ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო ჩემს მომართ უფლის სიტყვა ნათქვამი:

1

და იქმნა სიტუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ადამის ძევ, ურჩთა სახლის შუაგულში ცხოვრობ შენ. თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ სასმენად და არ ესმით, რადგან ურჩთა სახლია ისინი. 2 ძეო კაცისაო, საშუალ უსამართლობათა მათთა დამკჳდრებულ ხარ შენ, რომელთა ჰქონან თუალნი ხედვად, და ვერ ჰხედვენ, და ყურნი ასხენ სმენად, და არა ესმისყე მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.
3 ამიტომ, ადამის ძევ, ყარიბივით გამოეწყვე და გადი საყარიბოდ დღისით, მათ თვალწინ; იყარიბე შენი ადგილიდან სხვა ადგილას მათ თვალწინ, ვინძლო დაინახონ, რომ ურჩთა სახლი არიან. 3 და შენ, ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭელნი ტყუეობისანი და ტყუე იქმენ წინაშე მათსა. და ტყუე იქმენ ადგილისაგან შენისა ადგილისა მიმართ სხჳსა, წინაშე მათსა, რაჲთა იხილონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.
4 გამოიტანე შენი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით მათ თვალწინ, და გადი საღამოთი მათ თვალწინ საყარიბოდ გამსვლელთა მსგავსად. 4 და განიღო ჭურჭლები შენი, ვითარცა ჭურჭლები დღისა ტყუეობისაჲ,
5 მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და ხვრელში გაიტანე. 5 წინაშე თუალთა მათთა და შენ გამოხჳდე მიმწუხრი წინაშე მათსა, ვითარცა განვალნ ტყუე, დასთხარო თავისა შენისად ზღუდისა შორის და განხჳდე მის მიერ.
6 მათ თვალწინ ზურგზე აიკიდე შენი ტვირთი და ბნელში გაიტანე; სახე დაფარული გქონდეს, რომ არ უყურებდე მიწას, რადგან ნიშნად დამიდგენიხარ ისრაელის სახლისთვის. 6 წინაშე მათსა ვიდოდე მღუნვარედ და დაფარულად განხჳდე, პირი შენი დაიბურო ფიჩჳთა და არა იხილო ქუეყანაჲ მით, რამეთუ ნიშად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა.
7 ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა: გამოვიტანე ჩემი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით, საღამოთი კი ჩემი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელში გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ. 7 და ვყავ ეგრეთ ყოველთაებრ, რაოდენნი მამცნო მე უფალმან: და მოვიხუჱნ ჭურჭელნი, ვითარცა ჭურჭელნი დღისა ტყუეობისანი, და მიმწუხრი დაუთხარე თავსა ჩემსა ზღუდე ჴელითა, და დაფარულად ფიჩვითა გამოვედ მღუნვარედ მათ წინაშე.
8 იყო უფლის სიტყვა დილით ჩემს მომართ ნათქვამი: 8 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი განთიად:
9 ადამის ძევ! ხომ არ უკითხავს შენთვის ისრაელის სახლს, ურჩთა სახლს, ამას რას აკეთებო? 9 ძეო კაცისაო, არა ვთქუა შენდამი, სახლი ისრაჱლისაჲ სახლი განმამწარებელი არს? გრქუან, თუ რასა ჰყოფ შენ?
10 უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ეს განაჩენი ეხება მთავარს იერუსალიმში და მთელს ისრაელის სახლს, ვინც იქ არის. 10

თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მთავარსა და წინამძღუარსა იერუსალიმსშინასა და ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა, რომელნი არიან შორის მათსა,

11

უთხარი, ნიშნად ვარ-თქო თქვენთვის; როგორც მე ვიქცევი, ისე დაემართებათ მათ: ყარიბობაში, ტყვეობაში წავლენ-თქო.

