ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 27

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის; ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.

1

შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

2 ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ. 2 ისმინე, უფალო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისა, ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ჴელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა.
3 ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ. 3 ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა, ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკუეთურებასა - გულთა შინა მათთა.
4 მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტმოქმედებისამებრ; მათთა ხელთა გაკეთებულის შესაფერისად მიუზღე მათ, გადაახდევინე მათი დამსახურებისამებრ. 4 მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთასა; საქმეთაებრ ჴელთა მათთასა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე.
5 რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს. 5 რამეთუ არა გულისჴმა-ყუნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ჴელთა მისთასა მიჰხედნეს; დაამჴუნე იგინი და არა აღაშენნე.
6 კურთხეულ არს უფალი, რომ შეისმინა ხმა ჩემი ვედრებისა. 6 კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.
7 უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას. 7 უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას.
8 უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია. 8 უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თჳსისა.
9 ახსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო; მწყემსე ისინი და მოამაღლე უკუნითი უკუნისამდე. 9 აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. და დაჰმწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.