ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი. 1 უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა.
2 ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ. 2 შემწე და მფარველ მექმნა მე მაცხოვარებად ესე ღმერთი ჩემი, ვადიდო ესე ღმერთი მამისა ჩემისა და აღვამაღლო ესე.
3 მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი. 3 უფალი შემმუსრველ ბრძოლათა, უფალ-სახელი მისი.
4 ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში. 4 ეტლები ფარაოჲსი და ძალი მისი შთასთხია ზღუასა, რჩეული მჴედრები სამმდგომნი დაანთქნა ზღუასა მეწამულსა.
5 მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში. 5 ღრმამან დაფარნა იგინი, შთაჴდეს სიღრმედ ვითარცა ლოდი.
6 შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს. 6 მარჯუენე შენი, უფალო, დიდებულ არს, ძალითა შენითა მარჯუენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი.
7 შენი უსაზომო დიდებით ამხობ შენს წინააღმდგომთ, გზავნი შენს რისხვას და ჩალასავით გადაბუგავ მათ. 7 და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შეჰმუსრენ წინააღმდგომნი, მიავლინე რისხვაჲ შენი და შეჭამნა იგინი, ვითარცა ლერწამი.
8 შენი ნესტოების ქარით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ზვირთები, შენივთდა მორევი შუაგულ ზღვაში. 8 და სულისაგან გულისწყრომისა შენისა განიყო წყალი, შეჰყინდეს ვითარცა ზღუდენი წყალნი, შეჰყინდეს ღელვანიცა შუა ზღუასა.
9 თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი. 9 თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო და განვიყო ნატყუენავი და განვიძღო სული ჩემი, მოვსრა მახჳლითა ჩემითა, ეუფლის ჴელი ჩემი.
10 სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში. 10 მიავლინე სული შენი, და დაფარნა იგინი ზღუამან, დაჴდეს ვითარცა ბრპენი წყალსა შინა ფრიადსა.
11 ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი? 11 ვინ მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო? ვინ მსგავს შენდა წმიდათა შორის, დიდებული, საკჳრველ, დიდებათა შინა მოქმედი ნიშნებისაჲ?
12 მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი. 12 მიჰყავ მარჯუენე შენი, შთანთქნა იგინი ქუეყანამან.
13 ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში. 13 უძეღუ სიმართლითა შენითა ერსა შენსა ამას, რომელი იჴსენ, ნუგეშინის-ეც ძალითა შენითა ბანაკსა წმიდასა შენსა.
14 გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი. 14 ესმა წარმართთა და განრისხნეს და სალმობამან შეიპყრნა მკჳდრნი ფილსტიმისანი.
15 მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი. 15 მაშინ ისწრაფეს მთავართა ედომისათა, და მთავართა მოაბელთამან, ძრწოლამან შეიპყრნა იგინი, და დადნეს ყოველნი მკჳდრნი ქანანისანი.
16 დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი. 16 დაეცეს მათ ზედა შიში და ძრწოლაჲ, სიდიდითა მკლავისა შენისათა ქვა იქმნენ, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან, უფალო, ვიდრემდის წარვლოს ერმან შენმან ამან, რომელ მოიგე.
17 შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ! 17 შეიყვანენ და დაჰნერგენ იგინი მთასა მკჳდრობისა შენისასა განმზადებულსა სამკჳდრებელსა შენსა, რომელ ჰქმენ, უფალო, სიწმიდე, უფალო, რომელ განჰმზადეს ჴელთა შენთა, უფალო.
18 იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე! 18 უფალი მეფე არს საუკუნე და საუკუნესა და მერმეცა.
19 როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. 19 რამეთუ შევიდა ჰუნე ფარაოჲსი ეტლებითურთ და მჴედრებით ზღუად, და მოაქცია მათ ზედა უფალმან წყალი იგი ზღჳსაჲ. ხოლო ძენი ისრაჱლისანი ვიდოდეს ჴმელად შუა ზღუასა.
20 აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 20 და მოიღო მარიამ წინასწარმეტყუელმან, დამან აჰრონისმან, ებანი ჴელითა მისითა და განვიდეს ყოველნი დედანი შემდგომად მისსა ბობღნებისა თანა და მწყობრებისა.
21 ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. 21 ხოლო უპირობდა მათ მარიამ მეტყუელი:
22 დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი. 22 უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. ცხენი და მჴედარი შთასთხია ზღუასა. და აღიხუნა მოსე ძენი ისრაჱლისანი ზღჳით მეწამულით და მოიყუანნა იგინი უდაბნოდ სურდ. და ვიდოდეს სამთა დღეთა უდაბნოსა მას შინა და არა ჰპოებდეს წყალსა, რათამცა სუეს.
23 მიადგნენ მარას, მაგრამ მარაში წყალი ვერ დალიეს, მწარე იყო. ამიტომაც ეწოდება სახელად მარა (მწარე). 23 ხოლო მოვიდეს მერრანდ და ვერ ეძლო სუმად წყალი მერრანისაგან, რამეთუ იყო მწარე.
24 შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ? 24 და დრტჳნვიდა ერი მოსესთჳს და იტყოდეს: რაჲ ვსუათ?
25 შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი. 25 ხოლო ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ და უჩუენა მას უფალმან ძელი და შთააგდო იგი წყალსა და დატკბა წყალი. მუნ დაუსხნა ღმერთმან სამართალნი და მსჯავრი და მუნ გამოსცდიდა მას.
26 თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი. 26 და თქუა: უკუეთუ სმენით ისმინო ჴმისა უფლისა, ღმრთისა შენისა, და სათნონი წინაშე მისსა ჰყვნე და ყურად-იხუნე მცნებანი მისნი და დაიცვნე ყოველნი სამართალნი მისნი, ყოველი სნეულებაჲ, რომელი მოვაწიე მეგჳპტელთა ზედა, არა მოვაწიე შენ ზედა, რამეთუ მე ვარ უფალი, განმკურნებელი შენი.
27 მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს, წყლებთან. 27 და მოვიდეს ელიმდ, და იყვნეს მუნ ათორმეტნი წყარონი წყალთანი და სამეოცდაათნი ხენი დანაკისკუდთანი და დაიბანაკეს მუნ წყალთა მათ ზედა.