ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. |
1 |
ლოცვა გლახაკისა, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი |
2 | უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს. | 2 | უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ. |
3 | ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე. | 3 | ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი. |
4 | რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე. | 4 | რამეთუ მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი, ვითარცა ქარქუეტი, განჴმეს. |
5 | დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა. | 5 | იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. |
6 | ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს. | 6 | ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა. |
7 | ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში. | 7 | ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა. |
8 | უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე. | 8 | უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა. |
9 | ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ. | 9 | მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს. |
10 | რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე; | 10 | რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი |
11 | შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე. | 11 | პირისაგან რისხვისა და გულისწყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე. |
12 | ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები. | 12 | და დღენი ჩემნი, ვითარცა აჩრდილი, წარჴდეს, და მე ვითარცა თივაჲ, განვჴემ. |
13 | შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება. | 13 | ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და საჴსენებელი შენი თესლითი თესლამდე. |
14 | შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო. | 14 | შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისა, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი. |
15 | რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ. | 15 | რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ. |
16 |
შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა. |
16 |
და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა დიდებისაგან მისისა. |
17 | რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით. | 17 | რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა. |
18 | მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას. | 18 | მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო ვედრებაჲ მისი. |
19 | დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს. | 19 | დაიწერენ ესენი ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა; |
20 | რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა. | 20 | რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა, |
21 | რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი. | 21 | რათა შეისმინოს სულთქმაჲ შებორკილებულთა და განჴსნნეს ნაშობნი მოკლულთანი, |
22 | რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში. | 22 | თხრობად სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი - იერუსალჱმს, |
23 | როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად. | 23 | შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა. |
24 | გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი. | 24 | მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთა მითხარ მე. |
25 | ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები; | 25 | და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთასა; თესლით თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი. |
26 | უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. | 26 | დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან. |
27 | ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან. | 27 | იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ. |
28 | შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან. | 28 | ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ. |
29 | ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება. | 29 | ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს. |