ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეორმოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ჩვენი ტყვეობის ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის ათში, ქალაქის დანგრევიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, იყო უფლის ხელი ჩემზე და მიმიყვანა იქ.

1

და იქმნა ხუთ და მეოცესა შინა წელსა ტყუეობისა ჩუენისასაჲ, პირველსა შინა თთუესა, ათსა თთჳსასა, ოთხ და მეათესა წელსა შემდგომად დაპყრობისა ქალაქისა, მას დღესა შინა იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ

2 ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყნად და დამსვა ერთ ძალზე მაღალ მთაზე, სადაც სამხრეთის მხარეს რაღაც ქალაქისმაგვარი იყო აშენებული. 2 და მომიყვანა მე მუნ ხილვასა შორის ღმრთისასა, შემიყვანა მე ქუეყანად ისრაჱლისა და დამდვა მე მთასა ზედა მაღალსა ფრიად და მას ზედა, ვითარცა დაშენებულებაჲ ქალაქისაჲ პირისპირ.
3 მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა. 3 და შემიყვანა მე მუნ და, აჰა, კაცი და ხილვაჲ მისი იყო, ვითარცა ხილვაჲ რვალისა მბზინვარისაჲ და იყო საბელი მაშენებლისაჲ ჴელსა შორის მისსა და ლელწამი საზომისაჲ ჴელსა შინა მისსა, და იგი დგა ბჭესა ზედა.
4 დამელაპარაკა ეს კაცი: ადამის ძევ! იხილე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე, გულში ჩაიდევი ყველაფერი, რასაც გახილვინებ, რადგან იმისთვის ხარ მოყვანილი აქ, რომ გახილვინო; გამოუცხადე ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც იხილავ. 4 და თქუა ჩემდამო კაცმან: იხილეა, ძეო კაცისაო? განიცადე თუალთა მიერ შენთა და ყურთა მიერ შენთა ისმინე და დააწესენ გულსა შენსა ყოველნი, რავდენთა მე გიჩუენებ შენ მით, რამეთუ ჩუენებისათჳს შენისა შემოვედ აქა; და უჩუენო, რავდენთა შენ ჰხედავ, ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა.
5 აჰა, კედელია ტაძრის გარეთ, მის ირგვლივ, და კაცს ლერწმის საზომი აქვს ხელში, ექვსწყრთიანი (წყრთა მტევნითურთ); გაზომა შენობის სიგანე და იყო ერთი ლერწამი და სიმაღლე - ერთი ლერწამი. 5 და, აჰა, ეზოჲ გარეშე სახლისა გარემო და ჴელსა შინა კაცისასა ლელწამი ზომით წყრთათა ექუსთაჲ წყრთითა და გოჯეულითა; და განზომა წინმოზღუდულობაჲ, სივრცე სწორი ლელწმისაჲ და სიმაღლე მისი სწორი ლელწმისაჲ.
6 მივიდა აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭესთან და ავიდა მის საფეხურებზე, და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი. 6 და შევიდა ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, შჳდთა შორის აღხარისხულთა და მოზომა თეეაჲ ექუს-ექუსი და ელამი ბჭისაჲ, სწორი ლელწმისაჲ სიგრძე და სწორი ლელწმისაჲ სივრცე. და თეეაჲ სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და ელამი საშუალ ელამისა წყრთეებ ექუს;
7 თითო სენაკის სიგრძე ერთი ლერწამი და სიგანეც ერთი ლერწამი; სენაკებს შორის ხუთი წყრთა; კარიბჭის ზღურბლი შიდა კარიბჭის სტოასთან ერთი ლერწამი; 7 და თეეი მეორე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და ელამი წყრთათა ხუთთა.
8 გაზომა შიდა კარიბჭის სტოა - ერთი ლერწამი. 8 და თეეჲ მესამე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ,
9 გაზომა კარიბჭის სტოა - შვიდი წყრთა, მისი სვეტები ორ-ორი წყრთა; კარიბჭის სტოა შიგნით იყო. 9 და ელამი ბჭისაჲ, მახლობელად ელამსა ბჭისასა, წყრთათა რვათაჲ და ელევნი წყრთათა ორთანი და ელამნი შინაგან ბჭისა.
10 აღმოსავლეთის კარიბჭეს ერთ მხარეს სამი სენაკი ჰქონდა, მეორე მხარეს სამი; ერთი ზომის იყო სამივე, ერთი ზომის იყო ორივე მხარის სვეტები. 10 და თეენი პირისპირ ბჭისა, სამნი ამიერ და სამნი იმიერ, გზისა კერძ აღმოსავალითისა, და საზომი სამთავე შორის; და საზომი ელამთა შორის ამიერ და იმიერ.
11

