ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: 1 სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და აჰრონისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ჰრქუა:
2 თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. 2 თთუე ესე იყავნ თქუენდა თავად თთუეთა, თთუე პირველი - თთუეთა მათ შინა წელიწადისათა. აწ მივედ შენ
3 ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე. 3 და ეტყოდე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლთასა: ათსა მის თთჳსასა მოიღედ თჳთეულად კრავი ერთი თესლად-თესლად და ტომად-ტომად, განიყონ კრავი, სახიდ გამოიღონ.
4 თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია. 4 უკუეთუ უმცირეს იყვნენ სახლსა მის და ვერ შემძლებელ იყუნენ კრავისა მის, შეიყონ მეზობელი და მოყუასი სახლად მსგავსად რიცხჳსა მის კაცთასა, მიიღედ თითოეულად, ვითარ ეყოფოდის კრავი იგი, განითუალონ კრავი.
5 საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი. 5 ვერძი მოზუერი იყავნ სრულად თქუენდა, საცხოვარისა მისგან ცხოვართასა და თხათასა მოიღოთ.
6 ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს. 6 და იყოს იგი თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე მეათოთხმეტედმდე თთჳსა მის, და დაკლას იგი ყოველმან ერმან, კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.
7 აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებიან ჭამას. 7 და მოიღონ სისხლისა მისგან და გამონიშნონ ორთავე მათგან წყირთლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა, რომელთა შინა შეჭამონ იგი მათ.
8 იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ. 8 და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამესა მწუარი ცეცხლითა, და უფუველი პური და ველისყრდელი ჭამონ, ხოლო შეჭამონ კრავი იგი ესრე სახედ.
9 ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად. 9 ნუ უმწუარი ჭამონ, ნუცა წყლითა მგბარი ჭამონ, არამედ მწუარი ცეცხლითა ტფილად ჭამონ, და ადრე შეჭამონ თავფერჴი იგი, ნაწლევითურთ შეჭამონ.
10 დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით. 10 ნეშტსა ნუ სადა უტევებედ განთიად, ნუ განაწევებდ, ძუალსა ნუ განსტეხედ, რომელი ნეშტად დაშთეს განთიადმდე, მისგანი იგი ცეცხლითა შეწუედ.
11 ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს. 11 და ჭამდენ ესრე სახედ: კუერთხები ჴელთა, სარტყელი - წელთა, ჴამლი - ფერჴთა, მალიად-მალიად მსწრაფლ შეჭამონ, რამეთუ ზატიკი არს უფლისა.
12 მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი. 12 და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მას ღამესა და ვგუემო ყოველი პირმშოჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე და ზედა ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტელთასა აღვადგინო შური შურისძიებათა, რამეთუ მე ვარ უფალი.
13 სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ. 13 და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშნველად ზედა სახლებსა მას, რომელსა შინა იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა შინა დაშენებულ იყვნეთ, მუნ ვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზეღა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოსა მას ეგჳპტისასა.
14 სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული. 14 და იყოს სისხლი იგი თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკობისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწდეულთა.
15 შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან. 15 შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ.
16 პირველ დღეს წმიდა წვეულება გქონდეთ, მეშვიდე დღესაც წმიდა წვეულება გქონდეთ; ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს. 16 რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა. და დღე იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდა უფლისა, ყოველივე საქმე ხარკით მსახურებისა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არა რაჲ განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.
17 დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად. 17 ეკრძალენით მცნებასა ამას, რამეთუ დღესა ამას გამოგიყუანებ თქუენ ქუეყანისა ამისგან ეგჳპტელთასა, და გეპყრან თქუენ დღე იგი თესლითი თესლადმდე თქუენდა შჯულად საუკუნოდ.
