1 |
ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ხალხები მოვიდნენ შენს
სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.
|
1 |
ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკჳდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაჲ შენი;
დადვეს იერუსალჱმი, ვითარცა ხილისსაცავი;
|
2 |
მისცეს შენს მორჩილთა მძორი საჭმელად ცის ფრინველებს,
შენთა წმიდათა სხეულები - მიწის ნადირებს. |
2 |
დაასხეს მძორები მონათა შენთა საჭმლად მფრინველთა ცისათა და ჴორცნი წმიდათა შენთანი
- მჴეცთა ქუეყანისათა. |
3 |
დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და
დამმარხავი არავინაა. |
3 |
დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალჱმსა,
და არა ვინ იყო მფარველ მათდა. |
4 |
სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად
ასაგდები და დასაცინი - ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის. |
4 |
ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და
საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა. |
5 |
როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და
იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი? |
5 |
ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს,
ვითარცა ცეცხლი, შური შენი? |
6 |
გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ,
და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ. |
6 |
მიჰფინე რისხვა შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან
შენ, და მეფეთა ზედა, რომელთა სახლსა შენსა არა ხადეს; |
7 |
რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს. |
7 |
რამეთუ შეჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოჴრეს. |
8 |
ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ
შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით. |
8 |
ნუ მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად
მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად. |
9 |
დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის
ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის
გულისათვის. |
9 |
შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳს
სახელისა შენისა; უფალო, მიჴსენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან
სახელისა შენისათჳს. |
10 |
რატომ უნდა თქვან ხალხებმა: სად არის მათი ღმერთი?
ცნობილი გახდეს წარმართთა შორის ჩვენს თვალწინ. შურისძიება შენს მორჩილთა
დაღვრილი სისხლისა. |
10 |
ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და
განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაჲ
სისხლისა მის მონათა შენთასა, რომელ დაითხია. |
11 |
მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის
სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს. |
11 |
შევედინ შენ წინაშე სულთქმაჲ დაბორკილებულთა, სიმდიდრითა
მკლავისა შენისათა შეეწიე შვილთა მოკლულთასა. |
12 |
დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის
დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო. |
12 |
მიაგე გარემოსთა ჩუენთა შჳდ წილად წიაღთა მათთა ყუედრებაჲ
მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო. |
13 |
ხოლო ჩვენ - შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი გაქებთ
შენ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას. |
13 |
ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოსა
შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე
მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა. |