ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა მეათორმეტესა წელსა, მეათორმეტესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 ადამის ძევ! გამართე გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი: ჭაბუკ ლომს ჰგავდი ხალხთა შორის და გველეშაპივით იყავი-თქო ზღვებში! ირქინებოდი შენს მდინარეებში და ფეხებით ამღვრევდი წყლებს, თელავდი-თქო მათ მდინარეებს. 2 ძეო კაცისაო, აღიღე გოდება მეფობასა ზედა ფარაო ეგჳპტისაჲსასა და ჰრქუა მას: ლომსა წარმართთასა ემსგავსე შენ; და ვითარცა ვეშაპი ზღჳსშინაჲ, და ურქენდი მდინარეთა შორის შენთა და აღამარღჳე წყალი ფერჴებითა შენითა და დასთრგუნევდ მდინარეთა შენთა.
3 ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემ სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით. 3 ამას იტყჳს ადონაი უფალი: და გარემოვასხნე შენ ზედა ბადენი ჩემნი შესაკრებელსა ერთა მრავალთასა და აღმოგიღო შენ სამჭედურითა ჩემითა
4 მოგისვრი მიწაზე და ტრიალ მინდორზედ დაგაგდებ, დავასახლებ შენზე ცის ყოველ ფრინველს და მიწის ყოველ მხეცს შენით გამოვკვებავ. 4 და განგართხა შენ ქუეყანასა ზედა, პირსა ზედა ველისასა დაგამჴუა შენ, ველნი განძღენ შენგან. და დაგასხნე შენ ზედა ყოველნი მფრინველნი ცისანი და განვაძღნე შენგან ყოველნი მჴეცნი ყოვლისა ქუეყანისანი.
5 მიმოვფანტავ შენს ხორცს მთებზე და ხევებს ავავსებ შენი მძორით. 5

და მივსცნე ჴორცნი შენნი მთათა ზედა და აღვავსო სისხლისაგან შენისა ყოველი ქუეყანაჲ.

6 შენი სისხლით მოვრწყავ შენს საზრუნველ მიწას მთებამდე და შენით აივსება კალაპოტები. 6 და მოირწყოს ქუეყანაჲ წუთხთაგან შენთა სიმრავლისაგან შენისა მთათა ზედა; და ჴევნებნი აღივსნეს შენგან.
7 დავხურავ, როცა ჩაგაქრობ, ცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს; მზეს ღრუბლით შევბურავ და მთვარე აღარ გაანათებს თავისი ნათელით. 7 და დავფარო ცაჲ დაშრეტასა შინა შენსა და დავაბნელნე ვარსკულავნი მისნი, მზე ღრუბლისა მიერ დავფარო და მთოვარემან არა აჩუენოს ნათელი თჳსი.
8 ყოველ მანათობელ მნათობს დაგიბნელებ ცაზე და შენს დანგრევას გამოვაცხადებ ქვეყანათა ხალხებში, რომელთაც არ იცნობდი. 8 ყოველნი მნათობნი ცისანი დავაბნელნე შენ ზედა და მივსცე ბნელი ქუეყანასა ზედა შენსა, - იტყჳს ადონაი უფალი.
9   9 და განვარისხო გული ერთა მრავალთაჲ, ოდეს-იგი განვავლინო ტყუეობაჲ შენი წარმართთა შორის ქუეყანად, რომელი არა უწყოდე.
10 შევაძრწუნებ შენს გამო უამრავ ხალხს და შიშის ზარი დაეცემათ მათ მეფეებს შენს გამო, როცა მოვიქნევ მათ ზემოთ ჩემს მახვილს და ყოველ წამს სიკვდილის შიში ექნებათ შენი დაცემის დღეს. 10 და დაწუხდენ შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, და მეფენი მათნი განკრთომით განჰკრთენ და ფრინვასა შინა მახჳლისა ჩემისასა წინაშე პირსა მათსა, მომლოდენი დაცემასა მათსა დღითგან დაცემისა შენისაჲთ,
11 რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოვა შენზე. 11 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მახჳლი მეფისა ბაბილოვნისაჲ მოიწიოს შენ ზედა.
12

ძლიერთა მახვილებით დავცემ შენს სიმრავლეს; ხალხთა შორის უსასტიკესნი არიან ყველანი და გააცამტვერებენ ეგვიპტის სიამაყეს; განადგურდება მთელი მისი სიმრავლე.

12

მახჳლებითა გმირთაჲთა და შთამოვაქუეო ძალი შენი, ბუგრნი წარმართთაგან ყოველთა, და წარწყმიდონ გინებაჲ ეგჳპტისა და შეიმუსროს ყოველი ძალი მისი.