18 ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ. 18 იწყეთ თქუენ ათოთხმეტითგან დღით მის თთჳსა პირველსათ, ჭამად უფუველისა მწუხირითგან ვიდრე დღედმდე მეოცედ მძღუარად თთჳსა მის მიმწუხრადმდე
19 შვიდ დღეს არ უნდა იპოვებოდეს თქვენს სახლებში საფუარი, რადგან ვინც კი საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის საზოგადოებიდან, როგორც მდგმური, ისე ქვეყნის მკვიდრი. 19 შჳდ დღე ნუ იპოებინ ცომი სახლებსა თქუენსა, ყოველმან, რომელმან ჭამოს ცომოვანი, მოისპოს იგი კაცი ერისა მისგან ძეთა ისრაჱლისათა გარეშე მოსრულთა მათ მწირთა და შიშუელთა ბუნაკთა მათ მონათაგან სოფლისა მის თქუენისათა რაჲთურთით.
20 საფუარიანი არაფერი ჭამოთ; ყველგან, სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ. 20 მფუვესა ნუ ვინ ჭამნ ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა, არამედ უფუველი ჭამეთ!
21 უხმო მოსემ მთელი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: წამოასხით ცხვარი თქვენ-თქვენი საგვარეულოსთვის და დაკალით პასექი. 21 მოუწოდა მოსე მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: გუალეთ, მოიღეთ თქუენდა თჳთო კრავი ტომად-ტომადმან თქუენმან და დაკალთ იგი ზატიკად უფლისა!
22 აიღეთ უსუპის კონა, ამოავლეთ სისხლიან თასში და სცხეთ სისხლი კარისთავსა და ორთავე წირთხლს სისხლიანი თასიდან. დილამდე არავინ გახვიდეთ კარში. 22 და მოიღეთ თქუენ უსუპი კონაჲ ერთი საპკურებელი და დააწეთ სისხლსა მას კრავისასა და აღნიშნეთ თქუენ ზედა წყირთლთა მათ ბჭეთასა და ზღურბლსა მას, ხოლო თქუენ ნუ გამოხუალთ კართა მათ სახლისა თქუენისათა მიგანთიადმდე რომელსა ჟამსა
23 ჩამოივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრავად, დაინახავს სისხლს კარისთავზე და ორთავე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს, არ შეუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში თქვენს შესამუსრავად. 23 გარდამოვიდეს უფალი მოსპოლვად ეგჳპტელთა მათ, იხილოს სისხლი იგი სამსავე მას კერძოსა ბჭეთასა და თანა-წარჴდეს ბჭეთა მათ თქუენთა და არა აუფლოს მომსრველსა სიკუდილისა მტარვალსა შესლვად სახლებსა მას თქუენსა და მოსრვად პირმშოჲსა მის თქუენისა.
24 წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, სამარადისოდ. 24 ეკრძალენით და დაიცევით სიტყუაჲ ესე წესად შჯულიერად თქუენდა და ნაშობთა თქუენთა მიუკუნისამდე!
25 როდესაც მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი მოგცემთ თავისი სიტყვისამებრ, იქაც დაიცავით ეს მსახურება. 25 უკუეთუ შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მოგცემს თქუენ უფალი, ვითარცა გიბრძანა, დაიმარხეთ სიტყუაჲ ესე.
26 თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო, 26 და იყოს, გკითხვიდენ თუ ძენი იგი თქუენნი: რაჲ არს მსახურებაჲ ესე?
27 ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს, და იხსნა-თქო ჩვენი სახლები. მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა. 27 ჰრქუათ თქუენ: ესე მსხუერპლი შეწირვისა ზატიკისა უფლისა, რამეთუ დაიცვა სახლები ძეთა მათ ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაჟამს-იგი ჰგუემდა ეგჳპტელთა მათ გუემითა მით განუგებელითა და სახლები იგი ჩუენი განარინა. დადრკა ყოველი იგი ერი ძეთა ისრაჱლისათა პირსა ზედა თჳსსა და დამხედ თაყუანის სცეს.
28 წავიდნენ ისრაელიანები და აღასრულეს; როგორც უბრძანა უფალმა - მოსეს და აარონს, ისე აღასრულეს. 28 და სწრაფით წარვიდოდეს აღსრულებად ქუეყანისა მის ბრძანებულისა, რომელ-იგი ამცნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა.