11 თქუ მათდა მიმართ, ვითარმედ: მე ნიშებსა ვჰყოფ, ვითარსახედ ვყავ, ესრეთ ყონ მათ, გარდასახლებად და ტყუეობად განვიდენ.
12 მთავარი, რომელიც მათ შორის არის, ტვირთს აიკიდებს ზურგზე ბნელში და გავა; კედელს გაანგრევენ, რომ გაიყვანონ; სახეს დაიფარავს, რომ ვეღარ იხილოს მისმა თვალმა ეს ქვეყანა. 12 და მთავარნი მათნი შორის მათსა მღუნვარედ ვიდოდიან და დაფარულად ფიჩვითა განვიდენ ზღუდით; და განთხაროს, გამოსლვასა მისსა მიერ პირი მისი დაიბუროს, რაჲთა არა იხილოს თუალითა, და მან ქუეყანაჲ არა იხილოს.
13 მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება. 13 და განვფინო ბადე ჩემი მის ზედა და შეპყრობილ იქმნეს გარემოცვითა ჩემითა. და მოვიყვანო იგი ბაბილონად, ქუეყანად ქალდეველთა, და იგი არა იხილოს და მუნ აღესრულოს.
14 ყველას, მის გარშემო მყოფს, მის შემწეს და მთელს ლაშქარს გავფანტავ ყველა ქარის მიმართულებით და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე. 14 და ყოველნი გარემოჲსნი მისნი შემწენი მისნი და ყოველნი მეშუელნი მისნი განვსთესნე ყოვლისა მიმართ ქარისა და მახჳლი განვჰფინო უკანა მათსა.
15 მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა გავაბნევ ხალხებში მათ და ქვეყნებში მიმოვფანტავ. 15 და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი, განვაბნინე რაჲმე იგინი წარმართთა შორის და განვსთესნე სოფლებსა შორის.
16 მაგრამ გადავარჩენ მათგან მცირე რიცხვს მახვილისგან, შიმშილისგან და ჭირისგან, რათა იამბონ თავიანთი სისაძაგლეები იმ ხალხში, ვისთანაც მივლენ. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. 16 და მოვიხუნე მათგან კაცნი რიცხუეულნი მახჳლისაგან და სიყმილისაგან და სიკუდილისა, რაჲთა მიუთხრობდენ ყოველთა უსჯულოებათა მათთა წარმართთა შორის, სადა მივიდენ, მუნ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.
17 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 17 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
18 ადამის ძევ! კანკალით ჭამე შენი პური და შიშით და ძრწოლით სვი შენი წყალი! 18 ძეო კაცისაო, პური შენი ნაკლულევანებითა შენითა შჭამო და წყალი შენი ტანჯვით და ჭირით ჰსუა.
19 უთხარი ამ ქვეყნის ხალხს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი იერუსალიმის მკვიდრთა გამო ისრაელის მიწაზე: ძრწოლით შეჭამენ თავიანთ პურს და სასოწარკვეთაში შესვამენ წყალს, რადგან მისი მიწა დაცარიელდება თავისი სისავსისგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო. 19 და სთქუა ერისა მიმართ ქუეყანისაჲსა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი დამკჳდრებულთა იერუსალჱმს და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა: პურსა მათსა ნაკლულევანებით ჭამდენ და წყალსა მათსა უჩინოქმნულებით სუმიდენ, რაჲთა უჩინო იქმნეს ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით უთნოობითა ყოველთა დამკჳდრებულთაჲთა მის ზედა.
20 აოხრდება დასახლებული ქალაქები და გაუდაბურდება ქვეყანა; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ. 20

და ქალაქნი მათნი მკჳდროანნი მოოჴრდენ. და ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად იყოს. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

21

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

21 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
22 ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე, ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო? 22 ძეო კაცისაო, რაჲ არს იგავი ესე თქუენდა, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა მეტყუელთაჲ: შორს არიან დღენი, წარწყმდა ყოველი ხილვაჲ?
23 ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ ამ ანდაზას და აღარ იანდაზებს ის ისრაელში; არამედ უთხარი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულება-თქო; 23 ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოვაქციო იგავი ესე. და არღა იტყოდიან იგავსა მაგას სახლი ისრაჱლისაჲ; რამეთუ თქუას მათდამი მეტყუელმან: მოეახლნეს დღენი და სიტყუაჲ ყოვლისა ხილვისაჲ
24 რადგან არცერთი ხილვა ფუჭად არ ჩაივლის და არც მაცთუნებელი მისნობა ისრაელის სახლში; 24 მით, რამეთუ არა იყოს მერმე ყოველი ხილვაჲ ტყუილ და მმისნობი მოსამაღლებელად შორის ძეთა ისრაჱლისათასა.
25 რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ; რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; რადგან თქვენს დღეებში, ურჩთა სახლო, ვილაპარაკებ სიტყვას და ავახდენ, ამბობს უფალი ღმერთი. 25 მით, რამეთუ მე, უფალი, ვიტყოდი სიტყუათა ჩემთა, ვიტყოდი და ვქმნა და არა განვაგრძო მერე მით, რამეთუ დღეთა შინა თქუენთანა სახლი ისრაჱლისა განმამწარებელი არს, ვთქუა სიტყუაჲ და ვქმნა, - იტყჳს ადონაი. უფალი.
26 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 26 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
27 ადამის ძევ! აჰა, ამბობს ისრაელის სახლი: ხილვა, რომელიც მან იხილა, მალე არ ახდებაო; შორეული დროისთვის წინასწარმეტყველებსო. 27 ძეო კაცისაო, აჰა, სახლი ისრაჱლისაჲ, განმამწარებელი ჩემი, მეტყუელნი იტყჳან: ხილვა ესე, რომელსა იხილავს დღეთა მიმართ მრავალთა და ჟამთა მიმართ გრძელთა, წინაწარმეტყუელებს ესე;
28 ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: არცერთი ჩემი სიტყვა მეტად აღარ გადაიდება; რა სიტყვაც არ უნდა ვთქვა, ახდება, ამბობს უფალი ღმერთი. 28 ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა განგრძნენ მერმე ყოველნი სიტყუაჲნი ჩემნი, რომელთაცა ვიტყოდი, რამეთუ ვთქუა სიტყუაჲ და ვყო იგი, - იტყჳს ადონაი უფალი.