13 ამოვწყვეტ მთელს მის პირუტყვს დიდ წყლებთან და აღარ აამღვრევს მათ კაცის ფეხი, პირუტყვის ჩლიქები აღარ აამღვრევს მათ. 13 და წარვწყმიდნე ყოველნი საცხოვარნი მისნი წყლისა მიერ მრავლისა და არა აღთქუეფოს იგი ფერჴმან კაცისამან არა მერმე და კუალმან საცხოვრისამან არა დატკებნოს იგი ესრეთ.
14 მაშინ დავამდოვრებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ, ამბობს უფალი ღმერთი. 14 მაშინ დაყუდნენ წყალნი მათნი და მდინარენი მათნი, ვითარცა ზეთნი, ვიდოდიან, - იტყჳს ადონაი უფალი.
15 როცა უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გატიალდება მთელი სისავსე მისი, როცა მოვწყლავ მის ყოველმცხოვრებს, მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. 15 ოდეს მივსცე ვგჳპტე წარსაწყმედელად და მოვაოჴრო ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით, ოდეს განვსთესნე ყოველნი დამკჳდრებულნი მის შორის, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.
16 საგოდებელია ეს და იგოდებენ ამ საგოდებელს; ხალხთა ასულნი იგოდებენ მას, ეგვიპტეზე და მთელს მის სიმრავლეზე იგოდებენ, ამბობს უფალი ღმერთი. 16 გოდებაჲ არს და ჰგოდებდენ მას; და სულნი წარმართთანი ჰგოდებდენ მას ეგჳპტესა ზედა და ყოველსა ზედა ძალსა მისსა ჰგოდებდენ მას, - იტყჳს ადონაი უფალი.
17 მეთორმეტე წელს, იმავე თვის თხუთმეტში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 17 და იყო მეათორმეტესა შინა წელსა, პირველსა თთუესა, მეათხუთმეტესა თთჳსასა, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
18 ადამის ძევ! დაიტირე ეგვიპტელთა სიმრავლე, ჩაიყვანე ის და ძლიერ ხალხთა ასულნი ქვეშეთის ქვეყანაში საფლავად ჩამავლებთან ერთად! 18 ძეო კაცისაო, გოდებდ ძალსა ზედა ეგჳპტისასა და მიდრეკილმან მოიზიდე იგი და შთაიყვანენ ასულნი მისნი, წარმართთა მკუდარნი, სიღრმედ ქუეყანისა, შთამავალთა მიმართ მღჳმედ.
19 ვისზე ლამაზი ხარ? ჩადი და იწექი წინდაუცვეთლებთან! 19 წყალთაგან შუენიერთა შთავიდეს და დაიძინოს წინადაუცუეთელთა თანა.
20 მახვილით განგმირულთა შორის დაცემიან; მახვილს არის მიცემული იგი, წაათრევენ მას და მთელს მის სიმრავლეს. 20 საშუალ წყლულთა მახჳლისათა დაეცნენ მის თანა და დაიძინოს ყოველმან ძალმან მისმან.
21 ძლიერნი გაეხმიანებიან მას და მის შემწეთ ქვესკნელის გულში; ჩავიდნენ, წვანან წინდაუცვეთელნი, მახვილით განგმირულნი. 21 და გრქუან შენ გმირთა: სიღრმესა შინა მთხრებლისასა იქმენ, ვისსა უმჯობეს ხარ? შთავედ, დაიძინე წინადაუცვეთელთა თანა, საშუალ წყლულთა მახჳლისათა.
22 იქ არის აშური და მთელი მისი კრებული, მის გარშემო მისი საფლავებია; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, 22 მუნ ასსურ და ყოველი შესაკრებელი მისი, ყოველნი წყლულნი მუნ.
23

რომელთა საფლავები ქვეშეთის უკანასკნელშია დადგმული და მისი კრებული მის საფლავების ირგვლივაა; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.

23

მიეცეს საფლავი მათი სიღრმესა შინა მთხრებლისასა; და იყოს შესაკრებელი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა, ყოველნი წყლულნი დაცემულნი მახჳლითა, რომლთა მისცნეს საფლავნი მათნი ნაწილთა შორის ჴნარცჳსათა. და იქმნა შესაკრებელი გარემო, შორის საფლავისა მისისა; ყოველთა მათ წყლულთა, დაცემულთა მახჳლითა, იხილეს საფლავი მისი ქუეყანასა შინა ცხორებისასა და მოიღონ ტანჯვაჲ მათი შთაყვანებადთა თანა მთხრებლად.

