ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 88

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოძღვრება ეთან ეზრახელისა.

1

გულისჴმის-ყოფისათჳს ეთამ ეზრაიტელისა, ფსალმუნი დავითისი

2 უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით. 2 წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლამღე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.
3 რადგანაც ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცათა შიგან განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი. 3 რამეთუ სთქუ: უკუნისამდე წყალობაჲ აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაჲ შენი.
4 დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს: 4 ვყავ აღთქმა რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა;
5 უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს. სელა. 5 უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლამდე საყდარი შენი.
6 განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში. 6 აღიარებდენ ცანი საკჳრველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.
7 რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში? 7 რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა?
8 ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ. 8 ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა.
9 უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი, უფალო? და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა. 9 უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ? ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაჲ შენი გარემო არს შენსა.
10 შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ. 10 შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშჳდებ.
11 შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები. 11 შენ დაამდაბლე, ვითარცა წყლული, ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისათა განაბნიენ მტერნი შენნი.
12 შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე. 12 შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანა, სოფელი და სავსებაჲ მისი შენ დააფუძნე.
13 ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ. 13 ჩრდილო და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.
14 შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი. 14 შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ჴელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი.
15

სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.

15

სიმართლე და განკითხვა არს განმზადებაჲ საყდრისა შენისა, წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა.

16 ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო; 16 ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ შენი; უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდიან,
17 შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან. 17 და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ.
18 რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი. 18 რამეთუ სიქადული ძალისა მათისა შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაჲ ჩუენი.
19 რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი. 19 რამეთუ უფლისაჲ არს შეწევნა და წმიდისა, ისრაჱლ, მეუფისა ჩუენისა.
20 მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდანებს და ეთხარი: ვუბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეული ხალხისაგან. 20 მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავსდევ შეწევნა ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა.
21 ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას. 21 ვპოე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას.
22 რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი და ჩემმა მკლავმა გაამაგროს. 22 რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი.
23 ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას. 23 არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უსჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა.
24 მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ. 24 და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე.
25 ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი. 25 წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი;
26 ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას. 26 და დავდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა _ მარჯუენე მისი.
27 ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა; 27 მან მხადოს მე: მამა ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისა.
28 მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას, 28 და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროს მეფეთა ქუეყანისათა.
29 უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის. 29 უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი, და აღთქმა ჩემი ერწმუნოს მას.
30 და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი - ვითარცა დღენი ცისანი. 30

და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი.

31

თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,

31 და-თუ-უტეონ შვილთა მათთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან,
32 თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ, 32 სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ,
33 კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას. 33 განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლობანი მათნი;
34 მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას. 34 ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვვცრუვო ჭეშმარიტებასა ჩემსა,
35 არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს. 35 არცა შევაგინო აღთქმა ჩემი და, რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო.
36 ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით, განა ვეცრუები დავითს? 36 ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუვო მას.
37 მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ. 37 ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი, ვითარცა მზე, წინაშე ჩემსა,
38 მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში. სელა. 38 და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნო ცათა შინა.
39 მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე. 39 ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი;
40 უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი. 40 და აქციე აღთქმა მონისა შენისა, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი.
41 მოშალე ყველა ზღუდენი მისნი, ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი. 41 დაარღჳენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ;
42

გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლების დასაცინი გახდა.

42 და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოსთა მისთა.
43 მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი. 43

აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთა და ახარე ყოველთა მტერთა მისთა;

44 თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში. 44 გარემიაქციე შეწევნა მახჳლისა მისისა და არა შეეწიე ბრძოლასა შინა.
45 გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე. 45 დაჰჴსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამჴუ;
46 შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. სელა. 46 შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხჳლი.
47 როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას? 47 ვიდრემდის, უფალო, გარემიიქცევი სრულიად, და აღატყდების, ვითარცა ცეცხლი, რისხვა შენი?
48 გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა? 48 მოიჴსენე შენ, რა არს არსებაჲ ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი?
49 ვის არის ვაჟკაცი - იცოცხლოს და არ იხილოს სიკვდილი, გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან? სელა. 49 ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი და იჴსნეს სული თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა?
50 სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით? 50 სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა?
51 გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან. 51 მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთა, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთა;
52 როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს. 52 რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა.
53 კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. ამინ, ამინ! 53 კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. იყავნ, იყავნ. დიდება