ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 34

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.

1

საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;

2 მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად. 2 აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა.
3 იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“. 3 განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე.
4 შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი. 4 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.
5 შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი. 5 იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან აჭირვენ მათ;
6 იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ. 6 იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი.
7 რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს. 7 რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საბრჴისა მათისა და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.
8 და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ; 8 ეწიენ მათ საბრჴე, რომელ არა უწყოდიან და სანადირო, რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საბრჴესავე მათსა შეითხინედ.
9 ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით. 9 ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.
10 ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან. 10 ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთასა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
11 აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ. 11 რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და, რა-იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე.
12 სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ. 12 მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს.
13 ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა. 13 ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძა და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს.
14 როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი. 14 ვითარცა ძმა და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.
15

ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.

15

და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ,

16 პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ. 16 განიყვნეს და არა შეინანეს. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და იღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.
17 უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი. 17 უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძჳრისსაქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდშობილება ჩემი.
18 მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას. 18 აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ.
19 არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს. 19 ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა.
20 რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ. 20 რამეთუ ჩემ თანა მშჳდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკვასა განიზრახვიდეს.
21 ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა. 21 განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.
22 შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე; 22 იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან.
23 გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად. 23 განიღჳძე, უფალო, და მოხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო, შჯასა ჩემსა.
24 გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე. 24 მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემ ზედა.
25 ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი. 25 ნუ იტყჳედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა, სულსა ჩემსა! ნუცა იტყჳედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი.
26 შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა. 26 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათჳს; შთაიცუედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.
27 იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი. 27 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშჳდობაჲ მონისა შენისა.
28 და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ. 28 და ენაჲ ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.