გაზომა კარიბჭის შესასვლელის სიგანე - ათი წყრთა, კარიბჭის სიგრძე - ცამეტი წყრთა;

11

და განზომა სივრცე კარისა ბჭისაჲ მის წყრთაებ ათ და სიგრძე ბჭისაჲ წყრთათა ათსამეტთაჲ.

12 სენაკების წინ ფართობი თითო წყრთა იყო ორივე მხარეს; სენაკები - ექვსი წყრთა ერთ მხარეს და ექვსი წყრთა მეორე მხარეს. 12 და წყრთისა შემოკრებული საზღვარი პირსა წინაშე თეეთასა წყრთისა ერთისაჲ და წყრთისა ერთისა საზღვარი ამიერ და იმიერ და თეეი წყრთათა ექუსთაჲ აქაჲთ და იქით.
13 გაზომა კარიბჭე ერთი სენაკის სახურავიდან მეორე სენაკის სახურავამდე - სიგანე ოცდახუთი წყრთა; კარი კარის პირდაპირ იყო; 13 და განზომა ბჭე წყრთითგან თეეისაჲთ ზღუდისა მიმართ თეეისა სივრცე ოთცდახუთთა წყრთათა; ესე ბჭე ბჭესა ზედა.
14 სამოცი წყრთა გამოუვიდა სვეტები; სვეტების წინ ეზო და კარიბჭე იყო ირგვლივ. 14 და ურთავი ელამისა ბჭისაჲ სამეოც წყრთაებ და თეისნი ბჭისაჲ მრგულივ გარემოთა ეზოჲსათა და ურთავი გარეშე ბჭისა.
15 შესასვლელი კარიბჭიდან შიდა კარიბჭის სტოამდე - ორმოცდაათი წყრთა; 15 ურთავისა მიმართ ელამისაჲსა შინაგან ბჭისა ერგასის წყრთაებ.
16 ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული. 16 და სარკუმელნი დაფარულნი თეჲმთაჲთ კერძო შინაგან და ელამით კერძო, ბჭესა ეზოჲსასა მრგულივ, და ეგრეთვე ელამისა სარკუმელნი მრგულივ, შინაგან და ელამით კერძო, შეწებვით ფინიკნი სამ-სამნი აქეთ და იქით. და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად
17 მიმიყვანა გარეთა ეზოში და, აჰა, ოთახები და ქვაფენილია მოწყობილი ეზოში, ირგვლივ, ოცდაათი ოთახი, ქვაფენილიანი. 17 და, აჰა, კრეტსაბმელები და სუეტები ქმნულები გარვმოჲს ეზოჲსა, ოცთაათები კრეტსაბმელები გარემო სუეტებთა ზედა.
18 ქვაფენილი კარიბჭეთა გვერდით იყო, მთელს სიგრძეზე; ეს იყო ქვედა ქვაფენილი. 18 და სტოვაები სამხრითკერძოთა ბჭეთასა სიგრძისაებრ ბჭეთაჲსა, პირისპირ
19 გაზომა სიგანე ქვედა კარიბჭიდან შიდა ეზოს ბოლომდე ასი წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით. 19 გარემო სუეტსა ქუეშე კერძოსა. და განზომა სივრცე ეზოჲსა ურთავითგან ბჭისა გარეშისაჲთ შინაგან ურთავისა კერძ ბჭისა, მხედველისა გარეთ წყრთა ას, მხედველისა აღმოსავალით კერძო,
20 გარეთა ეზოს ჩრდილო კარიბჭის სიგრძე და სიგანეც გაზომა. 20 და შემიყვანა მე ჩრდილოდ მიმართ. და, აჰა, ბჭე, მხედველი ჩრდილოთ კერძო ეზოჲსა გარეშისაჲ, და განზომა იგი, სიგრძეცა მისი და სივრცე მისი.
21

