი ძენი მისნი: |
11 | მოუყვა მათ ჰამანი თავისი დიდების, დოვლათისა და უამრავი შვილის ამბავს, როგორ განადიდა იგი მეფემ და როგორ აღაზევა სხვა მთავრებზე, მეფის მორჩილებზე. | 11 | და უჩვენა მათ სიმდიდრე მისი და დიდებაჲ იგი, რომელი მეფემან დაადგა მას პატივი. და ვითარ ყო იგი უფროს ყოველთა და წინამძღვარ სამეფოსა ზედა მისსა. |
12 | თქვა ჰამანმა: არავინ მოუწვევია ესთერ დედოფალს მეფესთან ერთად გამზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი. ხვალაც მიწვეული ვარ მეფესთან ერთად. | 12 | იქადოდა და იტყოდა, ვითარმედ: არავის ხადა დედოფალმან დღესა შვებისა მისისასა, გარნა მეფესა და მე ხოლო. და ხვალისაცა ჩინებულ ვარ. |
13 | ეს ყველაფერი არად მიჩანს, ვიდრე იუდაელ მარდოქაის ვხედავ სამეფო კარიბჭესთან მჯდარს. | 13 | ესე ხოლო არა მთნავს მე და მწუხარე ვარ, რაჟამს ვიხილი მარდოქე ჰურია ეზოსა შინა მეფისასა და არა თაყვანი-მცის. |
14 | უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და მეგობრებმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოჰკიდონ მარდოქაი. მერე გულმხიარულად წადი მეფესთან ერთად ნადიმზე. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი. | 14 | ჰრქუა მას ზოსარა, ცოლმან მისმან, და მეგობართა მისთა: უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს, მოგიტევა შენ მეფემან მოწყვეტად ყოველნი ჰურიანი. და მოგცეს შენ ღმერთთა შურის-გებად მათა. მოკვეთად-ეც ხე ერგასის წყრთა, და დაიდევინ, განთიად არქუ მეფესა და დამოჰკიდე მას მარდოქე. და მაშინ შევედ მეფეს თანა პურად და მის თანა იხარებდ. და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე ამანს, და ყო ეგრე, და მზა-ყვეს ძელი იგი და დადვეს სახლსა ამანისასა. |