29 შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული. 29 და იყო განზოგებასა ოდენ ღამისასა, გარდამოჴდა უფალი ქუეყანასა მას, ეგჳპტელთასა მოსპოლვად ყოვლისა მის პირმშოებისა ეგჳპტისა კაცითგან მიპირუტყუამდე პირმშოჲთგან ფარაოსით, რომელ-იგი ჯდა სასთულთა მათ საერკულოთა, მიპირმშოდმდე ტყჳსა მის, რომელი გამოეკრა ფქჳლთა მათ.
30 ფეხზე დადგნენ იმ ღამით ფარაონი, მისი მორჩილები და მთელი ეგვიპტე; შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ. 30 აღდგა სწრაფით ფარაო ღამე და ყოველნივე იგი მთავარნი მისნი და ყოველი ერი ქუეყანისა მის ეგჳპტისაჲ. და იყო გოდებაჲ და ღაღადება დიდ ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა. რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა შინა არა იდვა მკუდარი.
31 იხმო ფარაონმა მოსე და აარონი ღამითვე და უთხრა: ადექით და გაეცალეთ ჩემს ხალხს შენც და ისრაელიანებიც. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით. 31 უწოდა მუნთქუესვე ფარაო მოსეს და აჰრონს ღამე და ჰრქუა: აღდგით და წარვედით აწვე ერისაგან ჩემისა თქუენ და ძენი იგი ისრაჱლისანი, გუალეთ და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა,
32 თქვენი ცხვარ-ძროხაც წაიყვანეთ, როგორც ამბობდით, წადით და მეც დამლოცეთ. 32 ვითარცა-იგი სთქუთ, კაცით, საცხოვარით და ყოვლით აგებულებითურთ თქუენით, გარნა მე ხოლო მაკურთხევდით.
33 აიძულეს ეგვიპტელებმა ხალხი, სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ფიქრობდნენ, ამოვწყდებითო ყველანი. 33 მაშინ იწყეს წუევად და იძულებად ეგჳპტელთა მათ, ერისა მის ისრაელისა ურვით, წყევით განსლვად ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა, რამეთუ ესრეთ გულსა დაიდვეს, ვითარმედ წუთღა თუ დაიგჳანონ, ერთბამად მოისპოს, ყოველივე იგი ერი ეგჳპტისაჲ.
34 წაიღო ხალხმა ჯერ კიდევ უფუარი ცომი; ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს. 34 და აღიღო ერმან მან თბე იგი აღსუარული მჩურითა განუყოფელი და გარდაიკიდეს მჴართა მათთა და განვიდეს.
35 მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელიანები: ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი. 35 და ყვეს ეგრე ძეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე და მოითხოვეს სამოსელი იგი შესხმად მამაკაცმან მოყუსისაგან თჳსისა და დედაკაცმან მეზობლისაგან თჳსისა, ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისაჲ და სამოსელი პატიოსანი.
36 მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. ასე გაძარცვეს მთელი ეგვიპტე. 36 და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა მათ, რამეთუ განუჴსნნა გულნი მათნი და მისცეს, ვითარცა იგინი სთხოვდეს, და მოიღეს და შეუკრიბეს ყოველივე ძეთა მათ ისრაჱლისათა. და ესრეთ განძარცული და განშიშულებული დაუტევეს ქუეყანა იგი ეგჳპტელთა მათ.
37 დაიძრნენ ისრაელიანები რამსესიდან სუქოთისკენ - ბავშვებს გარდა ექვსასი ათასამდე ქვეითი კაცი. 37 ხოლო აღიტრნეს ძენი ისრაჱლისანი რამესით სოქოთდ ექუსასი ათასი მკჳრცხლი მამაკაცი, თჳნიერ ყრმა - დედებისა და ნართაული მრავალი თანააღვიდა მათ თანა და ცხოვარი და ზროხაჲ და პირუტყჳ მრავალი ფრიად.
38 თან გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი, ცხვარ-ძროხა, ურიცხვი საქონელი. 38  
39 დააცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისაგან ხმიადის კოკრები; ვერ მოასწრო ცომმა აფუება, რადგან არ დააყენეს ისინი და გამოყარეს ეგვიპტიდან, ისე რომ საგზალიც არ გაუმზადებიათ. 39 და შექმნეს იფქლი იგი, რომელი გამოიტანეს ეგჳპტით ყუერბეულებად უცომოდ, რამეთუ არა შეზელილ იყო. და გამოჴადნეს იგინი მეგჳპტელთა და ვერ შემძლებელ იქმნნეს დათმენად, არცა საგზაული უქნეს, თავთა თჳსთა გზისათჳს.