სენაკები ერთ მხარეს სამი იყო, მეორე მხარეს - სამი; მისი სვეტები და სტოა პირველი კარიბჭის ზომისა იყო, სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.

21

და თეი სამნი, სამნი ამიერ და სამნი იმიერ; და ელაჲ და ელამონი და ფინიკნი მისნი და იყო საზომთაებრ ბჭისა, მხედველისათა აღმოსავალით კერძო, ერგასისთა წყრთაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთათა ოცდახუთთაჲ.

22 სარკმლები, სტოები და პალმის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასავლელი და სტოა მის წინ; 22 და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი მისნი და ფინიკნი მისნი, ვითარ-იგი ბჭე, მხედველი აღმოსავალით კერძო, და შჳდთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და ელამმონნი მისნი შინაგან მათსა.
23 შიდა ეზოს კარიბჭე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კარიბჭის პირდაპირ იყო; და გაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე ასი წყრთა. 23 და ბჭე ეზოსა შინაგანსა, მხედველი ბჭესა ზედა ჩრდილოჲსასა, ვითარსახედ ბჭისა მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ წყრთაებას.
24 წამიყვანა სამხრეთისკენ და, აჰა, სამხრეთის კარიბჭე; გაზომა მისი სვეტები და სტოა, და იგივე ზომებისა იყო. 24 და მიმიყვანა მე გზისა მიმართ სამხრითკერძისა და, აჰა ბჭე, მხედველი სამხრად მიმართ, და განზომა იგი და თეენი და ელანი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ.
25 ჰქონდა სარკმლები და სტოები ირგვლივ ისეთივე, როგორიც სხვა სარკმლები იყო; სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა. 25 და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემო, ვითარ-იგი სარკუმელნი ელამისანი, ერგასისთა წყრთათაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთა ოცდახუთთაჲ
26 იყო ასასვლელი შვიდსაფეხურიანი, სტოა მის წინ და პალმის ჩუქურთმები მის სვეტებზე, თითო-თითო ორივე მხარეს; 26 და შვიდნი აღკიბულნი მისნი და ელამმონნი მისნი შინაგან მისსა და ფინიკნი მისნი, ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევით კერძო.
27 შიდა ეზოს კარიბჭე სამხრეთისკენ იყო; გაზომა კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთისკენ ასი წყრთა. 27 და ბჭე პირისპირ ბჭესა ეზოჲსა შინაგანისასა ჩრდილოდ მიმართ; და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ გზისა სამხრადმიმართისაჲ წყრთაებ ას და სივრცე წყრთაებ ოცდახუთ.
28 შემიყვანა შიდა ეზოში სამხრეთის კარიბჭით და გაზომა სამხრეთის კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით. 28 და შემიყვანა მე ეზოდ მიმართ უშინაგანესად, ბჭისა მიერ სამხრადმიმართისა, და განზომი ბჭე სამხრადმიმართი საზომთაებრ ამათ.
29 სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა. 29 და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონი გარემოჲს ერგასის წყრთაებ-სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.
30 სტოები იყო ირგვლივ: სიგრძე ოცდახუთი წყრთა და სიგანე ხუთი წყრთა. 30 და ელამმონისა გარემოჲსა სიგრძე ხუთთა და ოცთა წყრთათა და სივრცე ხუთთა წყრთათა.
31

მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვა საფეხურიანი.

