ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისათჳს |
2 | შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი. | 2 | შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე. |
3 | მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად. | 3 | მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა. |
4 | რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი. | 4 | რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳ მიძეღუ მე და გამომზარდო მე. |
5 | გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი. | 5 | და გამომიყვანო მე საბრჴიდა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე, |
6 | შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო. | 6 | რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო. |
7 | შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს. | 7 | მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ. |
8 | ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე ჩემი გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა. | 8 | ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მომხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი; |
9 | და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი. | 9 | და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი. |
10 | შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. | 10 | მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. |
11 | რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები - გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა. | 11 | რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს. |
12 | ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენი და მეზობლებისაგან - მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან. | 12 | ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარე განივლტიედ ჩემგან. |
13 | გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი. | 13 | დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენ მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული. |
14 |
რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს. |
14 |
რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთა, რომელნი გარემოს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს. |
15 | მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი. | 15 | ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი. |
16 | შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და მტერთა ხელიდან. | 16 | და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთასა და მდევართა ჩემთასა. |
17 | უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით. | 17 | გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. |
18 | უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ, დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში. | 18 | უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად. |
19 | დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით. | 19 | უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა. |
20 | რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე. | 20 | ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისა, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა. |
21 | შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან. | 21 | დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთასა; დაიცუნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა. |
22 | კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში. | 22 | კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა. |
23 | და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის. | 23 | ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთასა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი. |
24 | შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს. | 24 | შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა. |
25 | გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ. | 25 | მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა. |