ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ, ჩემდამო მეტყველი:

2 ადამის ძევ! ელაპარაკე შენი ერის შვილებს და უთხარი მათ: თუ რომელიმე ქვეყანას მოვუვლენ მახვილს და ამ ქვეყნის ხალხი ამოირჩევს თავისი წიაღიდან ერთ კაცს და თავის მფარველად დაადგენს მას, 2 ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა და სთქუა მათდამი: ქუეყანასა, რომელსაცა ზედა მოვჴადო მახჳლი მე, და მოიყვანოს ერმან ქუეყანისამან კაცი ერთი მათგანი და მისცენ იგი თავთა მათთა ებგურად.
3 დაინახავს ის ქვეყანაზე მოვლენილ მახვილს, დასცემს ბუკს და გააფრთხილებს ხალხს; 3 და უკუეთუ იხილოს ებგურმან მახჳლი მომავალი ქუეყანასა ზედა, და საყჳრ-სცეს საყჳრსა და დაუნიშნოს ერსა.
4 თუ ისმინა მსმენელმა ბუკის ხმა და არ გაფრთხილდა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა იგი, მისი სისხლი მის თავზე იქნება. 4 და ესმეს მსმენელსა ჴმაჲ საყჳრისაჲ და არა დაცვა-ყოს და ზედამოვიდეს მახჳლი და ეწიოს მას, სისხლი მისი თავსა ზედა მისსა იყოს.
5 ბუკის ხმა მოესმა და არ გაფრთხილდა, მისი სისხლი მასზე იქნება; ვინც გაფრთხილება, თავს გადაირჩენს. 5 რამეთუ ჴმასა საყჳრისასა მსმენელმან არა დაცვა-ყო, სისხლი მისი მას ზედა იყოს; და ესრეთ და რამეთუ დაცვა-ყო, სული თჳსი განირინა.
6 თუ მფარველმა დაინახა წამოსული მახვილი და ბუკს არ დასცა და ხალხი არ გააფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა ვინმე მათგანი, ეს თავისი ცოდვის გამო წაიყვანება, მაგრამ მის სისხლს მფარველს მოვკითხავ. 6 და ებგურმან უკეთუ იხილოს მახჳლი მომავალი და არა საყჳრ-სცეს საყჳრსა და არ დაუნიშნოს ერსა, და ერმან არა დაცვა-ყოს და ზედამოსრულმან მახჳლმან მიიღოს მათგან სული, იგი უკუე ცოდვისათჳს თავისა თჳსისა მიღებულ იქმნა, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან ებგურისა გამოვიძიო.
7 აჰა, ადამის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ, ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი. 7 და შენ, ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა. და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუაჲ და წინდაცვულ ყუნე იგინი ჩემ მიერ.
8 როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. 8 თქუმასა შინა ჩემგან ცოდვილისასა: ცოდვილო, სიკუდილით მოჰკუდე, და არა კრძალვა-სცე ცოდვილსა დაცვად უთნოობაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა, ცხოვნებად ძიებად მისსა, უსჯულო იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.
9 თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს. 9 ხოლო შენ უკუეთუ წინამიუთხრა უთნოსა გზაჲ მისი მოქცევად მისსა მისგან, და არა მოიქცეს გზისაგან მისისა, იგი ვიდრემე უსჯულოებასა შინა თჳსსა მოკუდეს, ხოლო შენ სული შენი განირინო.
10 შენ, ადამის ძევ, უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობთ-თქო თქვენ: თუ ჩვენი დანაშაულნი და ცოდვები ჩვენზეა და მათ გამო ვდნებით ჩვენ, როგორღა უნდა ვიცოცხლოთ? 10 და შენ ძეო, კაცისაო, არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ესრეთ ჰზრახეთ მეტყუელთა: ცთომანი ჩუენნი და უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ თანა არიან და მათ შინა დავდნებით და ვითარ ვცხოვნდეთ?
11 უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო! 11 არქუ მათ: ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი. მოქცევით მოიქეცით ჩემდამო გზისაგან თქუენისა ბოროტისა, რათა რად მოჰკუდებით, სახლო ისრაჱლისაო?
12

შენ, ადამის ძევ, უთხარი შენი ერის შვილებს: მართალს ვერ იხსნის მისი სიმართლე შეცოდების დღეს და ბოროტეული არ წაიფორხილებს თავისი ბოროტების გამო თავისი მოქცევის დღეს ბოროტებისგან; ვერ გადარჩება მართალი ცოდვის ჩადენის დღეს.

