ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 57

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ, დავითის საგალობელი.

1

დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს

2 ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო? 2 ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყჳთ, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო;
3 არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე. 3 და რამეთუ გულსა შინა უსჯულოებასა იქმთ, ქუეყანასა ზედა სიცრუესა ჴელნი თქუენნი ნივთებენ.
4 გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი. 4 უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან, შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუესა.
5 მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს. 5 გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა და ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი,
6 რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა. 6 რომელმან არა ისმინა ჴმაჲ მსახრვალისა და წამლისა მწამლველისაგან ბრძნისა.
7 ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო! 7 ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქუნა უფალმან.
8 გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით. 8 შეურაცხ იქმნენ იგინი, ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუეს მშჳლდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ.
9 ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე. 9 ვითარცა ცჳლი რა დადნის, ეგრეთ მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე.
10 ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს. 10 ვიდრე არა თანა იყო ეკალთა თქუენთა ძეძჳ, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი.
11 გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში. 11 იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა.
12 და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას. 12 და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისა; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანას ზედა. დიდება