ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 ადამის ძევ! სეყირის მთისკენ მიაქციე პირი და იწინასწარმეტყველე მასზე, 2 ძეო კაცისაო, მიიქციე პირი შენი მთისა მიმართ სიირისა და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა და არქუ მას:
3 უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, სეყირის მთაო! ხელს მოგიღერებ და უდაბნოდ და უდაბურად გაქცევ. 3 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა მთასა სიირსა და განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და მიგცე შენ ოჴრად, და მოოჴრდე.
4 შენს ქალაქებს ოხრად დავაგდებ და შენც უდაბური გახდები. მაშინ მიხვდები, რომ უფალი ვარ. 4 და ქალაქთა შორის შენთა ოჴრება-ვყო და შენ საოჴროდ იყო და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.
5 რაკი საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს მიუგდე ისრაელიანები მათი გასაჭირის ჟამს, საბოლოო სასჯელის ჟამს. 5 ნაცვლად ქმნისა შენისა მტერად საუკუნოდ და დაშჯდე სახლსა ზედა ისრაჱლისასა ზაკუვით, ჴელსა შინა მტერთასა მახჳლად ჟამსა შინა ჭირისა მათისასა და ჟამსა შინა სიცრუჲსასა უკანასკნელსა შორის,
6 ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი: სისხლად გაქცევ და სისხლი დაგედევნება; ხომ არ გძულებია სისხლი და სისხლი დაგედევნება. 6 ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ არა, სისხლისა მიერ სცოდე და სისხლმან გდევნოს შენ, რამეთუ სისხლი შენი მოიძულე, და სისხლმან შენმან გდევნოს შენ.
7 უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ სეყირის მთას, ამოვძირკვავ იქ გამვლელს და მცხოვრებს. 7 და მივსცე მთაჲ სიირისი საოჴროდ და მოოჴრებულად, და წარვწყმიდნე მისგან კაცნი და საცხოვარნი.
8 დახოცილებით ავავსებ მის მთებს; მახვილით დახოცილნი დაეცემიან შენს გორაკებზე, ხევებში და მდინარეებში. 8 და თანწარმავალი და შემოქცეული, და აღვავსნე მთანი შენნი წყლულებითა შენითა, ბორცუნი შენნი და ჴევნებნი შენნი, და ყოველთა შორის ველთა შენთა, რამეთუ მოწყლულნი მახჳლითა დაეცნენ შენ შორის.
9 საუკუნო უდაბნოდ გაქცევ და გაუკაცრიელდება შენი ქალაქები; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ. 9 და ოჴრად საუკუნოდ დაგდვა შენ და ქალაქნი შენნი არ დაიმკჳდრნენ მერმე და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.
10 რაკი ამბობდი, ჩემი იქნებაო ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა, ჩვენ დავიმკვიდრებთო, თუმცა უფალი იყო იქ. 10 თქუმისათჳს შენგან ორნივე ნათესავნი და ორნივე სოფელნი ჩემნი იყვნენ, დავიმკჳდრნე იგინი და უფალი მუნ არს.
11 ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი: თუ არ მოგექცე შენი რისხვისა და შენი შურისამებრ, რომელიც შენი სიძულვილით გამოიჩინე მათ წინააღმდეგ; მაშინ გავცხადდები მათში, როცა მსჯავრს დაგდებ. 11 ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - და გიყო შენ მტერობისაებრ შენისა და შურისაებრ შენისა, რომელი ჰყავ მოძულეობისაგან შენისა მათ შორის, და გეცნობო შენ, ოდეს-იგი გსჯიდე შენ.
12 მიხვდები, რომ მე, უფალს, მესმოდა შენგან ყოველი აუგი, რომელიც გითქვამს ისრაელის მთებზე: გაუდაბურდნენ, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელადო. 12 და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი; მესმა ჴმისა გმობათა შენთასა, რომელსა იტყოდე მთათათვის ისრაჱლისათა, მეტყუელი: მთანი ისრაჱლისანი, მაღალნი, საუკუნოდ ოჴერნი, ჩუენდა მოცემულან დასაპყრობლად.
13 მედიდგულებოდით ბაგეებით და ამრავლებდით სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ; მე მესმოდა ეს. 13 და იდიდსიტყუე ჩემ ზედა პირითა შენითა და ჴმაჲ ჰყვენ ჩემ ზედა სიტყუანი შენნი, რომელნი მესმნეს მე.
14 ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა მთელი ქვეყანა გაიხარებს, მაშინ გაგაუდაბურებ. 14 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: სიხარულსა შინა ყოვლისა ქვეყანისასა ოჴერ-გყო შენ საუკუნო,
15 როგორც ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურება გიხაროდა, ასევე მოგექცევი შენც: გაუდაბურდებით, სეყირის მთაო და მთელო ედომო, ერთიანად! მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. 15 ვითარ-იგი იხარე მკჳდრობასა სახლისა ისრაჱლისასა, ვითარ უჩინო იქმნა, ეგრეთ გიყო შენ.
    16 საოჴროდ იყო შენ, მთა სეირ, და ყოველი იდუმეაჲ აღიჴოცოს, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.