ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2 შენ, ადამის ძევ! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, აღსასრული! მოადგა აღსასრული ამ ქვეყნის ოთხივე კუთხეს! 2 და შენ, ძეო კაცისაო, თქუ, ვითარმედ ამათ იტყჳს უფალი ადონაი: ქუეყანასა ისრაჱლისასა აღსასრული მოიწიოს, ოთხთა ზედა ფრთეთა ქუეყანისათა.
3 ახლა აღსასრულია შენზე და მოგივლენ ჩემს რისხვას, განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ. 3 მოიწიოს აღსასრული აწ, და მოვიდეს აღსასრული შენ ზედა და შურვიგო შენგან გზათათჳს შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.
4 არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენს წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწეები შენთან იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ. 4 არა ერიდოს თუალი ჩემი შენ ზედა, არცა შეგიწყალო მით, რამეთუ გზაჲ შენი შენ ზედა მივსცე და საძაგელებანი შენნი შორის შენსა იყუნენ და სცნა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი გგუემ.
5 ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, ერთადერთი უბედურება, აჰა, მოდის! 5 რამეთუ ამას იტყჳს უფალი, უფალი: უკეთურებაჲ ერთი, უკეთურება, ესერა, წარმოდგა.
6 აღსასრული დგება, დგება აღსასრული, თავზე გატყდება, აჰა, მოვიდა! 6 აღსასრული მოიწევის, მოიწევის აღსასრული, აღდგომილ იქმნა შენდამი.
7 მოვიდა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მკვიდრო! დადგა ჟამი, ახლოა დღე შეშფოთებისა, არა მთებზე ჟრიამულისა. 7 აჰა, მოიწევის აღსასრული, მოიწევის თხზულება შენ ზედა, დამკჳდრებულსა ქუეყანისასა, მოიწევის ჟამი, მოახს დღე არა შფოთებით, არცა სალმობით.
8 ახლა მალე გადმოგაღვრით ჩემს რისხვას და შენზე მოვიკლავ ჩემს წყრომას; განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ! 8 აწ ახლოჲთ განვჰფენ რისხვასა ჩემსა შენ ზედა და აღვასრულო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის, და გსაჯო შენ გზათა შინა შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.
9 არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენს წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწენი შენთანვე იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ, შემმუსვრელი! 9 არა ჰრიდოს თუალმან ჩემმან, არცა შევიწყალო მით, რამეთუ გზანი შენნი შენ ზედა მივსცნე და საძაგელებანი შენნი შენ შორის იყუნენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი ვსცემ.
10

აჰა, დღე! აჰა; დადგა! მოაწია ჯერმა! კვერთხი აყვავდა, ამპარტავნობა გაიფურჩქნა!

10

ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, აღსასრული მოიწიოს, აჰა, დღე უფლისაჲ მოიწიოს, გამოვიდა თხზულება, აღყუავნა კუერთხი, აღდგა გინებაჲ.

11 ძალადობა აღიმართა ბოროტეულის კვერთხად; აღარ იქნებიან ისინი; არც მათი სიმრავლე, არც მათი დოვლათი, არც მათზე წუხილი. 11 და შემუსროს სიმტკიცე უსჯულოჲსა და არცა შფოთებით, არცა სისწრაფით, და არა მათგან არიან, გონებასა მათსა, არცა შუენიერებაჲ მათ შორის.
12 დადგა ჟამი, მოაწია დღემ; მყიდველს ნუ გაუხარდება, გამყიდველი ნუ იწუხებს, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია. 12 მოვიდეს უფალი, აჰა, დღე უფლისაჲ შობს, აღსასრული მოიწია, აჰა, დღე; მომგებელნი ნუ იხარებნ და განმსყიდელი ნუ გოდებნ მით, რამეთუ რისხვაჲ ყოვლისა მიმართ სიმრავლისა მისისა.
13 რადგან გამყიდველი ვეღარ მიუბრუნდება გაყიდულს, ცოცხლებიც რომ დარჩნენ; რადგან ხილვა მთელს მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება და ვერაკაცი თავისი უკეთურების გამო სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს. 13 და მომგებელმან განმსყიდელისა მიმართ არღა მერმე მიაქციოს და არღა მერმე ცხორებასა შინა ცხორებად მისსა, რამეთუ ხილვაჲ ყოვლისამი სიმრავლისა მისისა არ მოაქციოს, და კაცმან თუალთა მისთა წინა ვერ იპყრას.
14 დააყვირებენ საყვირს და ყველაფერი მზად იქნება, მაგრამ საომრად არავინ წავა, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია ჩემგან. 14 დაჰნესტუეთ ნესტუთა მიერ და გამოირჩევდით თანად ყოვლითა და არა არს განმავალი ბრძოლად, რამეთუ რისხვაჲ ჩემი ყოველსა ზედა სიმრავლესა მისსა.
15 გარეთ მახვილია, შინ - ჭირი და შიმშილი! ველზე მყოფი მახვილით მოკვდება; ქალაქში მყოფს შიმშილი და ჭირი შეჭამს. 15 ბრძოლაჲ მახჳლითა - გარეშე, და სიყმილი და სიკუდილი - შინაგან. ველისზედაჲ მახჳლითა აღესრულოს, ხოლო ქალაქისშინანი სიყმილითა და მახჳლითა მოესრულნენ.
16 თავს უშველიან მათი დანარჩომნი და იქნებიან მთებში ველის მტრედებივით; ყველა თავის უკეთურებაზე აკვნესდება. 16 და განერნენ განრინებულნი მათგან და იყუნენ მთათა ზედა, ვითარცა ტრედნი მღუნავნი; ყოველნი მოსწყდენ კაცადნი უმართლობათა შინა მისთა.
17 ყველა ხელი დაუძლურდება და ყველა მუხლი გაწყალდება. 17 ყოველნი ჴელნი დაიჴსნენ და ყოველნი ბარკალსხჳლნი შეიბილწნენ ნოტიობითა.
18 ჯვალოს შემოისარტყლავენ და შიში მოიცავს მათ; ყოველი სახე შერცხვენილი იქნება და ყოველი თავი გაქაჩლდება. 18 და გარემოირტყნენ ძაძანი და დაფარნეს იგინი საკჳრველებამან და დასულებამან; და ყოველსა პირსა ზედა სირცხჳლი მათ ზედა და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე.
19

