ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ასე უთხრა უფალმა მოსეს: 1 ხოლო ჰრქუა უფალმან მოსეს მეტყუელმან:
2 წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი. 2 წმიდა-მიყავ მე ყოველი პირმშოჲ პირველშობილი განმღებელი ყოვლისა საშოჲსა ძეთა შორის ისრაჱლისათა, კაცითგან მიპირუტყუამდე: ჩემი არს.
3 უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ. 3 და თქუა მოსე ერისა მიმართ: იჴსენებდით დღესა ამას, რომელსა შინა გამოხუედით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა განგიყუანა თქუენ უფალმან ამიერ და არა შჭამოთ ცომი.
4 დღეს გამოდიხართ - გაზაფხულის თვეში. 4 რამეთუ ამას დღესა შინა განხჳდეთ თქუენ თთუესა შინა ახალთასა.
5 როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება. 5 და იყოს, ოდესცა შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა ქანანელთასა, და ქეტელთასა, და აღმორეველთასა, და ეველთასა, და იებოსელთასა, და გერგესეველთასა, და ფერეზელთასა, რომლისათჳს ვეფუცე მამათა შენთა მიცემად თქუენდა ქუეყანა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, და ჰყოთ მსახურებაჲ თთუესა ამას.
6 შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს საუფლო დღესასწაული გქონდეს. 6 და შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა, ხოლო მეშჳდესა დღესა დღესასწაული არს უფლისაჲ.
7 ხმიადი შვიდ დღეს უნდა იჭამოს; არ გაიჩერო საფუარი შენს საზღვრებში. 7 უცომოსა შჭამდეთ შჳდთა დღეთა, არა იხილვოს შენდა ცომოანი, არცა იყოს ცომი შენდა ყოველთა შინა საზღვართა შენთა შჳდ დღე.
8 ასე გამოუცხადე ამ დღეს შენს შვილს: ეს იმის გამოა, რაც გამიკეთა უფალმა, როცა ეგვიპტიდან გამოვდიოდი-თქო. 8 და უთხრობდე ძესა შენსა მას დღესა შინა მეტყუელი; ამის მიერ, ქმნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ვითარცა-იგი მოვიდოდე ეგჳპტით.
9 გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეებში, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან. 9 და იყოს შენდა სასწაულად ჴელსა ზედა შენსა და მოსაჴსენებლად წინაშე. თუალთა შენთა, რათა იყოს შჯული უფლისაჲ პირსა შინა შენსა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყუანა შენ უფალმან ეგჳპტით.
10 იცავდე ამ წესს მისთვის განკუთვნილ დროს, წლიდან წლამდე. 10 და დაიცევით შჯული ესე ჟამითი ჟამადთა შინა ჟამთასა დღითი დღეთაგან დღეთა მიმართ.
11 როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა ქვეყანაში, მოგცემს ამ ქვეყანას, როგორც აღგითქვათ უფალმა შენ და შენს მამა-პაპას, 11 და იყოს, ვითარცა შეგიყვანოს შენ უფალმან ქუეყანასა ქანანელთასა, ვითარ სახედ ეფუცა მამათა შენთა, და მიგცეს იგი შენ.
12 განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე. 12 და განუჩინო ყოველი განმღებელი საშოჲსა წული უფალსა და ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ სამროწლეთაგან შენთა ანუ საცხთვართა შორის შენთა. წმიდა-ჰყო უფლისად, რაოდენი-რაჲ იყოს შენდა წული.
13 ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, კისერი გადაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილთა შორის გამოისყიდე. 13 ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ კარაული განსცვალო ცხოვრად, ხოლო უკუეთჱ არა განსცვალო, იჴსნა იგი. ყოველი პირმშოჲ კაცისაჲ ძეთა შენთასა იჴსნა.
14 როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. 14 ხოლო უკუეთუ გკითხოს შენ ამისსა შემდგომად ძემან შენმან მეტყუელმან: რაჲ არს ესე? და ჰრქუა მას, ვითარმედ: ჴელითა მტკიცითა გამომიყუანნა ჩუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა.
15 როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი. 15 ხოლო რაჟამს განფიცხნა ფარაო გამოვლინებად ჩუენდა, მოკლა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან კაცისათ ვიდრე პირმშოდმდე საცხოვართა. ამისთჳს შევსწირავ მეცა უფლისა ყოველსა განმღებელსა საშოჲსასა წულსა, და ყოველსა პირმშოსა ძეთა ჩემთასა ვიჴსნი.
16 გქონდეს ხელზე ნიშნად და თვალებს შორის ბეჭდად, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან. 16 და იყოს სასწაულად ჴელსა ზედა შენსა და შეურყეველ წინაშე თუალთა შენთა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყვანა შენ უფალმან ეგჳპტით.
17 როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია იგი უფალს ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ეს გზა. რადგან იფიქრა ღმერთმა, სინანულს არ შეეპყრო ხალხი ომის დანახვისას და ეგვიპტეში არ დაბრუნებულიყო. 17 ხოლო ვითარცა განავლინა ფარაო ერი იგი, არა გზა-უყო მათ ღმერთმან გზაჲ ქუეყანისა ფილისტიმისაჲ, რამეთუ ახლო იყო. რამეთუ თქუა უფალმან: ნუსადა შეინანოს ერმან, იხილოს რაჲ ბრძოლაჲ, და მიაქციოს ეგჳპტედ.
18 შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გავლით მეწამული ზღვისკენ; დარაზმულნი ამოვიდნენ ისრაელიანები ეგვიპტიდან. 18 და მოაქცია უფალმან ერი უდაბნოდ მიმართ ზღუად მიმართ მეწამულად, ხოლო მეხუთე ნათესავი აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.
19 თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან ფიცით ჰყავდა დაფიცებული იოსებს ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიყოლეთო აქედან ჩემი ძვლები. 19 და მიიხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა, მეტყუელმან: მოხილვასა მას, რომლითა მოგხედოს თქუენ უფალმან, თანა-აღიხუენით ძალნიცა ჩემნი ამიერ თქუენ თანა
20 დაიძრნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს ბოლოს. 20 ხოლო იტრნეს რაჲ ძენი ისრაჱლისანი სოქოთით, წყობა-ყვეს ანათომს შინა უდაბნოდ მიმართ.
21 წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. 21 ხოლო ღმერთი უძღოდა მათ დღისი უკუე სუეტითა ღრუბლისათა ჩუენებად მათდა გზასა, ხოლო ღამე - სუეტითა ცეცხლისათა.
22 არ მიჰფარებია ხალხის თვალს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი. 22 და არა მოაკლდა სუეტი იგი ღრუბლისა დღისი და სუეტი ცეცხლისა ღამე წინაშე ყოვლისა ერისა.