12

და შენ, ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა: სიმართლემან მართლისამან ვერ განარინოს იგი, რომელსაცა დღესა სცთეს; და უსჯულოებამან უსჯულოჲსამან ვერ მოკლას, რომელსაცა დღესა მოაქციოს უსჯულოებისაგან მისისა, და მართალსა ვერ ძალ-უც ცხოვნებად სიმართლისათჳს თჳსისა, რომელსაცა დღესა ცოდოს.

13 როცა ვეუბნები მართალს, გადარჩები-მეთქი, ის კი თავისი სიმართლის მოიმედე ბოროტებას ჩაიდენს, არც ერთი მისი სიმართლე არ იქნება გახსენებული და მოკვდება ბოროტებით, რომელიც ჩაიდინა. 13 თქუმასა შინა ჩემგან მართლისასა: ცხოვნებით სცხოვნდე, და ესე ესვიდეს სიმართლისა მიმართ თჳსისა და ქმნეს უსჯულოებაჲ, ყოველნი სიმართლენი მისნი არ აღეჴსენნენ მას უსამართლოებასა შინა მისსა, რომელ ქმნა, მას შინა მოკუდეს.
14 როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალს და სიმართლეს, 14 და ვჰრქუა რაჲ მე უთნოსა: სიკუდილით მოჰკუდე, და მოიქცეს უსჯულოებისაგან თჳსისა და ყოს მსჯავრი და სიმართლე,
15 გირაოს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის და ბოროტებას არ ჩაიდენს, ის ცოცხალი დარჩება, არ მოკვდება. 15 და ნახუთევი თანამდებისაჲ საუკუნო უკუნსცეს, და ნატაცები კუალადაგოს, უშჯულოჲ ბრძანებათა შინა ცხორებისათა ვიდოდის არაქმნად უსამართლოჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს, არა მოკუდეს.
16 არც-ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება; სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება. 16 ყოველნი ცოდვანი მისნი. რომელნი ცოდნა, არა მოეჴსენნენ მას, რამეთუ მსჯავრი და სიმართლე ქმნა, მათ შინა ცხონდეს.
17 ამბობენ შენი ერის შვილები: სწორი არ არისო უფლის გზა. თავად მათი გზა არ არის სწორი. 17 და იტყჳან ძენი ერისა შენისანი: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ. და იგი გზაჲ მათი არა მართალ არს. ხოლო ისმინეთ, სახლო ისრაჱლისაო: ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არს, არა გზანი თქვენნი არამართალ?
18 როცა მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ბოროტებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება. 18 უკეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნას შეცოდებაჲ, მას შინა მოკუდეს იგი.
19 როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალს და სიმართლეს იქმს, ამის გამო გადარჩება. 19 და უკუეთუ მოაქციოს ცოდვილმან უსჯულოებისაგან თჳსისა და ქმნას მსჯავრი და სიმართლე, მათ შინა ცხოვნდეს იგი.
20 თქვენ ამბობთ: სწორი არ არისო უფლის გზა. თითოეულს თქვენი გზისაებრ დაგდებთ მსჯავრს, ისრაელის სახლო! 20 და ესე არს, რომელ სთქუთ: მართალ არსო გზაჲ უფლისაჲ; თითოეული გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო.
21 მეთორმეტე წელს, ჩვენი ტყვეობისა. მეათე თვის ხუთში მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან გადარჩენილი და მითხრა: დაიქცა ქალაქი! 21 და იყო მეათორმეტესა წელსა, მეათესა შინა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, ტყუეობისა ჩუენისასა, მოვიდა ჩემდა იერუსალჱმით განრინებული მეტყუელი: გამოღებულ იქმნა ქალაქი.
22 უფლის ხელი იყო ჩემზე საღამოხანს გადარჩენილის მოსვლამდე და გამიხსნა ბაგე, ვიდრე ის მოვიდოდა ჩემთან დილით; გაიხსნა ჩემი ბაგე და აღარ დავდუმებულვარ. 22 და ჴელი უფლისაჲ იქმნა ჩემ ზედა მიმწუხრი, პირველ მოსლვისა განრინებულისა მის, და აღმიღო პირი ჩემი, ვითარცა მოვიდა ჩემდა განთიად, და აღ-რაჲ-ეღო პირი ჩემი, არღარა დაიპყრა მერმე.
23