40 ოთხას ოცდაათი წელი ცხოვრობდნენ ისრაელიანები ეგვიპტეში. 40 ხოლო მსხემობაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რაოდენი იმსხემეს ქუეყანასა ეგჳპტისასა და ქუეყანასა ქანანისასა, მათ და მამათა მათთა წელნი - ოთხას ოცდაათ. და იყო შემდგომად ოთხასოცდაათისა წლისა,
41 გასრულდა ოთხას ოცდაათი წელი და სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი მხედრობა ეგვიპტიდან. 41 გამოვიდა ყოველი ძალი უფლისაჲ ქუეყანით ეგჳპტით.
42 საუფლო დღესასწაულის არის ეს ღამე, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან; უნდა იდღესასწდლონ ეს ღამე ისრაელიანებმა თაობიდან თაობაში. 42 ღამე წინა საჴუმილავი არს უფლისაჲ გამოყვანებისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით. ღამე იგი ესე წინა საჴუმილავი არს უფლისა, ვინაცა ყოველთა ძეთა ისრაჱლისათად იყოს ესე ნათესავსა შინა მათსა.
43 უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: ასეთია პასექის წესი: უცხოთესლმა არ უნდა ჭამოს იგი. 43 და თქუა უფალმან მოსეს და აჰრონის მიმართ: ესე შჯული არს პასექისაჲ, ყოველმან უცხონათესავმან არა ჭამოს მისგანი. და ყოველსა მონასა ვისსამე და ვეცხლით ფრდილსა წინა-დასცჳთო მას, და მაშინ ჭამოს მისგან.
44 ვერცხლით ნაყიდმა ყოველმა ყმამ, თუ წინდაცვეთილია, ჭამოს. 44 მსხემმან და მოსასყიდელმან არა ჭამოს მისგანი.
45 ხიზანმა და ქირისკაცმა არ უნდა ჭამოს. 45  
46 ერთ ჭერქვეშ უნდა შეიჭამოს; ხორცი სახლიდან გარეთ არ უნდა გაიტანოთ, არც ძვლები არ უნდა დაამტვრიოთ. 46 სახლსა შინა ერთსა იჭამოს, და არა დაუტეოთ ჴორცთაგანი განთიადმდე, და აჰა განიღოთ ჴორცთაგანი გარე, და ძუალი არა შეჰმუსროთ მისი.
47 ისრაელის მთელმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს ეს. 47 ყოველმან შესაკრებელმან ძეთა ისრაჱლისათამან ყოს იგი.
48 თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და დააპირა საუფლო პასექის გამზადება, წინდააცვეთინე მის ყოველ მამაკაცს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულოს წესი და ქვეყნის მკვიდრად შეირაცხება იგი. წინადაუცვეთელმა არ უნდა ჭამოს. 48 ხოლო უკუეთუ ვინმე მოვიდეს თქუენდა მწირი და იქმოდის პასექსა უფლისასა, წინა-დასცჳთო მას, ყოველსა წულსა. და მაშინ მოვიდეს ქმნად მისსა და იყოს ვითარცა მკჳდრი ქუეყანისაჲ. ყოველმან წინა-დაუცვეთელმან არა ჭამოს მისგან.
49 ერთი რჯული ექნეს მკვიდრსა და მდგმურს, თქვენ შორის რომ დგას. 49 შჯული ერთი იყოს მსოფლელისაჲ და მწირისაჲ, მოსრულისა თქუენ თანა.
50 აღასრულეს ისრაელიანებმა; როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს, ისე აღასრულეს. 50 და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და აჰრონს მათდა მიმართ, ეგრეთ ყვეს.
51 სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად ისრაელიანები. 51 და იყო, მას დღესა შინა განიყვანნა უფალმან ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ძალისა თანა მათისა.