ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ადამის ძევ! მიეცი გამოცანა და შეუთხზე იგავი ისრაელის სახლს: 2 ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი სახლისა მიმართ ისრაჱლისა,
3 უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს; 3 და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არწივი დიდი, ქველნაბრდღუენი, ფრთადიდი, ხანიერი განვრცობითა, მკლავმაგარი, სავსე ფრჩხილებითა, რომელსა აქუს მიმართებაჲ შესლვად ლიბანედ, და შევიდა და მიიხუნა ურჩეულესნი ნაძჳსანი,
4 მოსტეხა ზემოთა ყლორტი, წაიღო ქანაანის ქვეყნად და მოვაჭრეთა ქალაქში დადო. 4 მწუერვალნი სიჩჩოჲსა მისისანი მოჰფხანნა და მოიხუნა იგინი ქუეყანად ქანანისა, ქალაქსა შინა მოზღუდვილსა დასხნა იგინი.
5 აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩათესა ნაყოფიერ ყანაში; უხვ წყლებთან დადო და დარგო ტირიფივით. 5 და მოიღო თესლისაგან ქუეყანისა და მისცა იგი ველად, ნერგი წყალსა ზედა მრავალსა და ძირნი მისნი მას ზედა იყვნენ, ზედასახედავებად დააწესნა იგინი.
6 აღმოცენდა და შეიქნა რტოგაშლილი და ტანდაბალი ვაზი, რომლის ტოტები არწივისკენ იხრებოდა და ფესვები მისი მის ქვეშ იყო. შეიქნა ვაზი, რქა გამოიღო და გაუშვა ტოტები. 6 და აღმოსცენდა და იქმნა ვენაჴად უძლურად და კნინად სიდიდითა და სახედავად მისსა, და რტონი მისნი მის ზედა და ძირნი მისნი ქუეშე კერძო მისსა იყვნეს; და იქმნა ვენაჴად და ყვნა წიდნენი და განვრცნა ბაბილონი მისნი.
7 იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და უხვბუმბულიანი; და, აჰა, ეს ვაზი თავისი კვალიდან, სადაც დარგული იყო, ფესვებს იწვდიდა მისკენ და უშვერდა ტოტებს დასარწყულებლად. 7 და იქმნა სხუაჲ არწივი დიდი, ფრთადიდი და მრავალი ფრჩხილებითა; და, აჰა, ვენაჴი იგი, გარემოხუეული მისდამი, და ძირნი მისნი მისსა მიმართ და რტონი მისნი გამოუვლინნა მას მორწყვად იგი მასკნესა თანა მორჩისაგან ნერგობისა მისისა ველსა ზედა კარგსა,
8 მადლიან ველზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ გაეკეთებინა რტო და გამოეღო ნაყოფი, დიდებული ვაზი გამხდარიყო. 8 წყალთა შორის მრავალთა, ეგერა, განპოხნების ყოფად მორჩთა და გამოღებად ნაყოფსა, ყოფად ვენაჴად დიდად.
9 უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იღორძინებს თუ არა? არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს? გაუხმება ყველა ამოყრილი ყლორტი, გახმება; მაგარი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ თავის ფესვს მოსწყვიტონ. 9 ამისთჳს არქუ მათ, იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ წარიმართოს, არა ძირნი მისნი სიჩჩოჲსა მისისანი და ნაყოფი მისი დალპეს და განჴმენ ყოველნი პირველაღმონაცენნი მისნი; და არა მკლავითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ვყო მოფხურაჲ მისი ძირთაგან მისთა.
10 აჰა, დარგულია, მაგრამ თუ იღორძინებს? განა არ გახმება, როცა აღმოსავლეთის ქარი ეძგერება? იმ კვალშივე გახმება, სადაც აღმოცენდა. 10 და აჰა, განპოხნების, ნუსადა წარიმართოს, არა მობერვასა თანა ქარისა ცხელისასა განჴმესა სიჴმელითა მასკნესა თანა აღმოსავალისა მისისასა და ნერგობაჲ მისი განჴმეს?
11 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 11 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო,
12 უთხარი ურჩ სახლს: ნუთუ ვერ ხვდები, რას მოასწავებს ესენი? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში. 12 არქუ უკუე სახლსა ამას განმამწარებელსა; არა უწყით, რაჲ არიან ესენი? თქუ მათდამი: აჰა, მოვალს მეფე ბაბილონისაჲ ისრაჱლსა ზედა და მიიღოს მეფე მისი და მთავარნი მისნი და წარიყვანნეს იგინი თავისა თჳსისა თანა ბაბილონდ.
13

აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე და აღთქმა დაუდო; ფიცში შეიყვანა და წაასხა ძლიერნი ქვეყნისა;

13

და მიიღოს თესლისაგან მეფობისაჲსა და დადვას მის თანა აღთქმაჲ და შეიყვანოს იგი წყევასა შინა და წინამძღუარნი ქუეყანისანი მიიხუნეს.