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

23

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

24 ადამის ძევ! ასე ამბობენ იმ ნაოხართა მკვიდრნი ისრაელის მიწაზე: ერთი იყო აბრაამი და მან დაიმკვიდრა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ და მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ. 24 ძეო კაცისაო, დამკჳდრებელნი, მოოჴრებელთანი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, მეტყუელნი იტყჳან: ერთი იყო აბრაჰამი და დაიპყრა ქუეყანაჲ და ჩუენ მრავალნი ვართ; ჩუენდა მოცემულ არს დაპყრობად ქუეყანაჲ.
25 ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სისხლით ჭამთ და თვალებს კერპებისკენ აპყრობთ? სისხლს ღვრით და ქვეყნის დამკვიდრება გსურთ? 25 ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვინაჲთგან სისხლსა სჭამთ და თუალნი თქუენნი აღგიხუმან კერპთა მიმართ თქუენთა, და სისხლსა დასთხევთ და ქუეყანაჲ დაგიმკჳდრებიეს.
26 თქვენს მახვილზე დგახართ, სისაძაგლეს სჩადხართ, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და კიდევ ქვეყნის დამკვიდრება გსურთ? 26 და სდგათ მახჳლსა ზედა თქუენსა, ჰქმნენით საძაგელნი და კაცადი ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეაგინებთ და ქუეყანაჲ დაიმკჳდრეთ.
27 ასე უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალიმც ვარ, თუ ნაოხარებში მყოფნი მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მიეცნენ შესაჭმელად, ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირით არ დაიხოცნონ! 27 ესრეთ სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა მოოჴრებულთა შინა მახჳლითა დაეცნენ და, რომელნი არიან პირსა ზედა ველისასა, მჴეცთა ველისათა მიეცნენ შესაჭმელად და მოზღუდვილთშინათა და ქუაბთშინათა სიკუდილით მოვსწყვედ.
28 უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ქვეყანას და გაქრება მისი ამპარტავნეული სიძლიერე, გაუკაცრიელდება ისრაეილს მთები, ისე რომ არავინ იქნება გამვლელი. 28 და მივსცე ქუეყანაჲ ოჴრად და წარწყმედად და დასცხრეს გინებაჲ ძალისა მისისაჲ, მოოჴრდენ მთანი ისრაჱლისანი არყოფისაგან მოარულისა;
29 მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა უდაბნოდ და უკაცრიელად ვაქცევ ამ ქვეყანას; ყველა სისასაძგლისთვის, რაც ჩაუდენიათ. 29 და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი და ვყო ქუეყანა მათი ოჴერ და მოოჴრდეს ყოველთათჳს საძაგელებათა მათთა, რომელნი ქმნნეს.
30 შენ კი, ადამის ძევ! შენი ერის შვილები ლაპარაკობენ შენზე კედლებთან და სახლების კართან, ეუბნებიან ერთმანეთს, მიდი, მოისმინე, რა სიტყვა გამოვიდა უფლის პირიდანო. 30 და შენ, ძეო კაცისაო, ძენი ერისა შენისანი მომზრახობენ შენთჳს კედელთა თანა და ბჭეთა წინა სახლთასა, და ეზრახებინ კაცადი მოყუასსა თჳსსა და კაცადი ძმასა თჳსსა, მეტყუელნი: შევკრბეთ და ვისმინოთ, რაჲ არს სიტყუაჲ, გამომავალი უფლისაგან.
31 მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენს წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული. 31 და მოვლენ შენდა, ვითარცა შემოკრბების ერი, და დასხდენ წინაშე შენსა ერი ჩემი და ისმენენ სიტყუათა შენთა და არა ჰყოფენ მათ, რამეთუ სიცრუე პირთა შინა მათთა. და კვალსა მას უსჯულოებისა და ბილწობისასა შეუდგენ გულნი მათნი.
32 აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის. ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი; ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი. 32 და შენ ექმენ მათ, ვითარცა ჴმაჲ იგი სახიობისაჲ და ჴმაჲ ნესტჳსა მის, და ესმოდეს სიტყუაჲ შენი და არა ყონ.
33 როცა ახდება ეს და, აჰა, ახდა კიდეც! მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. 33 და ოდესცა მოვიდენ, იტყჳან: აჰა, მოიწია. და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი იყო შორის მათსა.