ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 36

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.

1

ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.

2 რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. 2 რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისა ადრე დამოცჳვენ.
3 მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე. 3 ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა.
4 ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს. 4 იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისა.
5 მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს. 5 განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს;
6 და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით. 6 და გამოაბრწყინვოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვა შენი - ვითარცა დღე შუვაჲ.
7 დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. 7 დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უსჯულოებასა.
8 მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე. 8 დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ და ნუ ეშურები, რათამცა უკეთურებდი.
9 რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას. 9 რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკჳდრონ ქუეყანა.
10 კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. 10 და წუთღა, და არა იყოს უღმრთო და ეძიებდ ადგილსა მისსა და არა ჰპოო;
11 ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. 11 ხოლო მშჳდრთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და იშუებდენ მრავლითა მშჳდობითა.
12 ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ. 12 უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;
13 უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე. 13 ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაჲსწარ ჰხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.
14

მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, მოსპონ გზიანები.

14

მახჳლი იჴადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.

15 მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება. 15 მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშჳლდი მათი შეიმუსრენ.
16 მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს. 16 შჯობს მცირედი მართლისა, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.
17 რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია. 17 რამეთუ მკლავნი ცოდვილისანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნეს მართალნი უფალმან.
18 იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება. 18 იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკჳდრობაჲ მათი უკუნისამდე ეგოს;
19 არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან. 19 არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ.
20 რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან. 20 რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი, განქარდენ.
21 ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს. 21 ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის.
22 რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან. 22 რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკჳდრონ ქუეყანა, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ.
23 უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს. 23 უფლისა მიერ წარემართების სლვა კაცისა, და გზაჲ მისი ენებოს ფრიად.
24 კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა. 24 რაჟამს დაეცეს და არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ჴელსა მისსა.
25 ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალზე ხელგაწვდილი. 25 ყრმაჲ ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა.
26 ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია. 26 მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.
27

ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამრადჟამოდ.

27

მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი უკუნისამდე.

28 რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან. ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება. 28 რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთა მოისრას.
29 მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე. 29 ხოლო მართალთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და დაემკჳდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა.
30 წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს. 30 პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის მშჯავრსა.
31 რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები. 31 შჯული ღმრთისაჲ მისისა არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი.
32 ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს. 32 ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რათამცა მოკლა იგი;
33 უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს. 33 ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ჴელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხჳდეს მას.
34 მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას. 34 დაუთმე უფალსა და დაიცევ გზა მისი, და აგამაღლოს შენ დამკჳდრებად ქუეყანისა, და მოსრვა ცოდვილთა იხილო.
35 მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული. 35 ვიხილე მე უღმრთო უფროს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა.
36 მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ. 36 და თანაწარვჰჴედ და, აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი.
37 დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. 37 დაიცევ უმანკოებაჲ და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშჳდებელისა.
38 ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება. 38 ხოლო უსჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთა წარწყმდეს.
39 ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს. 39 ხოლო ცხორებაჲ მართალთა უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა.
40 და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი. 40 და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაჲ