ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 113

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,

1

გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა

2 გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო. 2 იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.
3 ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა. 3 ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.
4 მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით. 4 მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი.
5 რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი? 5 რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?
6 მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით? 6 მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი?
7 უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე, 7 პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,
8 რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად. 8 რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა.
9 ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით. 1 ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ
10 რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი? 2 წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
11 ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა. 3 ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა.
12 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. 4 კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი;
13 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. 5 პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ,
14

ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.

6 ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ,
15 ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. 7 ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა.
16 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. 8 ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.
17 ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. 9

სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.

18 აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის. 10 სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.
19 მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის. 11 მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.
20 უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს. 12 უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა,
21 აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად. 13 აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა.
22 დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს. 14 შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;
23 კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ, 15 კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა.
24 ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ. 16 ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.
25 არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული, 17 არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,
26 არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი! 18 არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.