ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 91

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის.

1

ფსალმუნი, გალობაჲ დავითისი, დღისა შაბათისა

2 კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო! 2 კეთილ არს აღსაარებაჲ ღმრთისაჲ და გალობად სახელსა შენსა, მაღალო;
3 გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით. 3 მითხრობად ცისკარს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღამედღამედ,
4 ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე. 4 ათძალითა საფსალმუნისათა და ჴმითა ებნისათა;
5 რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ. 5 რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ჴელთა შენთათა ვიხარებდე.
6 რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები. 6 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი.
7 უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას, 7 კაცმან სულელმან არა ცნას, და უგნურმან არა გულისჴმა-ყოს ესე.
8 როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ. 8 აღმოცენებასა ცოდვილთასა, ვითარცა თივა, და გამოჩნდეს ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა, რაჲთამცა მოისრნეს უკუნითი უკუნისამდე.
9 ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო! 9 ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო, რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი, უფალო,
10 რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი. 10 რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა.
11 მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით. 11 და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაჲ ჩემი, და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა;
12 უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები. 12 და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთა და მათთჳს, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა.
13 წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება. 13 მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და, ვითარცა ნაძჳ ლიბანისა განმრავლდეს.
14 უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან; 14 დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან.
15 სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას. 15 უფროჲსად განმრავლდენ სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა.
16 რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა. 16 რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუე მის თანა.