ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს. |
1 |
ეკრძალეთ ერი ჩემი შჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა. |
2 | იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა. | 2 | აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა. |
3 | რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს, | 3 | რაოდენი გუესმა და ვცანით იგი, და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ. |
4 | არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა. | 4 | არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკჳრველებასა მისსა, რომელ ქმნა. |
5 | დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის. | 5 | და აღდგა საწამებელად იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაჱლსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა, |
6 | რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს. | 6 | რათა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელ იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა; |
7 | და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი. | 7 | რათა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათა და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ. |
8 | და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული. | 8 | რათა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან, რომელმან არა წარიმართა გული თჳსი, არცა სარწმუნო-ყო ღმრთისა თანა სული თჳსი. |
9 | ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს. | 9 | ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშჳლდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა. |
10 | მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს. | 10 | არა იმარხეს მათ აღთქმა ღმრთისაჲ და შჯულსა მისსა არა ინებეს სლვაჲ. |
11 | გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა. | 11 | და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთა და საკჳრველებათა მისთა, რომელ უჩუენნა მათ |
12 | მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე. | 12 | წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნნა საკჳრველებანი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ველსა მას ტანეოსსა. |
13 | გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები. | 13 | განაღო ზღუაჲ და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი, ვითარცა თხიერთა. |
14 | და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით. | 14 | და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისათა. |
15 | გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან. | 15 | განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა. |
16 |
გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით. |
16 |
გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი. |
17 | ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში. | 17 | და შე-ღავე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა. |
18 | ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის. | 18 | და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს. |
19 | და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას? | 19 | და იდრტჳნეს ღმრთისაჲ და თქუეს: ნუ უძლოსმეა ღმერთმან განმზადებად ტაბლა უდაბნოსა შინა? |
20 | ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს? | 20 | ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განმზადებად ტაბლა ერსა თჳსსა? |
21 | ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა. | 21 | ამისთჳს ესმა უფალსა და განრისხნა, და ცეცხლი აღტყდა იაკობსა შორის, და რისხვა აღჴდა ისრაჱლსა ზედა; |
22 | რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი. | 22 | რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაჲ, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა. |
23 | და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები. | 23 | და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდამო და ბჭენი ცათანი განახუნა. |
24 | და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ. | 24 | და უწჳმა მათ მანანა საჭმლად და პური ცათა მოსცა მათ; |
25 | ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად. | 25 | და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად. |
26 | აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი. | 26 | აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თჳსითა ჩრდილო. |
27 | და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი. | 27 | და აწჳმა მათ ზედა, ვითარცა მიწა, ჴორცი და, ვითარცა ქჳშა ზღუათა - ფრინველნი ფრთოვანნი. |
28 | და ჩამოჰყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, გარშემო მათი საცხოვრისებისა. | 28 | და დაცჳოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოს კარვებსა მათსა. |
29 | ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი. | 29 | და ჭამეს და განძღეს ფრიად, და გულისთქმა მათი მოსცა მათ; |
30 | ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ; | 30 | და არა ჴუებულ იქმნნეს იგინი გულისთქმისა მათისაგან: იყოღა საჭმელი პირსა მათსა, |
31 |
რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა. |
31 |
და რისხვა ღმრთისაჲ აღჴდა მათ ზედა, მოსწყჳდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაჱლისანი დაამჴუნა. |
32 | მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები. | 32 | ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა ღა არა ჰრწმენა საკჳრველებათა მისთა. |
33 | და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით. | 33 | და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით. |
34 | როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს. | 34 | რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ. |
35 | და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია. | 35 | და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს. |
36 | და ელაქუცებოდნენ მას პირით და ენით ეცრუებოდნენ მას. | 36 | და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას. |
37 | ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ. | 37 | ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქმასა მისსა. |