თავიანთ ვერცხლს გარეთ გადაყრიან და ოქრო სიბინძურედ იქცევა; ოქრო-ვერცხლი ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღებენ და შიგანს ვერ ამოივსებენ, რადგან მათი უკეთურების საბრხე იყო.

19

ვეცხლი მათი დაისრიოს უბანთა ზედა და ოქროჲ მათი შეურაცხ იქმნეს. ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ იქმნეს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა. და სულნი მათნი ვერ განძღენ და მუცელნი მათნი ვერ აღივსნენ, რამეთუ ტანჯვაჲ უსამართლოობათა მათთა იქმნა.

20 მედიდურობდნენ თავიანთ სამკაულთა მშვენებით და თავიანთ სიბილწეთა და სისაძაგლეთა ხატები შექმნეს; ამიტომ სიბინძურედ გავხდი მას მათთვის. 20 რჩეულნი სამკაულნი ამპარტავნებად დასხნეს, იგინი და ხატნი საძაგელებათა მათთანი და მოსაწყინელთა მათთანი ქმნნეს მათგან; ამისთჳს მივსცნე იგინი მათ არაწმიდებად.
21 უცხოთა ხელში მივცემ მას დასატაცებლად და ნადავლად - ქვეყნის ბოროტეულთ, რომ უპატიოჰყონ. 21 და განვსცნე იგინი ჴელთა უცხოთასა დატაცებად იგინი და ბუგრთა ქუეყანისათა - ტყუედ და შეამწიკულნეს იგინი.
22 პირს ავარიდებ მათ და უპატიოჰყოფენ ჩემს საიდუმლოს, შიგ შევლენ მძარცველები და უპატიოჰყოფენ. 22 და გარემივიქციო პირი ჩემი მათგან და შეაბილწონ ზედხედვაჲ ჩემი; და შევიდოდიან მათ ზედა უმცველოდ და შეაგინებდენ მათ.
23 გაამზადე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი სავსეა ძალადობით. 23 და ჰყოფდენ შერევასა, რამეთუ სავსე არს ქუეყანაჲ ერითა და ქალაქი - უსჯულოებითა სავსე.
24 მოვასხამ უბოროტეს ხალხს და დაეპატრონებიან მათ სახლებს; გავაცამტვერებ მძლავრთა სიამაყეს და გაუპატიურდება მათი სიწმიდენი. 24 და მოვიყვანნე ბილწნი იგი წარმართნი და დაუმკჳდრო ტაძრები იგი მათი, დავამჴუა სილაღე ამპარტავანებისა სილაღისა მის მათისა, და შეიგინნენ სიწმიდენი მათნი.
25 მოვა დაქცევა და მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება. 25 ლხინება მოვიდეს, და ეძიო მშჳდობა და არა იყოს;
26 ჭირი ჭირს დაერთვის, ავი ხმები ავ ხმებს მოყვება, წინასწარმეტყველის ხილვას დაუწყებენ ძებნას, რჯული დაეკარგება ღვთის მსახურს და რჩევა უხუცესებს. 26 და ვაებაჲ ვაებასა ზედა და ჰამბავი ჰამბავსა ზედა იყოს; და იძიებოდის ხილვაჲ წინაწარმეტყუელისაგან, და შჯული წარწყმდეს მღდლისაგან და განზრახვაჲ - მოხუცებულისაგან, და არა ჰპოებდენ.
27 მეფე გლოვას მოჰყვება, დიდებული ძრწოლით შეიმოსება და ქვეყნის ერს ხელი აუცახცახდება; მათ საქმეთაგბრ მოვექცევი მათ და მათი სამართლისაებრ განვსჯი მათ; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ. 27 მეფე იგლოვდეს და მთავარმან შეიმოსოს უჩინოქმნილება და ჴელნი ერისა ქუეყანისაჲსანი დაიჴსნენ; გზათაებრ მათთა უყო მათ და მსჯავრითა მათითა შური ვიძიო მათგან; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.