ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარისათვის. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი. |
1 |
უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; |
2 | შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. | 2 | შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი, |
3 | ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე. | 3 | შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ. |
4 | თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად. | 4 | და ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა ჩემსა; |
5 | უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი. | 5 | აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისა, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი. |
6 | უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას. | 6 | საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას. |
7 | საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? | 7 | ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი? |
8 | ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ! | 8 | აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; |
9 | ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, | 9 | აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა, |
10 | იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი. | 10 | და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. |
11 | და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის. | 11 | და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. |
12 | სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე. | 12 | რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა დღე, განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. |
13 |
რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში. |
13 |
რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან. |
14 | გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით. | 14 | აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. |
15 | არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. | 15 | არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა. |
16 | ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი. | 16 | რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს ნაკლულოვანებაჲ მათ შორის. |
17 | ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი. | 17 | ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. |
18 | დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ. | 18 | აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ. |
19 | ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან! | 19 | უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან. |
20 | რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები. | 20 | რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამავოებითა ქალაქნი შენნი. |
21 | ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო? | 21 | ანუ არა მოძალენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკაფდი? |
22 | სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე. | 22 | სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნეს მე. |
23 | გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი. | 23 | განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე მე და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი. |
24 | ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე. | 24 | და იხილე, არს თუ გზაჲ უსჯულოებისა ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა. |