ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამიტაცა სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება. და, აჰა, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცია და დავინახე მათ შორის იაზანია ყაზურის ძე და ფელატიაჰუ ბენაიაჰუს ძე - ხალხის მთავრები. |
1 |
და აღმიღო მე სულმან და მიმიყვანა მე ბჭესა ზედა სახლისა უფლისაჲსა, პირისპირსა, მხედველსა აღმოსავალთაჲთ, და, აჰა, წინაკართა ზედა ბჭისათა, ვითარცა ოთხნი და ხუთნი კაცნი; და ვიხილე საშუალ მათსა იეზონია იეზერისი და ფალტია ბანეესი, წინამძღვარნი ერისანი. |
2 | მითხრა: ადამის ძევ! ეს კაცები ავის მზრახველები არიან და ბოროტ რჩევას იძლევიან ამ ქალაქში. | 2 | და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, ესე კაცნი - გულისმსიტყუავნი ამაოთანი და განმზრახნი განზრახვასა ბოროტსა ქალაქისა ამის შორის, |
3 | ამბობენ: არ დამდგარა დრო სახლების შენებისა; ქვაბია ეს ქალაქი, ჩვენ კი ხორცი ვართო. | 3 | მეტყუელნი: არა ახლად აღეშენებიან სახლნი; ესე არს სიავი, ხოლო ჩუენ - ჴორცნი. |
4 | ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ! | 4 | ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო. |
5 | დამეცა უფლის სული და მითხრა: თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ლაპარაკობთ, ისრაელის სახლო, და რაც ფიქრად მოგდით, ვიცი მე. | 5 | და დავარდა ჩემ ზედა სული უფლისაჲ. და თქუა ჩემდამო: თქუ, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ესრეთ არქუ სახლსა ისრაჱლისასა: და განზრახვათაცა სულისა თქუენისათა მეცნიერ ვარ მე. |
6 | ბევრი გყავთ დახოცილი ამ ქალაქში და ქუჩები ავსებული გაქვთ დახოცილებით. | 6 | განამრავლენით მკუდარნი თქუენნი ქალაქსა ამას შინა და აღავსენით გზანი მისნი წყლულებითა. |
7 | ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენი დახოცილები, რომლებიც იქ დაგიყრიათ, ხორცია, ქალაქი კი - ქვაბი; თქვენ კი გაგიყვანთ იქიდან. | 7 | ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მკუდარნი თქუენნი, რომელნი დაჰსრენით საშუალ მისსა, იგინი არიან ჴორცნი, ხოლო თჳთ იგი - სიავი და თქუენცა გამო-ვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა. |
8 | მახვილის გეშინიათ და მახვილს მოგივლენთ! ამბობს ღმერთი. | 8 | მახჳლისაგან გეშინისყე და მახჳლი მოვაწიო თქუენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი. |
9 | გაგიყვანთ იქიდან და უცხოთესლის ხელში ჩაგაგდებთ; და განვსჯი თქვენს სამართალს. | 9 | და თქუენცა გამო-რაჲვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა, და მიგცნე თქუენ ჴელებსა უცხოთასა და ვყუნე შორის თქუენსა მშჯავრნი. |
10 | მახვილით დაეცემით, ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ. | 10 | და მახჳლითა დაეცნეთ მთათა ზედა ისრაჱლისჲთა, და გსაჯნე თქუენ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
11 | ქალაქი არ იქნება თქვენთვის ქვაბი და თქვენც არ იქნებით მასში ხორცად; ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ, | 11 | ეგე არა იყოს თქუენდა სიავად და თქუენ არა იქმნეთ მისსა ჴორც; შორის მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ. |
12 | და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, ვის წესებზეც არ გივლიათ და ვის რჯულზეც არ მოქცეულხართ; იმ ხალხების რჯულზე იქცეოდით, თქვენს გარშემო რომ არიან! | 12 | და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, რამეთუ მშჯავრთა ჩემთაებრ თქუენ არა ხჳდოდეთ და სამართალნი ჩემნი თქუენ არა დაიმარხენით, არამედ მიწესთა მათამდე წარმართთასა, რომელნი იყუნეს გარემო თქუენსა, მათ თანავე ხჳდოდეთ. |
13 | როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე, შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო ისრაელის ნატამალს? | 13 | და იყო წინაწარმეტყუელებასავე შინა ჩემსა და ფალტია ბანეაჲსი მოკუდა; და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და ჴმა-ვყავ ჴმითა დიდითა და ვთქუ: ჵ მე, ჵ მე, ადონაი უფალი, მოსასრულებელად ჰყოფ შენ დაშთომილთა ისრაჱლისათა! |
