ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, იდითუმისთჳს ფსალმუნი დავითისი |
2 | ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს პირდაპირ. | 2 | ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რათა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავდევ საცო პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რა ცოდვილი წინაშე ჩემსა. |
3 | დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა. | 3 | დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან და სალმობაჲ ჩემი განმიახლდა. |
4 | გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით: | 4 | განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი. |
5 | მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა. | 5 | ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე. |
6 | აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა. | 6 | ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი, ვითარცა არარაჲ, არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი. |
7 | ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება. | 7 | და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი. |
8 | და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი. | 8 | და აწ ვინმე არს თმენა ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს. |
9 | ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღავად. | 9 | ყოველთა უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსენ მე, საყუედრელად უგნურსა მიმეც მე. |
10 | დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად. | 10 | დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ. |
11 | ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ. | 11 | განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ჴელისა შენისათა მე მოვაკლდი. |
12 | თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა. | 12 | მხილებათა მიერ უსჯულოებისათჳს განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამავო არს ყოველი კაცი. |
13 | მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი. | 13 | შეისმინე ლოცვისა ჩემისა, უფალო, და ვედრებისა ჩემისა ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი. |
14 | განზე განმიდექ, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე. | 14 | მილხინე მე, რათა განვისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოვო. |