ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შენ, ადამის ძევ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფლის სიტყვა!

1

და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მთათა ზედა ისრაჱლისათა და არქუ მთათა ისრაჱლისათა: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ,

2 ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მტერმა თქვა თქვენზე: აჰა, სამკვიდროდ დაგვრჩაო საუკუნო გორაკები, 2 ამათ იტყჳს ადონაი უფალი მის წილ, რომელ თქვა მტერმან თქუენ ზედა: ვაშა, ვაშა, ოჴერ საუკუნე მაღალნი დასაპყრობელად იქმნნეს ჩუენდა.
3 იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ყოველის მხრიდან ნატრობენ თქვენს აოხრებას და შთანთქმას, რომ სამკვიდროდ დარჩეთ სხვა ხალხებს, რაკი სალაპარაკოდ და ხალხის საჭორაოდ ხართ გამხდარი, 3 ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ნაცვალად ქმნისა თქუენისა განსაქარვებელად ყოველთა მიერ წარმართთა და ნაცვალად შეურაცხქმნისა თქუენისა ყოველთა მიერ გარემოჲსთა თქუენთა, ქმნად თქუენდა დასაპყრობელად ყოველთაგან ნეშტთა წარმართთა, და აღხუედით სასიტყუელ ენისა ბაგეთა ზედა და საყუედრელად წარმართთა,
4 ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და გორაკებს, ხევებს და ხეობებს, უკაცრიელ ნაოხარებს და მიტოვებულ ქალაქებს, რომლებიც ნადავლად და შთასანთქმელად დარჩათ დანარჩენ ხალხებს, გარშემო რომ არიან. 4 ამისთჳს, მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მთათა და ბორცუთა და ნაღუარევთა და ჴევნებთა, და დანახეთქთა და მოოჴრებულთა და უჩინოქმნილთა და ქალაქთა დარღუეულთა, რომელნი იქმნნეს წარსატყუენველ და დასათრგუნველ დაშთომილთა წარმართთა გარემოჲსთა თქუენთა,
5 ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ნახავთ, თუ ჩემი შურის ცეცხლით არ ვილაპარაკე დარჩენილ ხალხთა წინააღმდეგ და მთელი ედომის წინააღმდეგ, რომელთაც მიისაკუთრეს ჩემი ქვეყანა სამკვიდროდ და მთელი გულით უხარიათ ზიზღით აღსავსეთ, რომ დაიტაცეს მისი დოვლათი. 5 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ არა ცეცხლითა გულისწყრომისა ჩემისათა ვიტყოდი სხუათა ზედა ნათესავთა და იდუმეასა ზედა ყოველსა, რამეთუ მისცეს ნაწილი ჩემი თავთა მათთა დამკჳდრებად მხიარულებით ყოვლით გამო გულით შეურაცხისმყოფელთა სულთასა უჩინო-ყოფად ტყუეობისა მიერ.
6 ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებს, გორაკებს, ხევებს და ხეობებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი შურით და ჩემი რისხვით ვილაპარაკე იმის გამო, რომ შეურაცხყოფას ითმენთ ხალხებისგან. 6 წინაწარმეტყუელებდ ამისთჳს ქუეყანასა ზედა ისრაჱლისა და არქუ მთათა და ბორცუთა და დანახეთქთა და ჴევნებთა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შურითა ჩემითა და გულისწყრომითა ვთქუ ნაცვლად ყუედრებასა წარმართთასა თავს-დებისა თქუენგან.
7 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელი აღვმართე და ნახეთ, თუ შეურაცხყოფა არ ატარონ ხალხებმა, თქვენს გარშემო რომ არიან! 7 ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა ზედა, გარემოჲსთა თქუენთა, ამათ შეურაცხებაჲ მათი მიიღონ.
8 თქვენ კი, ისრაელის მთებო, გაშალეთ ტოტები და ატარეთ თქვენი ნაყოფი ჩემი ერისთვის, ისრაელისთვის, რადგან მალე მოვლენ. 8 ხოლო თქუენ, მთანო ისრაჱლისანო, ყურძენი გამოსცეთ და ნაყოფი თქუენი ჭამოს ერმან ჩემმან ისრაჱლმან, რამეთუ ესვენ მოსლვად.
9 რადგან, აჰა, თქვენკენა ვარ, თქვენკენ შემოვბრუნდი, მოიხვნებით და დაითესებით! 9 აჰა, მე თქუენ ზედა და ზედმოვიხილო თქუენ ზედა, და მოიქმნნეთ და დაითესნეთ.
10 გაგიმრავლებთ ხალხს, მთელს ისრაელის სახლს, ერთობლივ, დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება. 10 და განვამრავლნე თქვენ ზედა კაცნი, ყოველი სახლი ისრაჱლისა სრულიად და დამკჳდრებულ იქმნენ ქალაქნი და ოჴერქმნილნი აღეშენნენ.
11

გაგიმრავლებ კაცსა და პირუტყვს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ; დაგასახლებთ წინანდებურად და კეთილად მოგექცევით, როგორც თავდაპირველად გექცეოდით, და დაინახავთ, რომ უფალი ვარ.

11

და განვამრავლო თქუენზედა კაცნი და საცხოვარნი, და აღორძნდენ და განმრავლდენ და დაგამკჳდრნე თქუენ, ვითარცა დასაბამსა თქუენსა, და კეთილი გიყო თქუენ, ვითარ-იგი წელიწადთა წინაჲსწართა თქუენთა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

12 მოვიყვან თქვენთან ხალხს - ჩემს ერს, ისრაელს, რათა დაგიმკვიდროს და გახდე მისი წილხვედრი, რომ აღარასოდეს გახადო შვილმკვდარი. 12 და ვშუნე თქუენ შორის კაცნი ერისა ჩემისა ისრაჱლისა, და დაგიმკჳდრნენ თქუენ და იყუნეთ მათდა დასაპყრობელად, და არღა შესძინოთ მერმე უშვილოებად მათგან.
13 ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გეუბნებიან: კაცისმჭამელი და შენი ხალხის შვილმკვდარმყოფელი ხარო, 13 ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მის წილ, რომელ გრქუეს: ქუეყანა შემჭამელი კაცთაჲ ხარ შენ და უშვილოქმნილ წარმართთა მიერ იქმენ,
14 ამიტომ კაცს აღარ შეჭამ და შენს ხალხს შვილმკვდარს აღარ გახდი, ამბობს უფალი ღმერთი. 14 ამისთჳს კაცთა არღარა შჭამდე შენ და ნათესავი შენი არა უშვილოჰყო მერმე, - იტყჳს ადონაი უფალი,
15 აღარ მოგასმენინებ შეურაცხყოფას ხალხებისგან და აღარ გექნება მოსათმენი ლანძღვა-თრევა ტომებისგან, აღარ წააფორხილებ შენს ხალხს, ამბობს უფალი ღმერთი. 15 და არა ისმეს არა მერმე თქუენ ზედა შეურაცხებაჲ წარმართთაჲ და ყუედრებანი ერთანი არა თავს-ისხნეთ მერმე, და ნათესავი შენი არა უშვილო იქმნეს მერმე, - იტყჳს ადონაჲ უფალი.
16 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 16 და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
17 ადამის ძევ! ისრაელის სახლმა გააუწმიდურა მიწა, სადაც ცხოვრობს, თავისი გზებით და მოქმედებით; მირეული ქალის უწმიდურებასავით არის მათი გზა ჩემს წინაშე. 17 ძეო კაცისაო, სახლი ისრაჱლისაჲ დაემკჳდრა ქუეყანასა ზედა მათსა, და შეაგინეს იგი გზათა მიერ მათთა, და კერპთა მიერ მათთა, და არაწმიდებათა მიერ მათთა არაწმიდებისაებრ დაშტანეულისა, და იქმნა გზაჲ მათი წინაშე პირსა ჩემსა.
18 გადმოვანთხიე მათზე ჩემი რისხვა სისხლის გამო, მიწაზე რომ დასთხია, და კერპების გამო, რომლითაც გააუწმიდურა იგი. 18 და განვჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა მის წილ, რომელ განჰფინეს სისხლი ქუეყანასა ზედა, და კერპთა მათთა მიერ შეაგინეს იგი.
19 და გავფანტე ისინი ხალხებში და მიმოვაბნიე ქვეყნებში; მათი გზისაებრ და მათ საქმეთაებრ განვსაჯე ისინი. 19 და განვაბნიენ იგინი წარმართთა შორის, და განვფიწლენ იგინი სოფლებთა შორის და გზისაებრ მათისა. და სიმარჯუეთაებრ მათთა ვსაჯენ იგინი.
20 მივიდნენ ხალხთან, სადაც მივიდნენ, და შელახეს ჩემი წმიდა სახელი; თქვეს მათზე: უფლის ხალხია ესენი და თავისი ქვეყნიდან გამოვიდნენო. 20 და შევიდეს იგინი წარმართთა მიმართ, რომელთა მიმართ შევიდეს მუნ და მუნ შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ თქმასა შინა მათთჳს, - ერი უფლისაჲ ესენი, და ქუეყანისაგან მისისა გამოვიდეს.
21

მაგრამ მე დავითმინე ჩემი წმიდა სახელის გამო, რომელიც შელახა ისრაელის სახლმა იმ ხალხში, სადაც მივიდნენ.

21

და ვჰრიდე მათ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეს სახლმან ისრაჱლისამან წარმართთა შორის, სადა შევიდეს, მუნ:

22 ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ აღვძრულვარ, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, რომელიც შელახეთ იმ ხალხში, სადაც მიხვედით. 22 ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, სადა შეხუედით, მუნ.
23 წმიდავყოფ ჩემს დიად სახელს, შელახულს იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ შელახეთ; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში მათ თვალწინ. 23 წმიდა-ვყო სახელი ჩემი დიდი, მწიკულევანქმნილი წარმართთა შორის, რომელი შეაგინეთ შორის მათსა; და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, - იტყჳს ადონაი უფალი, - განვწმიდნე რაჲ მე თქუენ შორის წინაშე თუალთა მათთა.
24 გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. 24 და მიგიყვანნე თქუენ წარმართთაგან, და შეგკრიბნე თქუენ ყოველთა ქუეყანათაგან და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად თქუენდა.
25 გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ. 25 და გასხურო თქუენ წყალი წმიდაჲ და განსწმდეთ ყოველთაგან არაწმიდებათა თქუენთა, და ყოველთაგან კერპთა თქუენთა განგწმიდნე თქუენ.
26 მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. 26 და მიგცე თქუენ გული ახალი და სული ახალი მივსცე თქუენ შორის; და მოგიღო გული ქვისაჲ ჴორცისაგან თქვენისა და მიგცე თქვენ გული ჴორციელი.
27 ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ. 27 და სული ჩემი მივსცე თქვენ შორის და ვყო, რაჲთა სამართალთა შინა ჩემთა ხჳდოდით, და მსჯავრნი ჩემნი დაიცუნეთ და ჰყოფდეთ მათ.
28 იცხოვრებთ იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი; იქნებით ჩემთვის საკუთარ ერად და მე თქვენი საკუთარი ღმერთი ვიქნები. 28 და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა, და იყუნეთ ჩემდა ერად, და მე ვიყო თქუენდა ღმრთად.
29 გიხსნით ყველა უწმიდურობისგან, გამოვიხმობ პურს, გავაუხვებ მას და აღარ მოვავლენ თქვენზე შიმშილს. 29 და განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა, და მოუწოდო იფქლსა, და განვამრავლო იგი და არა მივსცე თქუენ ზედა სიყმილი.
30 გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რომ აღარ ითმენდეთ სირცხვილს ხალხთა შორის შიმშილის გამო. 30 და განვამრავლო ნაყოფი ხისაჲ და ნაშრომნი ველისანი, რაჲთა არა მიიღოთ მერმე ყუედრებაჲ სიყმილისაჲ წარმართთა შორის.
31

მაშინ გაიხსენებთ თქვენს უკეთურ გზებს და უკუღმართ საქმეებს და შეგზარდებათ საკუთარი თავი თქვენს დანაშაულთა და სისაძაგლეთა გამო.

31

და აღიჴსენნეთ გზანი თქუენნი ბოროტნი და სიმარჯუენი თქუენნი არაკეთილნი და მოიწყინნეთ წინაშე პირებსა თავთა თქუენთასა უსჯულოებათა თქუენთათჳს და საძაგელებათა თქუენთათჳს.

32 თქვენი გულისთვის არ აღვიძრები, ამბობს უფაღი ღმერთი; ეს შეიგნეთ! გრცხვენოდეთ და გაწითლდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო! 32 არა თქვენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი, - ცნობილ იყავნ თქუენდა, გკდემებოდენ და სირცხჳლეულ იქმნენით გზათაგან თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.
33 ასე ამბობს უფალი ღმერთი როცა ჩამოგრეცხავთ ყოველგვარ დანაშაულს, დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება თქვენი ნაოხარები, 33 ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა, და დავამკჳდრნე ქალაქნი და აღეშენნენ ოჴერნი.
34 მოიხვნება უკაცრიელი მიწა, უდაბურად რომ უჩნდა ყოველ ჩამვლელს; 34 და ქუეყანა უჩინოქმნილი მოიქმნას მის წილ, რამეთუ უჩინოქმნილ იქმნა წინაშე თუალთა ყოვლისა თანწარმავალისათა.
35 იტყვიან: ედემის ბაღად იქცაო ეს უდაბური ქვეყანა და ნაოხარი! გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები შემოიზღუდება და დასახლდება. 35 და თქუან: ქუეყანაჲ იგი, რომელი იყო უჩინოქმნული, იქმნა ვითარცა სამოთხე შუებისაჲ, და ქალაქნი ოჴერნი უჩინოქმნულნი და დათხრილნი ზღუდეთა შინა განმაგრებულთა, დასხდეს.
36 მიხვდებიან ხალხები, რომლებიც შემორჩებიან თქვენს გარშემო, რომ მე, უფალმა, ავაშენე დანგრეული და გავაშენე გაუდაბურებული, რადგან მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ. 36 და ცნან წარმართთა, რაოდენნიცა დაშთენ გარემოსნი. თქუენსა, ვითარმედ მე უფალმან აღვაშენენ დარღუეულნი და დავჰნერგენ უჩინოქმნილნი, მე უფალმან, ვთქუ და ვქმნე.
37 ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, კიდევ რა მთხოვა ისრაელის სახლმა, რომ გავუკეთო მას: ცხვრის ფარასავით გავუმრავლო მათ ადამიანი. 37 ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი მერმე: ესეღა საძიებელი დავდვა, სახლო ისრაელისაო, ყოფად მათდა და განვამრავლნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, კაცნი.
38 ხომ ბევრია შესაწირავი ცხვარი, იერუსალიმის ცხვარი მის დღესასწაულებზე, ასევე სავსე იქნება ნაოხარი ქალაქები ადამიანთა ფარით და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. 38 ვითარცა ცხოვარნი წმიდანი, ვითარცა ცხოვარნი იერუსალიმისანი დღესასწაულთა შინა მისთა, ეგრეთ იყვნენ ქალაქნი ოჴერნი, სავსენი ცხოვრებითა კაცთაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.