14 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: |
14 |
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
15 | ადამის ძევ! თქვენი ძმები, ძმები არიან ისინი, თქვენი სისხლით ნათესავნი და მთელი ისრაელის სახლი მთლიანად, რომელთაც ეუბნებიან იერუსალიმის მკვიდრნი: უფლისგან არიან განმდგარნი ეს ქვეყანა ჩვენ მოგვეცა სამკვიდროდო! | 15 | ძეო კაცისაო, ძმანი შენნი და კაცნი ტყუჱობისა შენისანი და ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ მოსრულდეს, რომელთა ჰრქუეს მათ მკჳდრთა იერუსალჱმისათა: შორად განდგომილ ხართ უფლისაგან; თქუენდა მოცემულ არს ქვეყანაჲ სამკჳდრებელად. |
16 | ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუმცა გადავკარგე ისინი ხალხთა შორის და თუმცა მიმოვფანტე ქვეყნებში, მაინც ვიქნები მათთვის საწმიდარი, თუნდაც მცირე, იმ ქვეყნებში, სადაც წავიდნენ. | 16 | ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, ვითარმედ განვიშორნე იგინი წარმართთა შორის და განვაბნინე იგინი ყოველსა ზედა ქუეყანასა და ვეყო მე მათ სიწმიდე მცირე სოფლებთა შორის, სადაცა შევიდენ მუნ. |
17 | ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შეგკრებთ ყველას ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც მიმოფანტული მყავხართ, და თქვენ მოგცემთ ისრაელის მიწას. | 17 | ამისთჳს არქუყე: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევიწყნარე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან, სადა განვსთესენ იგინი მათ შორის; და მივსცე მათ ქუეყანაჲ ისრაჱლისაჲ. |
18 | მივლენ იქ და წარხოცავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს. | 18 | და შევიდენ მუნ და აღსპნენ ყოველნი საძაგელებანი მათნი და ყოველნი უშჯულოვებანი მისნი მისგან. |
19 | მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ თქვენ; ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ, | 19 | და მივსცე მათ გული სხუაჲ და სული ახალი მივსცე მათ შორის და გამოვჰფხურა გული მათი ქვისაჲ და მივსცე მათ გული ჴორცისაჲ ჴორცისაგან მათისა. |
20 | რათა ჩემს წესებზე იარონ, ჩემი რჯული დაიცვან და შეასრულონ. მაშინ ჩემი ხალხი იქნება ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები. | 20 | რათა ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ და ჰყოფდენ მათ; და იყუნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად. |
21 | ხოლო ვისაც თავის სიბილწეებისკენ და სისაძაგლეებისკენ მიუდის გული, მათსავე საქმეებს დავატეხ თავზე, ამბობს უფალი ღმერთი. | 21 | და გულთაებრ საძაგელებათა მათთაჲსა და უსჯულოებათა მათთაჲსა, რომელნი ქმნნეს, ვითარცა გული მათი, ვიდოდა, გზანი მათნი თავთა მათთათა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი. |
22 | გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც მათ გაუსწორდა, და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ. | 22 | და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი მათნი, მახლობელნი მათნი, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მათ ზედა, ზეშთა ზედაჲთ მათსა. |
23 | აიმართა უფლის დიდება ქალაქიდან და დაადგა მთას ქალაქის აღმოსავლეთით რომ არის. | 23 | და აღვიდა დიდებაჲ უფლისაჲ საშუალისაგან ქალაქისა და დადგა მთათა ზედა, რომელი იყო პირისპირ ქალაქისა. |
24 | სულმა ამიტაცა და ხილვაში, ღვთის სულით, მიმიყვანა ქალდეაში გადასახლებულებთან. და გამშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე. | 24 | და სულმან აღმიღო მე და მიმიყვანა ქუეყანად ქალდეველთა, ნატყუენავისა მიმართ სულითა ხილვისა ღმრთისაჲთა; და აღვედ ხილვისაგან, რომელი ვიხილე. |
25 | მერე ვუამბე გადასახლებულებს ყველაფერი, რაც უფალმა მახილვინა მე. | 25 | და ვიტყოდე ტყუეობისა მიმართ ყოველთა სიტყუათა უფლისათა, რომელნი მიჩუენნა მე. |