ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 67

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი.

1

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა

2 აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან. 2 აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.
3 როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან. 3 ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.
4 ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ. 4 და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსცხრებოდიან სიხარულითა.
5 აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე. 5 აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.
6 მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია, 6 შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა.
7 ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან. 7 ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა.
8 ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა, 8 ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ
9 დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა. 9 ქუეყანა შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინასა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა.
10 ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ. 10 წჳმაჲ ნებსით განუმზადო, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი.
11 შენი ხალხი დასახლდა იქ, შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო. 11 და ცხოველნიცა შენნი მკჳდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო.
12 უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა. 12 უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა.
13 ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს. 13 მეუფჱ ძალთა საყუარელისა; შუენიერებითა სახლისათა განყოფად ნატყუენავისა.
14

თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს.

14

უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლითა მოსილ, და ბეჭთსაშუალი მისი ფერითა ოქროსათა.

15 როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას. 15 რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს.
16 მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა. 16 მთაჲ ღმრთისაჲ, მთაჲ პოხილი, მთაჲ შეყოფილი და მთაჲ პოხილი.
17 რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ? 17 რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაჲ ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად.
18 ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში. 18 ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა.
19 შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა. 19 აღჰჴედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რათა ურჩნიცა სამკჳდრებელად იყვნენ.
20 კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველერი. სელა. 20 უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან;
21 ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები. 21 ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარ, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი.
22 მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს. 22 ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთა, თხემი თმითურთ, რომელნი ვლენან უსჯულოებითა მათითა.
23 თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან, 23 თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღჳსათა;
24 რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჰყოფდნენ შიგ თავიანთ ენას; 24 რათა შეიღებოს ფერჴი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი _ მტერთაგან მის მიერ.
25 ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა, 25 გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა.
26 წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი, 26 იმსთუეს მთავართა მახლობლად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა.
27

კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.

27

ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაჱლისათა.

28 იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა. 28 მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკჳრვებასა; მთავარნი იუდასნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი.
29 შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის. 29 ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის.
30 შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები. 30 ტაძრით შენით იერუსალჱმით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი.
31 შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით. 31 შეჰრისხენ შენ მჴეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთა დიაკეულთა შორის. ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა. განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლა.
32 მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს. 32 მოვიდენ მოციქულნი ეგჳპტით, ჰინდოეთმან უსწროს ჴელისა მიცემად ღმრთისა.
33 ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა 33 მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა.
34 ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას. 34 რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა, მოსცეს ჴმაჲ თჳსი, ჴმაჲ ძლიერებისა.
35 მიეცით სიძლიერე ღმერთს; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე - ღრუბლებში. 35 მიეცით დიდებაჲ ღმერთსა; ისრაჱლსა ზედა დიდ არს შუენიერებაჲ მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა.
36 საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი! 36 საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაჱლისა, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თჳსსა. კურთხეულ არს ღმერთი. დიდება