31

და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა მისსა შინა ეზოსა და ფინიკნი მისნი ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევისა მიმართ; და რვანი აღხარისხულნი მისნი აღსავალად მისსა.

32 შემიყვანა შიდა ეზოში აღმოსავლეთის კარიბჭით და გაზომა კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით. 32 და შემიყვანა მე უშინაგანესისა მიმართ ბჭისა, მხედველისა გზად აღმოსავალით კერძოდ, და განზომა იგი საზომთაებრ ამათ.
33 სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა. 33 და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემოჲს ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.
34 მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო. 34 და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა შინა ეზოსა და ფინიკნი ელევთა ზედა მისთა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხვანი მისნი.
35 მიმიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭესთან და გაზომა იმავე ზომების მიხედვით. 35 და შემიყვანა მე ბჭისა მიმართ ჩრდილოჲთკერძისა და განზომა საზომთაებრ ამათ.
36 სენაკები, სვეტები, სტოები და სარკმელები ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა. 36 და თეენი და ელევნი და ელამმონნი და სარკუმელნი მისნი გარემოჲს; და ელამმონნი მისსა გარემო ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი, და სივრცე მისი - ოცდახუთ წყრთაებ.
37 მისი სვეტები გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა ორივე მხარეს და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო. 37 და ელამმონნი მისნი ეზოსა შინა გარეშესა და ფინიკნი ელევისა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხულნი მისნი.
38 ჰქონდა ოთახი თავისი შესასვლელითურთ კარიბჭის სვეტებთან; აქ ასუფთავებენ აღსავლენ მსხვერპლს. 38 და კრეტსაბმელნი მისნი და თითოეულისა კრეტსაბმელისა იყო კარი და ელამმონნი მისნი კართა ზედა ბჭეთასა. და მუნ რცხედ ყოვლადდასაწუელთა.
39 კარიბჭის სტოაში ერთ მხარეს ორი ტაბლა იყო, მეორე მხარესაც ორი ტაბლა იყო აღსავლენის, ცოდვის გამოსასყიდის და დანაშაულის გამოსასყიდის მსხვერპლის დასაკლავად. 39 ხოლო წინაკარსა თანა ბჭისასა ორნი ტაბლანი ამიერ და იმიერ, ტაბლანი ამიერ მეორისა გამოსადინელისა, რაჲთა დაიკლოდიან მათ ზედა ყოვლადდასაწუელი და ცოდვისა ძლითნი და უმეცრებისა ძლითნი.
40 გარეთა ფრთაზე ასასვლელთან, ჩრდილოეთის კარიბჭის შესასვლელთან ორი ტაბლა იყო, მეორე ფრთაზე კარიბჭის სტოასთან ორი ტაბლა იყო; 40 და სამხრით კერძო სადინელისა ყოვლადდასაწუელთაჲსა, კარსა თანა ბჭისა მხედველისასა ჩრდილოჲთ კერძო, ორნი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო; სამხრით კერძო მეორისა ელამისაჲსა და ბჭისა ორნი ტაბლანი აღმოსავალით კერძო; და რვანი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო,
41

ოთხი ტაბლა ერთ მხარეს და ოთხი ტაბლა მეორე მხარეს, კარიბჭის ფრთასთან; რვა ტაბლა იყო მსხვერპლის დასაკლავად.

41

ოთხნი ტაბლანი ამიერ და ოთხნი ტაბლანი იმიერ, სამხრით კერძო ბჭისაჲთ რვანი ტაბლანი მსხუერპლთანი; მათ ზედა დაკლნიან საკლველნი ყოვლადდასაწუელთანი წინაშე რვათა ტაბლათასა.

