ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მიმიყვანა კარიბჭესთან, იმ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება.

1

და მომიყვანა მე ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, და განმიყვანა მე.

2 და, აჰა, ისრაელის ღვთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა დიდი ნიაღვრის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით. 2 და, აჰა, დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მოვიდოდა აღმოსავალითკერძოსა გზასა და ჴმაჲ ბანაკისაჲ, ვითარცა ჴმაჲ მეორწილეთა მრავალთაჲ, და ქუეყანა ბრწყინვიდა, ვითარ ნათელი დიდებისაგან მისისა მრგულივ.
3 ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე ამასწინათ, იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე, როცა მოვიდა ქალაქის გასანადგურებლად; იმ ხილვებს ჰგავდა, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. და პირქვე დავემხე. 3 და ხილვაჲ, რომელი ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე, ოდეს შევიდოდე ცხებად ქალაქისა, და ხილვაჲ ეტლისაჲ, რომელ ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისსა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.
4 უფლის დიდება შევიდა ტაძარში იმ კარიბჭით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული. 4 და დიდებაჲ უფლისაჲ შევიდა სახიდ გზისაგან ბჭისაჲსა, მხედველისა აღმოსავალთაჲთ კერძო,
5 ამწია სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებით იყო ტაძარი ავსებული. 5 და აღმიღო მე სულმან და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი იგი. და დავდეგ
6 გავიგონე, რომ მელაპარაკებოდა ტაძრიდან; ის კაცი კი ჩემს გვერდით იდგა. 6 და ჴმაჲ სახლით გამო მეტყუელებდა ჩემდამო და კაცი დგა მახლობელად ჩემსა;
7 მითხრა: ადამის ძევ! ეს არის ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემს ფეხთა ტერფებისა, სადაც საუკუნოდ ვიქნები ისრაელიანთა შორის; აღარ გააუწმიდურებს ჩემს წმიდა სახელს ისრაელის სახლი, არც ის და არც მისი მეფეები, თავიანთი გარყვნილებით და თავიანთ მეფეთა ძეგლებით გორაკებზე; 7 და თქუა ჩემდამო: უკუეთუ მიხილე მე, ძეო კაცისაო, ადგილი საყდრისა ჩემისაჲ და ადგილი კუალისა ფერჴთა ჩემთაჲსა, რომელთა შინა დაიმკჳდროს მუნ სახელმან ჩემმან შორის სახლსა ისრაჱლისასა უკუნისამდე? და არ შეაგინონ არღა მერმე სახლმან ისრაჱლისამან სახელი ჩემი წმიდაჲ, მან და წინამძღუართა მისთა, სიძვათა მიერ მათთა და მკლველობათა მიერ წინამძღუართა მათთა, შორის მათსა მომკუდართაჲთა,
8 თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან გათანაბრებით, თავიანთი წყრთილების ჩემს წყრთილებთან გათანასწორებით და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. აუწმიდურებდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლეებით, რომელთაც სჩადიოდნენ, და მე ვშთანთქე ისინი ჩემს რისხვაში. 8 და დადგომასა შინა მათსა წინაშე კართა ჩემთა, წინაკართა თანა მათთა, და ზღურბლნი ჩემნი მახლობელნი ზღურბლთა მათთანი; და მისცეს კედელი ჩემი, ვითარცა თანაქონებული ჩემდა მათი, და შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ უსჯულოებათა მიერ მათთა, რომელთა ჰყოფდეს. და განვმუსრენ იგინი გულისწყრომითა ჩემითა და კლვითა.
9 ამიერიდან გამარიდებენ თავიანთ გარყვნილებას და თავიანთ მეფეთა ძეგლებს და მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ. 9 და აწ განიშორნენ სიძვაჲ მათი და მკლველობანი მთავართა მათთანი ჩემგან. და დავიმკჳდრო შორის მათსა უკუნისამდე.
10

შენ კი ადამის ძევ, აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძრის ამბავი, რომ შერცხვეთ თავიანთი უკეთურობებისა და გაზომონ შენობა.