24 იქ არის ელამი და მთელი მისი სიმრავლე, მისი საფლავების ირგვლივ; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომლებიც წინდაუცვეთელად ჩავიდნენ ქვეშეთის ქვეყნად, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას და წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად. 24 მუნ ელამ და ყოველი ძალი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა და ყოველი სიმრავლე მისი, ყოველნი წყლულნი, დაცემულნი მახჳლებითა, და შთამავალნი, წინადაუცვეთელნი ქუეყანად სიღრმესა, რომელთა მისცეს შიში მათი ქუეყანასა ზედა ცხოვრებისასა და მოიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მღჳმედ, საშუალ წყლულთასა
25 განგმირულთა შორის მიეცა საწოლი მთელს თავის სიმრავლესთან ერთად; მის გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმარულნი; რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად; განგმირულთა შორის მიეცათ სამყოფელი. 25 მიეცა საწოლი მისი, ყოვლისა თანა სიმრავლისა, თითოეულისა გარემოჲს საფლავი მისი, ყოველთა წინადაუცვეთელთა წყლულთა მახჳლითა.
26 იქ არიან მეშექი და თუბალი და მთელი მისი სიმრავლე; მათ გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას. 26 მუნ მიეცნეს მოსოქ და თობელ და ყოველი ძალი თითოეულისა მათისა, საფლავისა მისისა გარემოჲსთაგანისა, ყოველნი წყლულნი მათნი, ყოველნი წინადაუცვეთელნი, წყლულნი მახჳლისა მიერ, მიმცემელნი შიშსა მათსა ქუეყანასა ზედა ცხორებისასა.
27 არ უნდა იწვნენ ძლიერებთან, წინდაუცვეთელად დაცემულებთან ერთად, რომლებიც ჩასულნი არიან შავეთში თავიანთი საომარი საჭურველით, მახვილები თავქვეშ რომ აქვთ ამოდებული, მათი ცოდვები კი მათ ძვლებზევეა, რადგან ძლიერთა შიშისზარი ჰქონდა ცოცხალთა ქვეყანას? 27 და დაიძინეს გმირთა თანა, დაცემულთა საუკუნეთა და საუკუნითგან, რომელნი შთავიდეს ჯოჯოხეთად საჭურველთა მათთა თანა საბრძოლელთა; და დასხნეს მახჳლნი მათნი ქუეშე თავთა მათთა, და იქმნეს უსჯულოებანი მათნი ძუალთა ზედა მათთა, რამეთუ ეშიშვოდეს გმირთა ცხორებასა შინა მათსა, და შიში მძლავრთაჲ იყო ქუეყანასა შინა ცოცხალთასა.
28 შენც წინდაუცვეთელთა შორის შეიმუსრები და მახვილით განგმირულებთან დაწვები. 28 და შენ შორის წინადაუცუეთელთასა შეიმუსრო და დაიძინო წყლულთა თანა მახჳლითა.
29 აქ არის ედომი, მისი მეფენი და მთავარნი, რომლებიც მიეცნენ თავიანთი სიძლიერით მახვილით განგმირულებთან ერთად; წინდაუცვეთელებთან წვანან ისინი და საფლავად ჩასულებთან. 29 მუნ ედომ და მოსოქ, მეფენი მისნი, და ყოველნი მთავარნი მისნი, მიმცემელნი ძალსა მათსა წყლულებად მახჳლისა, ამათ წყლულთა თანა დაიძინეს, შთამავალთა თანა მღჳმედ.
30 იქ არიან ჩრდილოეთის ხელმწიფენი, ყველანი და ყოველი ციდონელი, რომლებიც ჩავიდნენ განგმირულებთან ერთად მათი ძლიერების შიშისზარით სირცხვილნაჭამნი და წვანან წინდაუცვეთელნი მახვილით განგმირულებთან ერთად და წაღებული აქვთ თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად. 30 მუნ მთავარნი ჩრდილოჲსანი, ყოველნი იგი, ყოველნი ლაშქრის მძღუარნი ასსურისანი, შთამავალნი წყლულნი შიშისა თანა მათისა და ძალისა მათისა, დაიძინეს წინადაუცუეთელთა წყლულთა თანა მახჳლისათა, და წარიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მთხრებლად.
31 მათ იხილავს ფარაონი და ნუგეშს იცემს მთელი თვისი სიმრავლის გამო, მახვილით განგმირულთა გამო, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი, ამბობს უფალი ღმერთი. 31 იგინი იხილნეს მეფემან ფარაო და ნუგეშინისცემულ იქმნეს ყოველსა ზედა ძალსა მათსა, წყლულებ მახჳლითა ფარაო და ყოველი ძალი მისი, - იტყჳს უფალი, უფალი.
32 რადგან შიშისზარს დავცემ ცოცხალთა ქვეყანას და დაწვებიან წინდაუცვეთელთა შორის მახვილით განგმირულებთან ერთად ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი. 32 რამეთუ მივეც შიში მისი ქუეყანასა ზედა ცხორებისასა, და დაიძინოს შორის წინადაუცვეთელთა წყლულთა მახჳლისათა, ფარაო და ყოველმან სიმრავლემან მისმან, - იტყჳს უფალი, უფალი.