14 რომ დამდაბლებულიყო სამეფო და არ გაამაყებულიყო, რომ დაეცვა მისი აღთქმა და გადარჩენილიყო. 14 ქმნად სამეფოდ უძლურად ყოვლითურთ არამაღლებად, არამედ დამარხვად აღთქმაჲ მისი და დამტკიცებად იგი.
15 ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მოეცათ მისთვის; განა იღორძინებს და გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება? 15 და განდგეს მისგან განვლინებად მიმთხრობელთა ეგჳპტედ, რაჲთა მოსცენ მას ცხენები და ერი მრავალი. უკუეთუ წარემართოს, ანუ განერეს მოქმედი წინააღმდგომთაჲ? და გარდამავალი აღთქმისაჲ უკუეთუ ცხონდეს?
16 ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ თავისი გამამეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში, არ მოკვდეს ის, ვინც შეიძულა ფიცი და აღთქმა დაარღვია! 16 ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა თუ ადგილსა შინა, რომელსა მეფე, მეფემყოფელისა მისისა, რომელმან უპატივო-ყო ფიცი ჩემი და რომელი გარდაჰჴდა აღთქმასა ჩემსა, მის თანა საშუალ ბაბილონისა აღესრულოს.
17 ვერაფერს უშველის ბრძოლაში ფარაონი დიდძალი ლაშქრითა და ურიცხვი ხალხით, როცა აღიმართება მიწაყრილები და აიგება გოდლები მრავალი სულის გასაწყვეტად. 17 არა ძალითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ხოლო ყოს მისდა მიმართ ფარაო ბრძოლაჲ ლაშქრის მოდგმითა და შენებითა ისრის საყენებელთაჲთა აღებად სულთა მრავალთა.
18 შეიძულა ფიცი აღთქმის დასარღვევად და, აჰა, მისცა თავისი ხელი და ყოველივე ეს ჩაიდინა, ამიტომაც არ გადარჩება. 18 და შეურაცხ-ყო ფიცი გარდასლვითა მცნებისაჲთა და, აჰა, მივეც ჴელი მისი და ყოველნი ესე უყვენ მას; არა განერეს.
19 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვფიცავ, თუ მის თავზე არ მოვაქციე ჩემი ფიცი, რომელიც შეიძულა, და ჩემი აღთქმა, რომელიც დაარღვია! 19 ამისთჳს ვთქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ცხოველ ვარ მე? უკუეთუ არა აღთქუმაჲ ჩემი, რომელსა გარდაჰჴდა, და ფიცი ჩემი, რომელი შეურაცხყო, და მივსცე იგი თავისა მიმართ მისისა.
20 მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაეხვევა ჩემს ბადეში; წავიყვან ბაბილონში და იქ მოვკითხავ მას მისი ვერაგობის გამო, რაც მივერაგა. 20 და გარდავჰფინო მის ზედა ბადე ჩემი და მოსრულდეს გარემოდგომასა შინა მისსა; და შთავაწიო იგი ბაბილონდ და განვისაჯო მისა თანა მუნ სიცრუჲსათჳს მისისა რომელი იცრუა ჩემდამო.
21 მახვილით დაეცემა, ვინც კი გაიქცევა მისი რაზმიდან; დარჩენილები კი ყველა ქარის მიმართ გაიფანტებიან. მაშინ მიხვდებით, რომ მე, უფალი, ვლაპარაკობდი. 21 ყოველთა მიერ ლტოლვათა მისთა და ყოველნი რჩეულნი მისნი ყოველსა შინა წყობასა მისსა მახჳლისა მიერ დაეცნენ და ნეშტნი მისნი ყოვლისა ქარისა მიმართ განვსთესნე; და სცნათ, ვითარმედ მე უფალი ვიტყოდე.
22 ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავიღებ ტოტს მაღალი ნაძვიდან და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ყველაზე ნაზს და მაღალ და ასვეტილ მთაზე დავრგავ. 22 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და მივიღო მე რჩეულთაგან ნაძჳსა, მაღლისა თხემისაგან, და მივსცე თავისაგან მწუერვალთა მისთაჲსა, გულისაგან თხემისა მისისა მოვკაფო და დავჰნერგო მთასა ზედა მაღალსა მე.
23 ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ მას, აუშვებს ტოტებს და ნაყოფს გამოიღებს; გახდება დიდებული ნაძვი, დასახლდება მის ქვეშ ყოველგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში ყოველი ფრთოსანი დაიბუდებს. 23 და გამოვჰკიდო იგი მთასა ზედა განსაცხრომელსა ისრაჱლისასა და დავჰნერგო იგი, და გამოიღოს მორჩი, და ყოს ნაყოფი და იყოს ნაძუად დიდად. და განისუენებდეს ქუეშე მისსა ყოველი ქათამი და ყოველმან მფრინველმან ქუე საგრილსა რტოთა მისთასა განისუჱნოს და რტონი მისნი კუალად მოეგნენ.
24 მიხვდებიან მინდვრის ხეები, რომ მე, უფალი, ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლს ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ. 24 და ცნან ყოველთა ხეთა ველისათა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი დავამდაბლებ ხესა მაღალსა და აღვამაღლებ ხესა მდაბალსა, და განვაჴმობ ხესა ნედლსა და განვამორჩებ ხესა ჴმელსა, მე უფალმან ვთქუ და ვყო.