10

და შენ, ძეო კაცისაო, უჩუენე სახლსა ისრაჱლისასა სახლი, და დასცხრენ ცოდვათაგან მათსა და უჩვენე მათ სახე მისი და განწესება მისი,

11 თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩადენილი აქვთ, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი, მისი აღნაგობა, მისი შესასვლელ-გამოსასვლელები, მთელი მისი ნახაზი და ყოველი წესი და კანონი; დაუწერე, რომ დაიცვან ყოველი მისი ნახაზი და წესი, და შეასრულონ. 11 ნუ ვითარ ჰრცხუენეს? და მიიღონ მათ ტანჯვაჲ მათი ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს; და გამოსწერო სახლი და განმზადებულებაჲ მისი, და გამოსავალნი მისნი, და შესავალნი მისნი, და ყოველი გუამოვნებაჲ მისი, და ყოველნი ბრძანებანი მისნი, და ყოველნი შჯულვილნი მისნი, და ყოველნი შჯულნი მისნი აცნობნე მათ; და გამოსწერნე წინაშე მათსა, და დაიცვნენ ყოველნი სამართალნი ჩემნი და ყოველნი ბრძანებანი ჩემნი, და ჰყოფდენ მათ.
12 ეს არის ტაძრის რჯული: მთელი მიდამო მთის წვერზე წმიდათა წმიდაა ირგვლივ. აჰა, ეს არის ტაძრის რჯული. 12 ესე გამოწერაჲ სახლისაჲ თხემსა ზედა მთისასა და ყოველთა მთეებთა მისთა გარემოჲს წმიდაებ წმიდათა არს, ესე შჯული სახლისაჲ
13 აი, სამსხვერპლოს ზომები წყრთებში (წყრთად ითვლება წყრთა ხელის მტევანთან ერთად): კვარცხლბეკი ერთი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა, ძგიდე მის კიდეზე ირგვლივ ერთი მტკაველი; ეს არის სამსხვერპლოს ზურგი. 13 და ესე საზომნი საკურთხეველისანი წყრთისა შორის წყრთისაჲ და წყრთისა და გოჯეულისაჲ წიაღეული სიღრმე წყრთასა ზედა და წყრთაჲ სივრცე, და ძგიდებ ბაგესა თანა მისსა მრგულივ მტკავლეული; და ესე სიმაღლე საკურთხევლისა,
14 მიწაზე მდგარი კვარცხლბეკიდან ქვემო შვერილამდე ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე ოთხი წყრთა, სიგანე ერთი წყრთა. 14 სიღრმისაგან დასაწყისისა წიაღისა მისისა, სალხინებელისა მიმართ დიდისა ამის ქუეშე კერძო, წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთისაჲ და სალხინებელისაგან მცირისა სალხინებელისა მიმართ დიდისა წყრთანი ოთხნი და სივრცე წყრთისაჲ.
15 საკურთხეველის სიმაღლე ოთხი წყრთა; საკურთხევლიდან ზემოთ ოთხი რქა ამოდის. 15 და არიილი წყრთათა ოთხთა, და არიილითგან და ზედ კერძო რქათასა წყრთაჲ.
16 საკურთხევლის სიგრძე თორმეგი წყრთაა, თორმეტი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედია თავის ოთხივე მხარეს. 16 და არიილისა წყრთათა ათორმეტთა სიგრძე, წყრთათა ზედა ათორმეტთა სივრცე ოთხ კედელად, ოთხთავე კერძოთა მისთა.
17 შვერილის სიმაღლე თოთხმეტი წყრთა, სიგანეც თოთხმეტი წყრთა მის ოთხივე მხარეს; ძგიდე მის ირგვლივ ნახევარი წყრთა, მისი კვარცხლბეკის ირგვლივ ერთი წყრთა; მისი საფეხურები აღმოსავლეთისკენაა. 17 და სალხინებელისა წყრთათა ათორმეტთაჲ სიგრძე წყრთათა ზედა ათოთხმეტთა სივრცით ოთხთავე კერძოთა მისთა; და ძგიდე მისი და მოგარვებული მისი გარემო კერძოჲ წყრთისაჲ და მრგულივ მისა წყრთა გარეშემო და კიბეებნი მისნი, მხედველნი აღმოსავალთა მიმართ.
18 მითხრა: ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის წესები სამსხვერპლოსი იმ დღისთვის, როცა გაკეთდება, აღსავლენის შესაწირად და მასზე სისხლის სასხურებლად. 18 და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: ესე არიან ბრძანებანი საკურთხეველისანი დღესა შინა ქმნისა მისისასა აღხუმად მის ზედა ყოვლადდასაწველნი და დათხევად მის ზედა სისხლი.
19