38 | და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას. | 38 | არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნეს და განამრავლა გარემიქცევად გულისწყრომა მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა. |
39 | გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება. | 39 | და მოიჴსენა, რამეთუ ჴორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ. |
40 | რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას. | 40 | რაოდენგზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა, განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა! |
41 | ბრუნდებოდნენ და სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ სიწმიდეს ისრაელისას. | 41 | და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაჲ იგი ისრაჱლისა განამწარეს. |
42 | არ გაიხსენეს ხელი მისი, დღე, როცა დაიხსნა ისინი გასაჭირიდან. | 42 | არა მოიჴსენნეს ჴელისა მისისა დღესა მას, რომელსაცა იჴსნნა იგინი ჴელისაგან მაჭირვებელთა მათთასა; |
43 | როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები თავისი და საოცრებანი ცოყანის ველზე. | 43 | ვითარ-იგი დასხნა ეგჳპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნაშნი მისნი ველსა მას ტანეოსსა; |
44 | და გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ. | 44 | და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წჳმანი მათნი, რაჲთა არა სუან; |
45 | მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი. | 45 | მიავლინა მათდა ძაღლისმწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი. |
46 |
და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას. |
46 |
და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა; |
47 | სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით. | 47 | მოსრა სეტყჳთა ვენაჴები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთჳლითა; |
48 | და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს - ჯოგები მათი. | 48 | მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა; |
49 | მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები. | 49 | მიავლინა მათდა რისხვა გულისწყრომისა მისისა, გულისწყრომა და რისხვაჲ და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა. |
50 | გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა. | 50 | გზა-უყო ალაგთა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთასა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა. |
51 | განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში. | 51 | და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა ეგჳპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა; |
52 | წაიყვანა ცხვარივით ხალხი თავისი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა. | 52 | და წარმოუმართა, ვითარცა ცხოვარსა, ერსა თჳსსა და აღიყვანა იგი, ვითარცა სამწყსო, უდაბნოდ. |
53 | უძღოდა მათ იმედიანად და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა. | 53 | და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან. |
54 | მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ. | 54 | და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან; |
55 | განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა. | 55 | და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკჳდრებისათა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაჱლისა. |
56 | კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი მცნებანი არ დაიცვეს. | 56 | და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს; |
57 | იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით. | 57 | და მიაქციეს და შეურაცხ-ყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშჳლდად ელმად; |
58 | განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური. | 58 | განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურვებდეს მას. |
59 | მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი. | 59 | ესმა ღმერთსა და უგულებელს-ყო და შეურაცხ-ყო ფრიად ისრაჱლი. |
60 | მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებულ | 60 | და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკჳდრებულ იყო შორის კაცთა. |
61 |
და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ. |
61 |
და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ჴელთა მტერისათა; |
62 | და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა. | 62 | და შეაყენა მახჳლსა ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი უგულებელს-ყო; |
63 | მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ. | 63 | ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს. |
64 | მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ. | 64 | მღდელნი მათნი მახჳლითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს. |
65 | და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა. | 65 | და განიღჳძა, ვითარცა მძინარემან, უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღჳნოსა. |
66 | და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ. | 66 | და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი. |
67 | დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია. | 67 | განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან; |
68 | ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა. | 68 | არამედ გამოირჩია მან თესლი იუდასი და მთა სიონი, რომელ შეიყუარა. |
69 | მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა. | 69 | და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე. |
70 | ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის ფარებიდან. | 70 | და გამოირჩია მან დავით, მონა თჳსი, და შეიწყნარა იგი სამწყსოსაგან ცხოვართასა; და ცხოვართა მუცელქმულთაგან გამოიყვანა იგი |
71 | მეწველი ჯოგიდან მოიყვანა იგი იაკობის - თავისი ხალხის და ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად. | 71 | მწყსად იაკობ მონისა თჳსისა და ისრაჱლ სამკჳდრებელისა თჳსისა. |
72 | და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ. | 72 | და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისათა და გონიერებითა ჴელითა მისთათა უძღოდა მათ. დიდება. |