42 ოთხი ტაბლა აღსავლენი მსხვერპლისათვის თლილი ქვისგან იყო; სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა; მათზე ეწყო იარაღები, რომლებითაც კლავენ აღსავლენს და სხვა მსხვერპლს. 42 და ოთხნი ტაბლანი ყოვლადდასაწუელთანი ქვისანი, გამოთლილნი სიგრძით წყრთა და ნახევარ, და სივრცით წყრთა და ნახევარ, და წყრთა ერთ სიმაღლით; მათ ზედა დადვან ჭურჭლები, რომელთა მიერ დაკლიან მუნ ყოვლადდასაწუელები.
43 ორკაპი ჩანგლები, ერთი მტკაველი სიგრძისა, მიმაგრებული იყო შიგნით ირგვლივ, ტაბლებზე კი შესაწირავი ხორცი ელაგა; 43 და გისოსი გოჯეულსა მქონებელი, გამოთლილსა შინაგან მრგულივ და ტაბლასა ზედა, ზენაკერძო სართულნი დამფარველად წჳმისაგან და სიჴმელისაგან.
44 შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა ოთახები იყო, შიდა ეზოში, რომელიც ჩრდილოეთის კარიბჭის ფრთასთან იყო და სამხრეთისკენ იყურებოდა; ერთი კი აღმოსავლეთის კარიბჭის ფრთასთან, ჩრდილოეთისკენ იყო მიქცეული. 44 და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, საყდარნი ორნი გზათანი ეზოსა შინა უშინაგანესსა, ერთი სამჴრით კერძო ბჭისა, მხედველისა ჩრდილოდ მიმართ, და მეორე ჩრდილოდ კერძო ბჭისა, მხედველისა სამხრისა მიმართ.
45 მითხრა: ეს ოთახი, სამხრეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც ტაძრის სამსახურს ასრულებენ. 45 და თქუა ჩემდამო: საყდარი ესე, მხედველი სამხრად მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა სახლისასა. და საყდარი, მხედველი ჩრდილოდ მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა საკურთხეველისასა; იგინი არიან ძენი სადუკისნი, მიახლებულნი ლევისგან უფლისა მიმართ მსახურებად მისსა.
46 ხოლო ოთახი, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი არიან, რომლებიც ლევიანთა შორის, უფალს მიახლოებულნი, ემსახურებიან მას. 46 და განზომა ეზოჲ სიგრძით წყრთათა ასთაჲ და სივრცით წყრთათა ასთაჲ ოთხთა ზედა კერძოთა მისთა და საკურთხეველი დამართებით სახლისა.
47 გაზომა ეზო: სიგრძე ასი წყრთა და სიგანეც ასი წყრთა, ოთხკუთხედი იყო; სამსხვერპლო იდგა ტაძრის წინ. 47 და შემიყვანა მე ელამად მიმართ სახლისა და განზომა; და განზომეს ელამი, წყრთათა ხუთთა სივრცე ამიერ, და ხუთთა წყრთათაჲ იმიერ, და სიბრტყე სიფართისა წყრთათა ათოთხმეტთაჲ, და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.
48 მიმიყვანა ტაძრის სტოასთან და გაზომა სტოა: ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; კარიბჭის სიგანე სამი წყრთა ერთ მხარეს და სამი წყრთა მეორე მხარეს. 48 და სივრცე სიფართისაჲ წყრთათა ათოთხმეტთაჲ და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.
49 სტოას სიგრძე ოცი წყრთა და სიგანე თორმეტი წყრთა; აღსავალთან, რომლითაც ადიან, სვეტები იყო, ერთი ერთ მხარეს, მეორე მეორე მხარეს. 49 და სიგრძე ელამისაჲ წყრთათა ოცთაჲ და სივრცე წყრთათა ათერთმეტთაჲ; და ათთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და სუეტნი იყვნეს ელამსა ზედა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ.