ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, ცვალებადთათჳს ფსალმუნი, დავითისი |
2 | მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი. | 2 | მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენა; |
3 | ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო. | 3 | მოვედ მე სიღრმესა ზღჳსასა და მოქცევამან დამნთქა მე. |
4 | მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში. | 4 | დავშუერი მე ღაღადებითა, და დამჴდა ჴმაჲ ჩემი; მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა. |
5 | ჩემი თავის ბალანზე მეტია ჩემი უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო. | 5 | განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუით და რაჲ-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ. |
6 | ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან. | 6 | ღმერთო, შენ უწყი უგნურებაჲ ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს. |
7 | ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა. | 7 | ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმინონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო; ნუცა კდემებინ ჩუენ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაჱლისაო. |
8 | რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე. | 8 | რამეთუ შენთჳს დავითმინე ყუედრებაჲ, და დაფარა სირცხჳლმან პირი ჩემი. |
9 | შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის. | 9 | უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ _ ძეთა დედისა ჩემისათა. |
10 | რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს. | 10 | რამეთუ შურმან ხალხისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. |
11 | და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი. | 11 | და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ. |
12 | და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის. | 12 | ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძა და ვექმენი მე მათ იგავ. |
13 | ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი. | 13 | ჩემთჳს ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა. |
14 |
და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით. |
14 |
ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა. |
15 | მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან. | 15 | მიჴსენ მე თიჴისაგან, რათა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთასა. |
16 | ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა. | 16 | ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთა, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფნ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა. |
17 | მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე. | 17 | ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა. |
18 | ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე. | 18 | ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი. |
19 | მოუახლოვდი ჩემს სულს, გადაარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით მიხსენი. | 19 | მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ მე. |
20 | შენ იცი ჩემი გალანძღვა, ჩემი გაწბილება და ჩემი შერცხვენა; შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები. | 20 | რამეთუ შენ უწყი ყუედრებაჲ ჩემი და სირცხჳლი ჩემი და კდემაჲ ჩემი; |
21 | დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე. | 21 | შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობა; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინისმცემელსა, და არა ვპოე. |
22 | და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი. | 22 | და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. |
23 | იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს - მახედ. | 23 | იქმენინ ტაბლა მათი მათ წინაშე საბრჴე და მისაგებელ და საცთურ. |
24 | დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე. | 24 | დაუბნელდენ თუალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე. |
25 | გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ. | 25 | მიჰფინე მათ ზედა რისხვა შენი, და გულისწყრომა რისხვისა შენისა ეწიენ მათ. |
26 | სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი. | 26 | იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი; |
27 |
ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენს გვემილთა სატკივარს ამრავლებენ. |
27 |
რამეთუ, რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს. |
28 | დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში. | 28 | შესძინე უსჯულოებაჲ უსჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა; |
29 | ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ ჩაიწერებიან. | 29 | აიჴოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთასა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ. |
30 | ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე. | 30 | გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაჲ შენი შემეწიენ მე. |
31 | ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით. | 31 | ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; |
32 | და უფრო მოეწონება ეს უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი. | 32 | და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი. |
33 | რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს. | 33 | იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი. |
34 | ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმერთისა. | 34 | რამეთუ ესმა დავრდომილთა უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა. |
35 | განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი, მათში მოძრავი. | 35 | აქებდით მას ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა. |
36 | რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ. | 36 | რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი, და აღეშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკჳდრონ იგი; |
37 | მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში. | 37 | და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკჳდრონ მას შინა. |