ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო! |
1 |
და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ გოგსა ზედა და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსისსა, მოსოქს და თოველს |
2 | მოგატრიალებ, გამოგათრევ და წამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე. | 2 | და შეგკრიბო შენ და წარგიძღუე შენ და აღმოგიყვანო შენ დასასრულსა ზედა შორირაჲსასა, და მიგიყვანო შენ მთათა ზედა ისრაილისათა. |
3 | გაგაგდებინებ შვილდს მარცხენა ხელიდან და ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ. | 3 | დაგყარო მშჳლდი შენი ჴელისაგან შენისა მარცხენისა და ისარნი შენნი ჴელისაგან შენისა მარჯუენისა და დაგამჴუა შენ |
4 | ისრაელის მთებზე დაეცემი მთელი შენი ურდოიანად და ხალხთან ერთად, თან რომ გახლავს; ყოველგვარ ონავარ ფრინველს და ველის მხეცებს მიგცემ შესაჭმელად; | 4 | მთათა ზედა ისრაილისათა და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და მრავალნი ნათესავნი შენ თანა; მფრინველთა ცისათა და ყოველთა ფრთოვანთა მიეცნეთ და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა მიგეც შენ შესაჭმელად. |
5 | ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი. | 5 | პირსა ზედა ველისასა დაეცე, რამეთუ მე, უფალი ვიტყოდე. |
6 | გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. | 6 | მივავლინო ცეცხლი მაგოგსა ზედა და დაემკჳდრნენ ჭალაკნი მშჳდობით და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
7 | გავაცხადებ ჩემს წმიდა. სახელს ჩემს ერში, ისრაელში, და აღარ შევალახვინებ ჩემს წმიდა სახელს; და მიხვდებიან ხალხები, რომ მე უფალი ვარ, რომ წმიდა ვარ ისრაელში. | 7 | და სახელი ჩემი წმიდაჲ იცნობოს შორის ერისა ჩემისა ისრაჱლისა, და არა შეიგინოს სახელი ჩემი წმიდაჲ, არღა მერმე, და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდაჲ შორის ისრაჱლისა. |
8 | აჰა, მოვა და ახდება, ამბობს უფალი ღმერთი, იმ დღეს, რომელზეც ვთქვი. | 8 | აჰა, მოვალს და სცნა, ვითარმედ იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი. - ესე არს დღე, რომელ ვთქუ. |
9 | გამოვლენ ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი, ცეცხლს წაუკიდებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ლახტსა და შუბს; შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის დასანთებად. | 9 | და გამოვიდენ დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი ქალაქთაგან, და დასწჳდენ და აღაგზნებდენ საჭურველთა მიერ ფარებისა და ჰოროლებისა და შუბებისა და მშჳლდებისა და ისრებისა. და კუერთხებისა ჴელთაჲსა და ლახურებისა და აღაგზებდენ მათ მიერ ცეცხლსა შჳდთა წელიწადთა. |
10 | მინდვრიდან არ დაიწყებენ შეშის ზიდვას და ტყეშიც არ მოჭრიან, რადგან იარაღით დაანთებენ ცეცხლს; გაძარცვავენ თავიანთ გამძარცველთ და დაარბევენ თავიანთ დამარბეველთ, ამბობს უფალი ღმერთი. | 10 | და არა მოიღონ შეშაჲ ველით, არცა მოჰკუეთონ მაღნართაგან, არამედ საჭურველთა წუვიდენ ცეცხლითა; და ტყუე-ჰყოფდენ წარმტყუენველთა მათთა და იავარ-ჰყოფდენ იავარმქმნელთა მათთა, - იტყჳს ადონაჲ უფალი. |
11 |
იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხავ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელს მის ურდოს, და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი. |
11 |
და იყოს, მას დღესა შინა მიეცეს გოგს ადგილი სახელოანი, საფლავი ისრაჱლსა შორის, სამრავალკაცოჲ მომავალთაჲ აღმოსავალით ზღჳსაჲთ, და გარემოაშენონ პირისგარე ჴევისაჲ; და დაჰფლან მუნ გოგ და ყოველი სიმრავლე მისი დაეწოდოს მრავალსაკაცო გოგისა. |
12 | შვიდ თვეში დამარხავს მათ ისრაელის სახლი ქვეყნის განსაწმედად; | 12 | და დაჰფლნეს იგინი სახლმან ისრაჱლისამან, რაჲთა განწმიდნეს ქუეყანაჲ შჳდ თთუე. |
13 | დამარხავს ქვეყნის მთელი ხალხი და სასახელო იქნება ის დღე, როცა დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი ღმერთი. | 13 | და დაჰფლვიდენ მათ ყოველი ერი ქუეყანისა, და იყოს მათდა სახელად დღე, რომელსა შინა ვიდიდო მე, ,,იტყჳს ადონაჲ უფალი. |
14 | საგანგებო ხალხს გამოარჩევენ ქვეყნად მავალთაგან, რომ მათთან ერთად დამარხონ ქვეყანაში დარჩენილნი მის განსაწმედად; შვიდი თვის ბოლოს ძებნას დაუწყებენ. | 14 | და კაცთა განავლინებდენ მარადის ზედმოარულ, რომელნი ვიდოდიან ზედა ქუეყანასა დაფლვად გარემომავალთა თანა, დაშთომილთა პირსა ზედა ქვეყანისასა, რაჲთა განწმინდონ იგი შემდგომად მჳდ თთუესა შჳდთა თთუეთასა. |
15 | ჩაივლიან ქვეყნად მავალნი და ნახავენ ადამიანის ძვალს; და ააგებს მის გვერდით ძეგლს, ვიდრე დამმარხველნი დამარხავენ მას გოგის ურდოსხევში. | 15 | და გამოეძიებდენ ყოველი მომვლელი ქუეყანისაჲ და მიმომავალი; მხილველმან ძუალსა კაცისასა აღაშენოს მათ მიერ სასწაული, ვიდრე არა დაჰფლნენ იგინი დამფლველთა გეს შინა, სამრავალკაცოსა გოგისასა. |
16 | ქალაქის სახელიც ურდო იქნება და განწმედენ ქვეყანას. | 16 | და რამეთუ სახელი ქალაქისაჲ დაცემულება და მრავალსაკაცო და განწმდეს ქუეყანაჲ. |
17 | შენ -კი, ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: უთხარი ფრინველს, ყოველგვარ ფრთოსანს და მინდვრის ყოველ მხეცს: თავი მოიყარეთ და მოდით; შემოკრბით ჩემი მსხვერპლის გარშემო, რომელსაც დავკლავ თქვენთვის, დიდი მსხვერპლის გარშემო ისრაელის მთებზე; და შეჭამთ ხორცს და შესვამთ სისხლს. | 17 | და შენ, ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, - არქუ ყოველსა მფრინველსა და ყოველსა ფრთოანსა და ყოველთა მჴეცთა ველისათა: შეკერბით და მოვედით. და კრება-ყავთ ყოველთაგან გარემოთა მსხუერპლსა ზედა ჩემსა, რომელი მე დაგიდევ თქუენ, მსხუერპლი დიდი მთათა ზედა ისრაჱლისათა, და ჭამეთ ჴორცი და სუთ სისხლი. |
18 | გმირთა ხორცს შეჭამთ და ქვეყნის მთავართა სისხლს შესვამთ, როგორც ბაშანში გამოკვებილ ვერძების და თიკნების, თხებისა და ხარების სისხლს. | 18 | ჴორცი გმირთაჲ ჭამეთ და სისხლი მთავართა ქუეყანისათა სუთ, ვერძნი და ზუარაკნი და ვაცნი და ზუარაკნი, ჭამებულნი ყოველნი. |
19 | გაძღომამდე შეჭამთ ქონს და თრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი მსხვერპლიდან, რომელსაც დავკლავ თქვენთვის. | 19 | და ჭამეთ ცმელი სიმაძღრედ და სუთ სისხლი სიმთრვალედ მსხუერპლისაგან ჩემისა, რომელი დაგიკალ თქუენ. |
20 | გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენებთან და მხედრებთან ერთად, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად, ამბობს უფალი ღმერთი. | 20 | და აღივსენით ტაბლისაგან ჩემისა ცხენი და აღმავალი და გმირი და ყოველი კაცი მბრძოლი, - იტყჳს ადონაი უფალი. |
21 |
მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე; |
21 |
და მივსცე დიდებაჲ ჩემი თქუენ შორის და იხილონ ყოველთა წარმართთა სასჯელი ჩემი, რომელი ვყავ, და ჴელი ჩემი, რომელი მოვაწიე მათ ზედა. |
22 | და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი. | 22 | და ცნას სახლმან ისრაჱლისამან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი დღითგან ამით და წამართ. |
23 | ეცოდინებათ ხალხებს, რომ მისი დანაშაულის გამო წარიტყვევნა ისრაელის სახლი; რომ შემცოდეს და მეც პირი ვირიდე მათგან, მტრის ხელში ჩავყარე ისინი და ყველანი მახვილით დაეცნენ. | 23 | და ცნან ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ცოდვათა მათთათჳს ტყუე იქმნეს სახლი ისრაჱლისაჲ, მის წილ, რომელი შეურაცხეს ჩემდამო, და მოვიქციე პირი ჩემი მათგან, და მივსცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და დაეცნეს ყოველნი მახჳლითა. |
24 | მათ უწმიდურობათა და შეცოდებათა გამო მოვიქეცი ასე და პირი ვირიდე მათგან. | 24 | არაწმიდებათაებრ მათთა და უსჯულოებათაებრ მათთა უყავ მათ და მივიქციე პირი ჩემი მათგან. |
25 | ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ამიერიდან დავაბრუნებ დატყვევებულ იაკობს და შევიწყალებ მთელს ისრაელის სახლს, შურს გამოვიჩენ ჩემი წმიდა სახელის გულისათვის. | 25 | ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აწ მოვაქციო ტყუეობაჲ იაკობისი, და შევიწყალო სახლი ისრაჱლისაჲ და ვაშურვო სახელისათჳს ჩემისა წმიდისა. |
26 | დაივიწყებენ თავიანთ სირცხვილს და ყოველ დანაშაულს, რაც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს, როცა დასახლდებიან თავიანთ მიწაზე უზრუნველად და არავინ იქნება დამაფრთხობელი. | 26 | და მიიღონ უპატიობაჲ მათი და ყოველნი უსამართლოებანი მათნი, რომელნი იუსამართლოვნეს ჩემდამო, დამკჳდრებასა შინა მათსა ქუეყანასა ზედა მათსა მშჳდობით, და არა იყოს მაშინებელი. |
27 | როცა გამოვაბრუნებ ხალხებიდან მათ და გამოვკრებ მათი მტრების ქვეყნებიდან, მაშინ გამოვაჩენ ჩემს დიდებას მათში უამრავი ხალხის თვალწინ. | 27 | მო-რაჲ-ვაქცევდე მე მათ წარმართთაგან და შევჰკრებდე მე მათ სოფლებთაგან მტერთა მათთაჲსა, და წმიდა ვიქმნე მე მათ შორის წინაშე მრავალთა ნათესავთასა. |
28 | მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი, როცა ხალხებში გაბნეულებს შევკრებ მათ მიწაზე და იქ აღარავის დავტოვებ. | 28 | და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, გამო-რაჲ- უჩნდე მე მათ წარმართთა შორის, და შევკრიბნე იგინი ქუეყანასა ზედა თჳსსა და არა ვინ დაუტეო მათგანი მათ თანა |
29 | აღარ მოვარიდებ მათ ჩემს სახეს, რათა გადმოვღვარო ისრაელის სახლზე ჩემი სული, ამბობს უფალი ღმერთი. | 29 | და არა მივიქციო არა მერმე პირი ჩემი მათგან მის წილ, რომელ მივჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი სახლსა ზედა ისრაჱლისასა, - იტყჳს უფალი, უფალი. |