მიეცი ლევიან მღვდლებს, ცადოკის მოდგმისანი რომ არიან, ჩემთან დაახლოებულთ, ამბობს უფალი ღმერთი, ხბო ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისთვის, რათა მემსახურონ.

19

და მიცემად მღდელთა ლევიტელთა, თესლისაგან სადუკისსა, მოახლეთა ჩემდამო, - იტყჳს ადონაი უფალი, - შემოწირვად ჩემდა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.

20 აიღე მისი სისხლიდან და ასხურე სამსხვერპლოს ოთხ რქას, შვერილის ოთხ მხარეს და ძგიდეს, ირგვლივ; ამით განწმედ ცოდვისგან და გაასუფთავებ მას. 20 და მოიღონ სისხლისაგან მისისა და ზედადასცხონ ოთხთავე რქათა საკურთხეველისათა და ოთხთა ყურეთა ზედა სალხინებელისათა და ხარისხსა ზედა გარემო, და გარემოასხურონ მას და ალხინონ მას.
21 აიღე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და დაწვი იგი ტაძრის დათქმულ ადგილას, საწმიდარის გარეთ. 21 და მოიყვანონ ზუარაკი ცოდვისა ძლითი და დაიწვას განშორებულად სახლისა გარეშე წმიდათასა.
22 მეორე დღეს შესწირე საღი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ამით განწმედ სამსხვერპლოს, როგორც ხბოთი განწმიდეს. 22 და მეორესა დღესა მოიყვანნენ თიკანნი ორნი თხისანი უბიწონი ცოდვისათა ძლით და ალხინონ საკურთხეველსა, ვითარ-იგი ალხინეს ზუარაკისა მიერ.
23 როცა განწმედას მორჩები, შესწირე საღი ხბო და საღი ვერძი ფარიდან. 23 და შემდგომად სრულქმნისა ლხინებათაჲსა მოიყვანონ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ და ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ,
24 მიიყვანე უფლის წინაშე და დააფრქვიონ მათ მღვდლებმა მარილი, და აღსავლენად აღუვლინონ უფალს. 24 და შემოიყვანნენ იგინი წინაშე უფლისა და დაყარნენ მათ ზედა მღდელთა მარილნი, და აღიხუნენ იგინი ყოვლადდასაწუელად უფლისა.
25 შვიდი დღის მანძილზე ამზადებდე თითო თხას დღეში ცოდვის გამოსასყიდად; ხბო და ფარის ვერძიც საღი მოამზადონ. 25 შჳდთა დღეთა ჰყო თიკანი ცოდვისათჳს დღითი დღე; და ზუარაკისა ზროხათაგან და ვერძსა ცხოვართაგან უბიწოთა ჰყოფდენ
26 შვიდი დღის მანძილზე შეასრულონ გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთან განწმიდონ ის და აუვსონ ხელი. 26 შჳდთა დღეთა, და ულხინებდენ საკურთხეველსა, და განსწმედდენ მას, და აღივსებდენ ჴელთა მათთა
27 როცა შესრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და მის შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, და წყალობას გამოვიჩენ თქვენდამი. ამბობს უფალი ღმერთი. 27 და განასრულებდენ დღეთა. და იყოს მერვით დღითგან და წარმართთა ჰყოფდენ მღდელნი საკურთხეველსა ზედა ყოვლადდასაწველთა თქუენთა და მაცხოვარებისა თქუენისათა და შეგიწყნარნე თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.